ბუნდესლიგა. XXXIV ტურის წინ: ლევან კობიაშვილი ზე რობერტოს დაეწევა!

AutoSharing Option
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული - გერმანიის 2011/2012 წლების ჩემპიონატი 5 მაისს, 34 ტურით მთავრდება.

ამ სეზონის სატურნირო ცხრილმა უკანასკნელი დღისთვის მხოლოდ ორი ინტრიგა დაგვიტოვა: მეშვიდე, ევროპალიგაში გამსვლელი ადგილის დაკავების თეორიული შანსი ოთხ გუნდს აქვს, პრაქტიკული კი მხოლოდ ორს - "ჰანოვერს", რომელიც ახლა სწორედ მეშვიდე ადგილზეა და "კაიზერსლაუტერნს" მასპინძლობს და "ვოლფსბურგს", რომელიც შტუტგარტში ჩადის.

ტურის უმთავრესი მოვლენა კი გადარჩენისთვის ბრძოლაა - მე-16 ადგილისთვის ორი გუნდი იბრძვის: "კიოლნი" ("ბაიერნს" მასპინძლობს) და ლევან კობიაშვილის "ჰერტა" ("ჰოფენჰაიმს" მიიღებს).

აღსანიშნავია ისიც, რომ დაძაბულია ბომბარდირობისთვის
ბრძოლაც - შალკელ კლაას-იან ჰუნტელაარს 27 გოლი აქვს გატანილი, ბაიერნელ მარიო გომესს კი - 26.

და კიდევ: დორტმუნდის "ბორუსიას" "ფრაიბურგთან" ამ კონკრეტული მატჩის მოგებით ისტორიაში შესვლის შანსი აქვს.

ჰერტას მხოლოდ სამი ქულა უნდა
ტურის მთავარი კითხვა კი, როგორც უკვე ვთქვით, ასე ჟღერს: ვინ გავარდება "კაიზერსლაუტერნთან" ერთად და ვის მოუწევს მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან ორრაუნდიანი დუელი.

ამ კითხვას პირველ რიგში "კიოლნისა" და "ბაიერნის" დაპირისპირება უპასუხებს - თუ "თხებმა" რეკორდმაისტერი დაამარცხეს, მე-16 ადგილს გაინაღდებენ, მაგრამ თუ ლუკას პოდოლსკი და კომპანია "ბაიერნთან" სამ ქულას ვერ აიღებენ, "ჰერტას" მიეცემა გადარჩენის შანსი.

ასეთ შემთხვევაში, ბერლინელებს სასურველი ადგილის დასაკავებლად "ჰოფენჰაიმის" დამარცხება დასჭირდებათ.

თამამად ვიტყვით: კობიაშვილის გუნდი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბერლინელებმა ბოლო ორი მატჩი სამარცხვინოდ ჩაატარეს (1:2 ბოლოადგილოსან "კაიზერსლაუტერნთან" და 0:4 გელზენკირხენში) და საკუთარ მოედანზე გამართულ შეხვედრებში საშინელი ბალანსი (3/3/10) აქვთ.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ კვირის დასაწყისში მთავარმა მწვრთნელმა ოტო რეჰაგელმა თუნაი თორუნი გუნდიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოკვეთა, "ჰოფენჰაიმის" დამრიგებელი მარკუს ბაბელი კი "ჰერტას" ემუქრება - ბერლინიდან ისეთი შეურაცხყოფილი წამოვედი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, "ჰერტა" ისევ მეორე ბუნდესლიგაში რომ დაქვეითდესო.

რაც შეეხება საკადრო საკითხებს: რეჰაგელს დისკვალიფიკაციამოხდილი ფეხბურთელები, ნიმაიერი და კობიაშვილი უბრუნდებიან, კრისიან ლელის თამაში კი უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა. რომ არა ეს დისკვალიფიკაცია, კობი უკვე ბუნდესლიგის ლეგიონერთა რეკორდსმენი იქნებოდა, მაგრამ 31-ე ტურში მიღებულმა წითელმა ბარათმა ამის შანსი არ დაუტოვა.

5 მაისს ლევანი აუცილებლად ითამაშებს და ეს მისი 336-ე მატჩი იქნება პირველ ბუნდესლიგაში, რითაც ბრაზილიელი ზე რობერტოს რეკორდს გაიმეორებს. თუ "ჰერტა" გადარჩება, ლევანს მომავალ სეზონში ამ რეკორდის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შანსი მიეცემა...

კობიაშვილმა მატჩის წინ გულშემატკივრებს ღია წერილით მიმართა (იხილეთ ვრცლად).

შეუძლია კიოლნს უმოტივაციო ბაიერნის დამარცხება?
მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ძირითადი შემადგენლობის არაერთ ფეხბურთელს დაასვენებს (რეკორდმაისტერს ხომ გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალები ელის), "კიოლნი" მაინც ურთულესი ამოცანის წინაშე დგას.

ვითარებას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ "თხების" ლიდერ ლუკას პოდოლსკის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. არადა, პოლდი (თუ ითამაშა) "კიოლნის" ფორმას უკანასკნელად მოირგებს - როგორც იცით, ლუკასი ლონდონის "არსენალში" გადადის.

აქვე კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმასაც, რომ "ჰერტას" გამარჯვების შემთხვევაში "კიოლნს" "ბაიერნთან" ფრე არ ჰყოფნის, რადგან "თხებს" ბერლინელებზე უარესი ბურთების სხვაობა აქვთ.

დაამყარებს დორტმუნდი მორიგ რეკორდს?
ქვესკნელიდან ცხრილის მწვერვალზე გადავინაცვლოთ: დორტმუნდის "ბორუსია" ჩემპიონია, მაგრამ "ფრაიბურგის" დამარცხების შემთხვევაში დორტმუნდელებს კიდევ ერთი ბწრყინვალე მიღწევით შეუძლიათ ისტორიის შექმნა.

მოგება "ბორუსიას" სეზონს 81 ქულით დაამთავრებინებს, რითაც იურგენ კლოპის გუნდი ყველა დროის ყველაზე უხვქულიანი ჩემპიონი გახდება.
ამასთან, დორტმუნდელები უკვე არიან ყველა დროის ყველაზე უხვქულიანი ჩემპიონები გასვლით მატჩებში აღებული ქულების მიხედვით.

გარდა ამისა, 5 მაისს დორტმუნდის პუბლიკა ლუკას ბარიოსს (ჩინეთში მიდის) დაემშვიდობება და დიდი შანსია, რომ ეს მატჩი "ბორუსიას" რიგებში უკანასკნელი იყოს შინჯი კაგავასთვისაც, რომელიც კარიერას სავარაუდოდ ინგლისში, კერძოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.

თუმცა "ბორუსიას" "ფრაიბურგთან" იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელის, რადგან ბრაისგაუელები ძალიან კარგ ფორმაში არიან (მეორე წრეში 27 ქულა აიღეს) და წინა ტურში "კიოლნი" 4:1 გაანადგურეს.

ბრძოლა ევროპალიგის საგზურისთვის
"ლევერკუზენს" და "შტუტგარტს" ევროპალიგაში თამაში გარანტირებული აქვთ, თუმცა შვაბებს ჯერ კიდევ შეუძლიათ "ფარმაცევტებისთვის" მეხუთე ადგილის ჩამორთმევა, რაც ამ დუელში გამარჯვებულს პირდაპირ ევროპალიგის ჯგფურ ეტაპზე მოახვედრებს.

"ბაიერი" "ნიურნბერგს" სტუმრობს, "შტუტგარტი" კი "ვოლფსბურგს" მასპინძლობს. ევროპალიგაში მოხვედრა ამ გუნდებსაც შეუძლიათ, თუმცა "ნიურნბერგის" შანსი ძალიან მცირეა, "ვოლფსბურგისა" კი - გაცილებით რეალური. თუ "მგლები" შტუტგარტში მოიგებენ, მეშვიდეადგილოსან "ჰანოვერს" ამ პოზიციის შესანარჩუნებლად, "კაიზერსლაუტერნთან" მხოლოდ სამი ქულა დასჭირდება.

ერთი სიტყვით, "ჰანოვერის" ბედი "ჰანოვერის" ხელშია - თუ მირკო სლომკას გუნდი აუტსაიდერს მოუგებს, მეშვიდე ადგილს დაიკავებს და ევროპალიგის ბოლო საგზურსაც (ზედიზედ მეორედ) მოიპოვებს.

ჰუნტელაარი თუ გომესი?
თუ "ჰანოვერიც" დამარცხდა და "ვოლფსბურგიც" (რაც ძალიან არარეალურია), მეშვიდე ადგილზე გასვლის შანსი "ვერდერსაც" ექნება - ბრემენელები "ჰანოვერს" სამი ქულით ჩამორჩებიან. მაგრამ "ვერდერი" საშინელ ფორმაშია და საკითხავია, შეუძლია კი ამ გუნდს ევროპაში გერმანული საკლუბო ფეხბურთის იმიჯის ტვირთის ღირსეულად ზიდვა?

ვიზეს (ჰოფენჰაიმში), როზენბერგის (მიზანი უცნობია) და მარინის (ჩელსიში) წასვლა გადაწყვეტილია, ბრემენულ კლუბს სავარაუდოდ სილვესტრი, ბოროვსკი, ბიონიში და პისაროც დატოვებენ - როგორც ხედავთ, "ვერდერში" დიდი წმენდაა.

"შალკეს" კი ასეთი პრობლემები არ აწუხებს - გელზენკირხენელებმა მესამე ადგილი და ჩემპიონთა ლიგაში თამაში უკვე გაინაღდეს. შესაბამისად,  გელზენკირხენული კლუბის ერთდაერთი მოტივაცია ჰუნტელაარის ბომბარდირობაა - ჰოლანდიელი პირველ ადგილზეა (27 გოლი) და ბაიერნელ გომესს (26) ერთი გოლით უსწრებს.

"აუგსბურგი"-"ჰამბურგი" და "მაინცი"-"გლადბახი" აბსოლუტურად უმოტივაციო შეხვედრებია.

გერმანია. ბუნდესლიგა. XXXIV ტური
5 მაისი
ნიურნბერგი-ლევერკუზენი 17:30
პირველ წრეში: 3:0
დისკვალიფიკაცია: ჩენდლერი (ნიურნბერგი)
ტრავმა: ჰლუშეკი, მენდლერი - კადლეცი, შვააბი, რენატო, სემი

კიოლნი-ბაიერნი 17:30
პირველ წრეში: 0:3
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდრეზინიო, სერენო, ჩიჰი, უთი - ბრენო, ვან ბუიტენი

ვერდერი-შალკე 17:30
პირველ წრეში: 0:5
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბარგფრედე, ექიჩი, იგნიოვსკი, კროოსი, მარინი, არნაუტოვიჩი - ფერმანი, ჰილდებრანდი, მეტცელდერი, პაპადოპულოსი, სარპეი, ობასი

აუგსბურგი-ჰამბურგი 17:30
პირველ წრეში: 1:1
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დე იონგი, ბა, გოგია - დრობნი, რაიკოვიჩი, ილიჩევიჩი, კაჩარი

ბორუსია (დ)-ფრაიბურგი 17:30
პირველ წრეში: 4:1
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოხი, ოვომოიელა - შუსტერი

ჰანოვერი-კაიზერსლაუტერნი 17:30
პირველ წრეში: 1:1
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პანდერი, მ. დიუფი - როდნი, შიმუნეკი, იორგენსენი, კუემაა

ჰერტა-ჰოფენჰაიმი 17:30
პირველ წრეში: 1:1
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფრანცი, მიატოვიჩი, ნოიმანი, ლუსტენბერგერი, დიურიჩინი - იაისლე, რობერტო ფირმინიო, ვაისი, ვილიამსი

შტუტგარტი-ვოლფსბურგი 17:30
პირველ წრეში: 0:1
დისკვალიფიკაცია: ნიდერმაიერი (შტუტგარტი)
ტრავმა: ტასკი, აუდელი - ფელიპე ლოპესი, დეჟაგა, ჰიტცლშპერგერი, ოროსკო

მაინცი-ბორუსია (მ) 17:30
პირველ წრეში: 0:1
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სვენსონი, ზაბავნიკი, რისსე, ზიდანი - მარქსი, ნორდტვეიტი

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 33 24 6 3 76-25 78
2. ბაიერნი 33 22 4 7 73-21 70
3. შალკე 33 19 4 10 71-42 61
4. ბორუსია (მ) 33 16 9 8 46-24 57
5. ლევერკუზენი 33 14 9 10 48-43 51
6. შტუტგარტი 33 14 8 11 60-44 50
7. ჰანოვერი 33 11 12 10 39-44 45
8. ვოლფსბურგი 33 13 5 15 45-57 44
9. ვერდერი 33 11 9 13 47-55 42
10. ნიურნბერგი 33 12 6 15 37-45 42
11. ჰოფენჰაიმი 33 10 11 12 40-44 41
12. ფრაიბურგი 33 10 10 13 45-57 40
13. მაინცი 33 9 12 12 47-48 39
14. ჰამბურგი 33 8 12 13 35-56 36
15. აუგსბურგი 33 7 14 12 35-49 35
16. კიოლნი 33 8 6 19 38-71 30
17. ჰერტა 33 6 10 17 35-63 28
18. კაიზერსლაუტერნი 33 4 11 18 23-52 23

ბომბარდირები
27 - ჰუნტელაარი (შალკე); 26 - გომესი (ბაიერნი); 20 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 18 - პოდოლსკი (კიოლნი); 17 - ჰარნიკი (შტუტგარტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული