მოსალოდნელი ტრანსფერი: კლოპმა კისლინგი მოითხოვა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" თავკაცმა იურგენ კლოპმა ამ უქმეებზე საინტერესო განცხადება გააკეთა - თუ რობერტ ლევანდოვსკი მართლაც "ბაიერნში" გადავა, ჩვენ ამ ტრანსფერს მომზადებულები შევხვდებითო.

პოლონელის მიუნხენში გადაბარგებაში ეჭვი უკვე აღარავის ეპარება და რაც შეეხება კლოპის წინადადების მეორე ნაწილს: ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, იურგენი "ლევერკუზენის" გოლეადორ შტეფან კისლინგს უმიზნებს. 29 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე ამ სეზონში 15 გოლი და 8 საგოლე პასია, რაც იმას ნიშნავს, რომ კისლინგი სწორედ ის კაცია, ვინც ლევანდოვსკის ღირსეულად შეცვლის.

"სანდო წყაროზე
დაყრდნობით შემიძლია გამცნოთ, რომ დორტმუნდელები კისლინგის ტრანსფერზე მუშაობენ და შტეფანის გადაბირება ძალიან უნდათ,"
- ეს 18 თებერვალს ექსფეხბურთელმა თომას ჰელმერმა გადაცემა "დოპელპასში" თქვა. მოგვიანებით ლევერკუზენელთა სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა განაცხადა, ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცითო. თუმცა, თავად ფეხბურთელის აგენტმა ალი ბულუთმა "ბილდს" უთხრა, დორტმუნდის დაინტერესებაზე მეც ბევრი რამ მსმენიაო. ერთი სიტყვით, ეს მართლაც სპეკულაციაზე მეტია.

კისლინგს "ლევერკუზენთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული და "ბილდის" ცნობით, მისი გადაბირება არა მარტო "დორტმუნდს", არამედ კიევის "დინამოსაც" უნდა. უკრაინელებს "ვერდერის" ფორვარდმა მარკო არნაუტოვიჩმა უარი შეუთვალა და ახლა ყურადღება სწორედ კისლინგისკენ მიმართეს.

ფიოლერი შტეფანის გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია და კიევში გადასვლას არც თვითონ ფეხბურთელი მოინდომებს, მაგრამ "დორტმუნდი" სხვა თემაა - "ბორუსია" გერმანიაში "ბაიერნთან" ერთად საუკეთესო მისამართი გახდა და ვფიქრობთ, ამ თემას გაგრძელება ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გაუპარსავი რუხი მგელი - ინტერვიუ რუდი ფიოლერთან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული