მათიას ზამერმა ნახევარი სეზონი შეაჯამა

AutoSharing Option
"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა, რომელიც ამ თანამდებობაზე ზაფხულში დაინიშნა, რეკორდმაისტერში გატარებული ნახევარი სეზონი შეაჯამა.

45 წლის ფუნქციონერი, რომელიც ბავარიელებმა გერმანიის საფეხბურთო კავშირიდან გადაიბირეს, ამ ექვსი თვით კმაყოფილია და "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.

"სამწვრთნელო შტაბის სრული შეცვლა, როგორც ეს ლუის ვან გაალის დროს მოხდა, "ბაიერნში" ამიერიდან კატეგორიულად გამორიცხულია, - ამბობს ზამერი ხსენებულ ინტერვიუში, - რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ მწვრთნელის მოთხოვნები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახალი მწვრთნელისთვის ყოველთვის მხოლოდ ერთი ასისტენტის მოყვანა უნდა იყოს საკმარისი და ასეც იქნება."

მიუნხენურ გრანდში ჯერაც გაურკვეველია, ვინ იქნება მწვრთნელი გაისად - ისევ იუპ ჰაინკესი, რომელსაც ამ სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება, თუ ვინმე სხვა. ზამერისთვის ერთი რამ ცხადია: ვინც არ უნდა იყოს ის, მწვრთნელი უნდა მოერგოს "ბაიერნის" მოთხოვნებს და არა პირიქით.

"საერთო ჯამში, "ბაიერნში" გატარებული პირველი ექვსი თვით კმაყოფილი ვარ. აქ ყოველი დღე მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი.

კლუბის ხელმძღვანელები მენდობიან და მათ ამისთვის მადლობას ვუხდი, - აცხადებს ზამერი და დასძენს, - მინდა, რომ მიუნხენურ გრანდში ჩემი ერა შევქმნა. ჩემი სტრატეგიის განხორციელება დავიწყე და ვფიქრობ, ჩემი მუშაობა არა ახლა, ან გაისად, არამედ 3-4 წლის შემდეგ უნდა შეფასდეს.

იმედი მაქვს, რომ ამ დროში ბევრ რამეს მივაღწევთ. პრეზიდენტ ული ჰიონესთან და ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მათ იციან, რა უნდა მოითხოვონ ჩემგან და მე ვიცი, რა უნდა ვაკეთო "ბაიერნის" კეთილდღეობისთვის."

მათიასის აზრით, რეკორდმაისტერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდი მუდმივად მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს. ზამერი ფიქრობს, რომ ბუნდესლიგაში წარუმატებლობების მიზეზი უმეტესად ყოველთვის კონცენტრაციის დაქვეითება იყო ხოლმე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული