მათიას ზამერი: "იუვენტუსს" მხოლოდ ასე მოვუგებთ!

AutoSharing Option
დიდი შანსია, რომ "ბაიერნმა" გერმანიის ჩემპიონობა ამ შაბათსვე გაინაღდოს, რაც რეკორდმაისტერის კიდევ ერთი გრანდიოზული რეკორდი იქნებოდა - "ვერცხლის სინი" მარტში ხომ არავის მოუგია.

მაგრამ მიუნხენელები ზეიმს არ აპირებენ, რადგან გერმანიის ჩემპიონობა არსად გაექცევათ, სამშაბათს კი სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელით - ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა "იუვენტუსთან"! "ბაიერნის" 45 წლის სპორტული დირექტორი მათიას ზამერი "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში სწორედ ამ თემაზე საუბრობს.

- ჰერ ზამერ, თუ თქვენი ყოფილი კლუბი დორტმუნდის "ბორუსია" შაბათს კიდევ ერთ თქვენს ყოფილ კლუბს, "შტუტგარტს" ვერ მოუგებს, "ბაიერნს"
იმის შანსი მიეცემა, რომ ყველა დროის ყველაზე სწრაფი ჩემპიონობა გაინაღდოს. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- ჰო, შაბათს ჩვენ "ჰამბურგს" საღამოს ვეთამაშებით და იმ დროს უკვე გვეცოდინება "შტუტგარტისა" და "დორტმუნდის" შეხვედრის შედეგი, მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობთ. "ბაიერნმა" "ჰამბურგთანაც" უნდა მოიგოს და მომდევნო შეხვედრაშიც აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. სხვა დროს ჩემპიონობის ასე ნაადრევად განაღდებას ძალიან მაგრად ვიზეიმებდით, მაგრამ იმის გამო, რომ სამშაბათს "იუვენტუსთან" პირველი პაექრობა გვიწევს, ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი აღარ არის.

ერთი სიტყვით, გერმანიის ჩემპიონობის ამ შაბათს განაღდება ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ წინ "იუვენტუსთან" სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩია.

- ჰო, მაგრამ ეს ხომ პირველი ჩემპიონობა იქნება მას მერე, რაც "ბაიერნის" სპორტულ დირექტორად დაინიშნეთ?
- ცხადია, ბედნიერი ვიქნები, მაგრამ "იუვენტუსთან" თამაშის წინ თავს გრანდიოზული ზეიმის მოწყობის უფლებას ვერ მივცემთ. საჩემპიონო ზეიმი არსად გაგვექცევა - ყოველთვის შეიძლება მისი მოწყობა, "იუვენტუსთან" მატჩს კი სენტიმენტალური განწყობით ან გადაღლილები არ უნდა შევხვდეთ. ამ შეხვედრისთვის, პირველ რიგში, მენტალური სიძლიერეა აუცილებელი.

- ხომ არ გირჩევნიათ, რომ "ბაიერნმა" არა ამ შაბათს, არამედ მოგვიანებით გაიფორმოს გერმანიის ჩემპიონობა?
- არა, საქმე ასე ნამდვილად არაა. ჩვენი მიზანი "ჰამბურგის" დამარცხებაა და მერე მხოლოდ 72 საათი გვექნება იმისათვის, რომ "იუვენტუსთან" მატჩისთვის მოვემზადოთ. ერთი შეხედვით, "იუვე" თითქოს არაა მრისხანე გუნდი - ჰყავს სიმპათიური ბიჭები, რომლებზეც გოგონები აფრენენ. ამ ბიჭებს უმეტესად სანდომიანი გამოხედვა აქვთ და თბილადაც გიღიმიან, მაგრამ იმდენად ჭკვიანები არიან, რომ თუ ჭკუით არ ეთამაშები და უკომპრომისო ბრძოლას არ გაუმართავ, ისე მოგიგებენ, გაღიმებულს დაგტოვებენ და რაც მთავარია, წაგების მიზეზის გარკვევას თვეებს მოანდომებ.

"იუვენტუსი" კომპაქტური, ჭკვიანი, გამოცდილი, მრავლისმნახველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, მაგრამ "ბაიერნს" ნაღდად ვერ ჯობია! პირიქით: ჩვენ ვჯობივართ "იუვენტუსს", მაგრამ ამ გუნდის დასამარცხებლად ბევრი რამის გათვალისწინებაა საჭირო. ტურინული გრანდის გასაგდებად და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასასვლელად ერთი კი არა, რამდენიმე ერთმანეთზე უკეთესი გეგმა გვჭირდება. თუმცა ჯერ შაბათი და "ჰამბურგთან" მატჩი გველის.

- და მაინც: კონკრეტულად რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ "ბაიერნი" ჩემპიონობას შაბათსვე გაინაღდებს?
- ყველაფრის მიუხედავად, მაშინვე "იუვესთან" თამაშისთვის მზადებას დავიწყებთ. პირველი ეტაპი ფიზიკური და ფსიქიკური რეგენერაცია იქნება.

- ჰო, მაგრამ გართობას ყველას ვერ აუკრძალავთ. მაგალითად, როგორ უნდა აუკრძალოთ ზეიმი იმ ფეხბურთელებს, რომლებიც პირველად გახდებიან გერმანიის ჩემპიონები? ვგულისხმობთ მანუელ ნოიერს, დანტეს ან მარიო მანჯუკიჩს.
- არა მგონია, რომ პრობლემები შეგვექმნას, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც ჩვენ, ხელმძღვანელები ვეტყვით. ზაფხულის მერე უდიდესი შრომა იმისათვის გავწიეთ, რომ ვიყოთ იქ, სადაც ვართ და ახლა შეცდომების დაშვება არ შეიძლება. "ბაიერნი" ბრწყინვალე სეზონს ატარებს და ახლა ეს სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. "არსენალთან" წაგებას თუ არ ჩავთვლით, ფორმა არ დაგვიკარგავს და მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ თითქოს მოვეშვით. უბრალოდ, მთელ სეზონს უმაღლეს დონეზე მართლა ვერ ჩაატარებ - "ბაიერნშიც" ადამიანები მუშაობენ და თამაშობენ.

- პრობლემებს სად ხედავთ?
- პრობლემები არ გვაქვს, გასაუმჯობესებელი კი სამი რამაა: ლიდერებმა თავის თავზე ისევ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, გუნდმა ისევ ისეთი დისციპლინირებული ფეხბურთი უნდა ითამაშოს, როგორსაც პირველ წრეში თამაშობდა და ბურთის ფლობისას მეტი კრეატივი მოგვეთხოვება. "ბაიერნი" უკომპრომისო, დაუნდობელი გუნდი უნდა იყოს. ახლა სწორედ ის მომენტია, როცა საქმე სიმწიფეს ეხება და სწორედ ახლა გამოჩნდება, გვაქვს თუ არა იმის უნარი, რომ გარკვეულ სიტუაციაში იდეალური სიზუსტით ვიმოქმედოთ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ გუნდი გადაღლილია?
- არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს იმის უფლება, რომ დაღლაზე მელაპარაკოს. იუპ ჰაინკესმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბიჭებს ძალები შეენარჩუნებინათ. სწორედ მისი იდეალური როტაციის შედეგია ის, რომ მთელი გუნდი დღესაც ტოპ-ფორმაშია. თუ რომელიმე ფეხბურთელი ფიქრობს, რომ გადაღლილია, ამ დღეებში ყველაფერი უნდა გააკეთოს ძალების აღსადგენად. ეს თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის საკითხია.

ის ფაქტი, რომ ბუნდესლიგაში უდიდესი უპირატესობით ვლიდერობთ, სხვა ტურნირებზე ვერ დაგვეხმარება. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თავში არ აგვივარდეს - გერმანიის ჩემპიონობის რეკორდულ დროში განაღდება ამ მხრივ არაფერს ნიშნავს.

- არადა, ფეხბურთელებს მართლა ბევრი საფიქრალი აქვთ. მაგალითად, მიდის დისკუსიები არიენ რობენისა და მარიო გომესის მომავალზე. გარდა ამისა, ყველას აინტერესებს, რას და როგორ გეგმავს "ბაიერნში" ხოსეპ გვარდიოლა...
- პირობა დავდე და მის დარღვევას არ ვაპირებ: გვარდიოლას შესახებ ჩემგან სეზონის ბოლომდე ერთ სიტყვასაც ვერ მოისმენთ. ცხადია, ახლა არც იმ ფეხბურთელებზე მსურს საუბარი, რომლებმაც შეიძლება დაგვტოვონ ან შემოგვიერთდნენ. ახლა ყველაზე მთავარი აწმყოა, სხვა დანარჩენზე კი მერე ვილაპარაკოთ - როცა ამის დრო მოვა.

- ოტმარ ჰიტცფელდზე განაწყენებული ხომ არ ხართ?
- რატომ?

- იმიტომ, რომ მიუხედავად თქვენი და "ბაიერნის" სხვა ხელმძღვანელების თხოვნისა, მაინც ბევრს ლაპარაკობს გუნდის მომავალზე. ამას წინათ განაცხადა, დარწმუნებული ვარ, რომ რობენი მიუნხენიდან წავა და გვარდიოლას თომას მიულერი არ მოეწონებაო...
- არა, ოტმარისგან არაფერი მწყენია. მეც ვიყავი სატელევიზიო ექსპერტი და ვიცი, რა დღეშიცაა ხოლმე ასეთ დროს ადამიანი. ჰიტცფელდს ბევრ კითხვას უსვამენ და ისიც თავის მოსაზრებებს ამხელს. მთავარი ისაა, რომ ჰიტცფელდი აღარაა "ბაიერნის" ინსაიდერი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მათიას ზამერმა ნახევარი სეზონი შეაჯამა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული