ვინ შეცვლის თომას შააფს?

AutoSharing Option
თომას შააფის გათავისუფლების შემდეგ ბრემენის "ვერდერის" ხელმძღვანელებმა მისი შემცვლელის ძებნა ინტენსიურად დაიწყეს და უნდათ, რომ ახალი მწვრთნელი, რაც შეიძლება, მალე წარადგინონ, რათა ამ უკანასკნელს ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო ჰქონდეს.

მენეჯერ თომას აიხინის თქმით, ბრემენული კლუბის ახალი დამრიგებელი აუცილებლად გარედან მოვა, რადგან მიაჩნია, რომ კლუბში ამჟამად ღირსეული სპეციალისტი არ მუშაობს. "კიკერის" ცნობით, "ვერდერის" ბოსებს შააფის ადგილზე ახალგაზრდა, პერსპექტიული და ენერგიული მწვრთნელი სურთ. ზოგადად გერმანულ მედიაში კი "ვერდერთან" მიმართებაში არაერთი სპეციალისტის გვარი გაისმა.

გაზეთი "ბილდი" ირწმუნება, რომ "მუსიკოსების" ხელმძღვანელებისთვის ყველაზე სასურველი
კანდიდატი ტორსტენ ლიბერკნეხტია. ეს უკანასკნელი 39 წლისაა და ვისაც მისი გვარი არ ეცნო, ვეტყვით, რომ ლიბერკნეხტი "ბრაუნშვაიგის" დამრიგებელია. ეს გუნდი კი მომავალი სეზონიდან პირველ ბუნდესლიგაში ითამაშებს.

"კიკერის" ინფორმაციით, "ვერდერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტად "ფიურტიდან" გათავისუფლებული მაიკ ბიუსკენსი მოიაზრება და მასთან ერთად, საუკეთესო შანსი აქვს გერმანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ შტეფან ფროინდსაც, რომელიც ამჟამად ინგლისში მუშაობს და "ტოტენჰემის" თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაშის ასისტენტია.

გერმანულ პრესაში "ვერდერთან" მიმართებაში აქტიურად ახსენებენ მეორებუნდესლიგელი "დუისბურგის" თავკაც კოსტა რუნიაიცსა და შვეიცარიული "ბაზელის" ყოფილ დამრიგებელ ჰაიკო ფოგელსაც. აქტიურად განიხილება ბერნდ შუსტერის, ლოთარ მათეუსისა და მეჰმეთ შოლის კანდიდატურებიც. ამ უკანასკნელმა "ვერდერის" ხელმძღვანელებთან კონტაქტი უარყო. ჩვენი გერმანელი კოლეგები კი წერენ, რომ თითქმის გამოირიცხა შტეფან ეფენბერგის ვარიანტიც. კანდიდატად ჰოლგერ სტანისლავსკიც მიიჩნეოდა, მაგრამ "შპორტ აინსის" ინფორმაციით, "სტანიმ" ბრემენელებს უარი შეუთვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დიდი ერის დასასრული: შააფი გაუშვეს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული