იურგენ კლოპი: ახალ ვარსკვლავებს ჩვენც ვიყიდით!

AutoSharing Option
25 მაისის შემდეგ ბევრი მიიჩნევს, რომ "ბაიერნთან" დამარცხებულ "დორტმუნდს" მომდევნო სეზონში პრობლემები შეექმნება. ამ მოსაზრებას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს, მაგრამ ყველაზე საინტერესო გუნდის მწვრთნელის აზრია.

"ბორუსიას" 45 წლის თავკაცმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ პირველი ინტერვიუ "ბილდს" მისცა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

- ჰერ კლოპ, "ბაიერნთან" მარცხი უკვე მოინელეთ?
- რაღაც დონეზე... იმედგაცრუება და ტკივილი იმდენად დიდი იყო, რომ ამ ტრავმის მოშუშებას ბევრი დრო დასჭირდება. ბიჭების ცრემლიანი თვალების, მათი ემოციების დანახვა ჩემთვის ძალიან ძნელი იყო. უნიკალური შანსი გვქონდა, რომ ისტორიაში
შევსულიყავით, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა.

- მაგრამ უკმაყოფილების საფუძველი არ გაქვთ, რადგან თქვენმა გუნდმა ეს სეზონი მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა...
-
ჰო, კვირას ვისხედით და ერთმანეთს ზუსტად ამას ვეუბნებოდით. ცხადია, ყველამ ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაც სერიოზული მიღწევაა, მაგრამ ბოლო სამ წელიწადში ჩემი გუნდი ტიტულებსაც მიეჩვია და ამ სეზონში უტიტულოდ დარჩენამ დაგვამწუხრა.

- იმედგაცრუებას პირადად თქვენ როგორ გაუმკლავდით?
- გული ახლაც მტკივა, მაგრამ წაგება ჯანსაღად მივიღე. ჩემი მხრიდან უსამართლობა იქნებოდა ის, რომ მეთქვა, ჩემს გუნდს უნდა მოეგო-მეთქი. სახლში მისულმა ვერცხლის მედალი გერმანიის ჩემპიონობისთვის და თასისთვის აღებული მედლების გვერდით დავკიდე და მიმაჩნია, რომ ის არცერთ მედალზე ნაკლები არაა. ლონდონი ოლიმპიური ქალაქია და ჩვენ იქ ვერცხლი ავიღეთ - ცხოვრებაში ამაზე გაცილებით უარესი რაღაცებიც მინახავს...

- დღე ისე არ გავა, რომ რობერტ ლევანდოვსკიზე მორიგი სპეკულაცია არ გავრცელდეს. დარჩება პოლონელი გოლეადორი დორტმუნდში?
- "ბაიერნს" ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მოუმართავს და მეც ჯერ კიდევ იმედს ვიტოვებ, რომ რობერტი ჩვენთან დარჩება. მინდა, რომ ლევანდოვსკის ამბავი მალე გაირკვეს და მითქმა-მოთქმა დასრულდეს.

- "ბაიერნში" რომ გადავიდეს, ლევანდოვსკის გაუნაწყენდებით?
- განაწყენება ან გაბრაზება აქ არაფერ შუაშია. შექმნილ ვითარებას და მის განვითარებას პროფესიონალის თვალით ვუყურებ. ყველაფერი შესაძლებელია და ვნახოთ, რა მოხდება. პირადად მოვლენების ნებისმიერი სახით განვითარებისთვის მზად ვარ. სასაცილო ისაა, რომ ყველა ისე იქცევა, თითქოს ლევანდოვსკის ტრანსფერი გადაწყვეტილი იყოს. იუპ ჰაინკესმაც ასე თქვა, რობერტის მრჩეველიც ასე ლაპარაკობს, ჩვენ კი "ბაიერნისგან" წინადადება არ მიგვიღია. რას ნიშნავს ეს? თქვენ მოგწონთ ასეთი მიდგომა?

- ბუნდესლიგას უკვე ყველა აქებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, გერმანიის ჩემპიონატმა ესპანეთის და ინგლისისას გაასწრო?
- არა, ამდენი რამ ნაღდად არ შეცვლილა. მიუნხენის "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ყოველ წელს შეუძლია - განსხვავება ის იყო, რომ ახლა ჩვენც ფინალში გავედით. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ბუნდესლიგა უკვე პირველია. ჩვენს ადგილზე ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" რომ ყოფილიყო, ყველა იტყოდა, ჩვეულებრივი ნახევარფინალებიაო - სენსაცია მხოლოდ ჩვენ მოვახდინეთ.

- გიოტცე "ბაიერნში" მიდის და შესაძლოა, ლევანდოვსკიც მიჰყვეს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დორტმუნდის "ბორუსიაში" ძირეული ცვლილებები და რეორგანიზაცია იწყება?
- გაზეთებში წერენ, "დორტმუნდს" რთული სეზონი ელისო, მაგრამ ეს მოსაზრება სისულელედ მიმაჩნია. "ბორუსია" საკმარისად ძლიერი გუნდია იმისათვის, რომ პოზიციები შეინარჩუნოს. ცხადია, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება - ვიღაცები ალბათ დაგვტოვებენ, მაგრამ რადიკალურ ცვლილებებზე საუბარი არასწორია. პირადად მე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი.

- რამდენ ხმაურიან ტრანსფერს განახორციელებს "ბორუსია" ზაფხულში?
- რაოდენობაზე საუბარი არ მინდა. ფაქტი ისაა, რომ ტრანსფერებზე ვმუშაობთ. ფანებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ, ახალ ვარსკვლავებს ჩვენც ვიყიდით! შემიძლია, გულშემატკივრებს დავპირდე: ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება!

- როგორ ფიქრობთ, "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგაში გაისადაც მოწოდების სიმაღლეზე იქნება?
- ვერ ვიტყვი, გაისად ჩემპიონთა ლიგას ჩვენ მოვიგებთ-მეთქი - ეს ხომ ყველაზე დიდი სისულელე იქნებოდა. ახლა პრესინგის მანქანას ვქმნი! მხოლოდ სეზონის დაწყების შემდეგ გამოჩნდება, სად რა შანსები ექნება "დორტმუნდს" და პრიორიტეტებსაც ამის მიხედვით განვსაზღვრავთ.

- მომავალი სეზონისთვის გასაუმჯობესებელი რა გაქვთ?
- ბოლო სამ წელიწადში ეს პირველი სეზონი იყო, რომელიც ძალიან კარგად წარიმართა, მაგრამ სრულყოფილი არ ეთქმის. გამოჩნდა, რომ საქმე საკმარისზე მეტია - უკანა ხაზს პრობლემები შეექმნა და უნდა აღმოვფხვრათ. ჩვენი თამაში ისევ ძალიან ინტენსიური უნდა გახდეს.

- თქვენ ფიქრობთ, რომ მომდევნო სეზონში "ბაიერნს" უფრო სერიოზულ კონკურენციას გაუწევთ?
- (იცინის) "ბაიერნს" ხომ მხოლოდ ორჯერ ვეთამაშებით?! ამ სეზონში "რეკორდმაისტერთან" ბუნდესლიგაში ორი ფრე გავაგორეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 25 ქულა, რომლითაც მიუნხენურმა გრანდმა გვაჯობა, სხვა მეტოქეებთან დავკარგეთ...

- რა იქნება "დორტმუნდის" მიზანი მომდევნო სეზონში?
- ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, ისევ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება და ნურავინ იფიქრებს, რომ ეს ადვილი ამოცანაა. მომდევნო სეზონში "ლევერკუზენი" და "შალკეც" მეტს მოისურვებენ, ტრადიციულად იარსებებს ერთი-ორი სენსაციური გუნდიც...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი: ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ აუცილებლად ვითამაშებთ ფინალში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული