რეკორდმაისტერის ამომავალი ვარსკვლავები

AutoSharing Option
ამ ბიჭებმა შეიძლება დიდი ფეხბურთი ითამაშონ

„ბაიერნში“ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების ზამთრის შეკრებაზე წაყვანა ტრადიციად იქცა. 2013 წლის დასაწყისში მიუნხენური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა რეკორდმაისტერის მეორე გუნდიდან დოჰაში შემდეგი მოთამაშეები წაიყვანა:

მეკარე ლეოპოლდ ცინგერლე, ცენტრალური მცველი დანიელ ვაინი, თავდამსხმელი პატრიკ ვაინრაუხი და ცენტრალური ნახევარმცველი პიერ-ემილ ჰოიბერგი.

„დონ იუპი“ ოთხივეს უნიჭიერეს ფეხბურთელად მოიხსენიებს.

ნიჭიერი თავდამსხმელი მტრის ბანაკიდან
ამ ოთხეულიდან მხოლოდ ერთია ისეთი, რომელსაც „ბაიერნმა“ გასულ ზაფხულს პროფესიული კონტრაქტი გაუფორმა - პატრიკ ვაინრაუხს ვგულისხმობთ.

18 წლის თავდამსხმელი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის პირველ ტურში,
„ფიურტთან“ მატჩის განაცხადშიც კი იყო შეყვანილი, ისე კი რეგიონალლიგაში თამაშობს ხოლმე. ვაინრაუხს „ბაიერნის“ სარეზერვო გუნდში ამ სეზონში 22 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. გარდა ამისა, ვაინრაუხმა ამ სეზონში ხუთჯერ ითამაშა გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრებში, საფრანგეთთან 3:0-ზე მოგებულ მატჩში კი გოლის გატანაც მოახერხა. აქვე ვთქვათ, რომ ვაინრაუხი „ბაიერნში“ 2010 წლის ზაფხულში, თანაქალაქური „მიუნხენ 1860-ის“ ბავშვთა გუნდიდან გადავიდა.

ვაინი სტაბილური მცველია
მიუნხენელები ცენტრალურ მცველ დანიელ ვაინზეც დიდ იმედებს ამყარებენ. ამ უკანასკნელმა „ბაიერნის“ მეორე გუნდში, მეჰმეთ შოლის ხელმძღვანელობით 2012/2013 წლების სეზონში 24-დან 23 მატჩში იასპარეზა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეკორდმაისტერის პირველ გუნდთან უკვე ძალიან ახლოსაა.

როგორც იცით, ჰოლგერ ბადშტუბერის დაშავებისა და ჟერომ ბოატენგის დისკვალიფიკაციის შემდეგ ჰაინკესის განკარგულებაში მხოლოდ ორი ნომინალური ცენტრალური მცველია (დანტე და დანიელ ვან ბუიტენი). შესაბამისად, „დონ იუპი“ დოჰაში ვაინს განსაკუთრებით აკვირდება - უნდა, გაიგოს, რამე რომ იყოს, შეიძლება თუ არა ამ ახალგაზრდა ფეხბურთელის ნდობა სერიოზულ მატჩში.

ოთხეული შვაინის და მიულერის გზაზე?
„ბაიერნში“ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ მეკარე ლეოპოლდ ცინგერლესაც, რომელსაც სხვებთან ერთად, შანსი აქვს, რეკორდმაისტერში ისეთივე გზა გაიაროს, როგორიც თავის დროზე ბასტიან შვაინშტაიგერმა, თომას მიულერმა ან იმავე ბადშტუბერმა გაიარეს.

როგორც იცით, ეს ფეხბურთელები სწორედ „ბაიერნის“ აღზრდილები არიან.

ხსენებული ოთხეულიდან ყველაზე ახალგაზრდა პიერ-ემილ ჰოიბერგია. ფრანგული წარმოშობის მქონე 17 წლის დანიელი საყრდენი ნახევარმცველია და მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ჯერ კიდევ „ა-იუგენდს“ ეკუთვნის, რეგიონალლიგის გუნდში 16 მატჩი აქვს ჩატარებული.

ჰოიბერგს დანის 17-წლამდელთა ნაკრებშიც უთამაშია. ჩვენი გერმანელი კოლეგების მტკიცებით, ერთ-ერთი უნიჭიერესი ბაიერნელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული