"ვერდერის" ახალი შააფი დუტია!

AutoSharing Option
"ვერდერში" თომას შააფს რობინ დუტი შეცვლის - ეს ამბავი თითქმის გადაწყვეტილია.

ბრემენული კლუბის მენეჯერმა თომას აიხინმა გამოცემა "ვეზერ კურიერს" ოფიციალურად დაუდასტურა, რომ დუტთან, რომელიც ამჟამად გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორია, შეთანხმებას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ "ფრაიბურგისა" და "ლევერკუზენის" ყოფილი დამრიგებელი "ვერდერის" ახალი შააფი გახდება. მისი დანიშვნის საბოლოო დადასტურებამდე საფეხბურთო კავშირის პოზიციის დაფიქსირებაღაა დარჩენილი.

გერმანიის საფეხბურთო კავშირმაც დაადასტურა, რომ "ვერდერმა" და დუტმა 2016 წლამდე გაფორმებული კონტრაქტის გაწყვეტა ითხოვეს. პრეზიდიუმი დუტის საკითხს მომავალ კვირაში განიხილავს და ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ
დუტს "ვერდერში" წასვლის ნებას დართავენ.

"იმედი გვაქვს, რომ რობინ დუტი გათავისუფლების ფურცელს მიიღებს. მასთან მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ. დუტი სწორედ ის სპეციალისტია, რომლის დანიშვნა ყველაზე მეტად გვინდოდა. მიმაჩნია, რომ "ვერდერის" მთავარი მწვრთნელი სწორედ რობინი უნდა იყოს. იგი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და არაერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი სპეციალისტია," - ეს აიხინის სიტყვებია.

პეტერსენი სრულფასოვანი ბრემენელია
აქვე კიდევ ერთი სიახლე ბრემენული კლუბიდან: თავდამსხმელი ნილს პეტერსენი, რომელმაც ახლახან გასრულებული სეზონი "ვერდერში" არენდით გაატარა ("ბაიერნიდან" იყო განათხოვრებული), ამიერიდან სრულფასოვანი ბრემენელია. "მუსიკოსები" და ბავარიელები 24 წლის პეტერსენის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

ცენტრფორვარდი ნილს პეტერსენი "ბაიერნმა" 2010 წელს "კოტბუსიდან" გადაიბირა (მაშინ ნილსი მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა) და 2010/11 წლების სეზონში რეკორდმაისტერის ფორმით ბუნდესლიგის 9 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო, ჩემპიონთა ლიგაში კი სამჯერ ათამაშეს. მომდევნო სეზონიდან კი "ბაიერნმა" პეტერსენი "ვერდერში" გაანათხოვრა. ნილსი ბრემენულ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ტრანსფერის თანხა არ გახმაურებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვინ შეცვლის თომას შააფს?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული