ფრანკ რიბერიმ ხელი მოაწერა!

AutoSharing Option
ახლახან ფრანკ რიბერის ინტერვიუ შემოგთავაზეთ, რომელშიც "ბაიერნის" ფრანგი ლიდერი ამბობდა, მიუნხენურ გრანდში ისეთი სიტუაციაა და თავს იმდენად კარგად ვგრძნობ და ყველას ისე ვენდობი, რომ აქ კონტრაქტი არაფერში მჭირდება, მაგრამ ვიცი, რომ იურიდიული მხარე აუცილებელია და ახალ ხელშეკრულებას მალე გავაფორმებო.

ვერ გეტყვით, ფორმალური პროცესი ამ ინტერვიუმ დააჩქარა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ 6 ივნისს "ბაიერნმა" რიბერისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების ამბავი ოფიციალურად დაადასტურა.

30 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ხელშეკრულებას ვადა ახლა, 2015-ის ნაცვლად, 2017
წლამდე აქვს.

თუკი რიბერისთან თანამშრომლობის წინასწარ გახანგრძლივება მოსალოდნელი, ლოგიკური და გადაწყვეტილი იყო, ცოტათი მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რომ ბავარიელებმა ახალი კონტრაქტი ბელგიელ მცველ დანიელ ვან ბუიტენსაც გაუფორმეს - ეს უკანასკნელი მიუნხენურ გრანდში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.

"გვიხარია, რომ ჩვენი გუნდის ორ მნიშვნელოვან ფიგურას ახალი კონტრაქტები გავუფორმეთ. ფრანკმა და დანიელმა ამ სეზონში "ბაიერნისთვის" ძალიან ბევრი გააკეთეს. კარგია, რომ ორივე ჩვენთან რჩება," - აღნიშნა "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

შეგახსენებთ, რომ რიბერი უკვე ძირძველი ბავარიელია - ფრანკი რეკორდმაისტერში 6 წელია თამაშობს (თავის დროზე "მარსელიდან" გადავიდა). მას მერე რიბერიმ ბუნდესლიგაში 156 მატჩში 53 გოლი გაიტანა და 78 საგოლე გადაცემა გააკეთა. "მიუნხენში ბედნიერი ვარ და ამიტომაც ვრჩები. ფანებს შევპირდი, რომ კონტრაქტს აუცილებლად გავაგრძელებდი და აი, დაპირება შევასრულე კიდეც. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის "ბაიერნი" მეორე სამშობლო და სახლი გახდა. დარწმუნებული ვარ, რომ "ბაიერნი" გაისადაც წარმატებული იქნება," - ეს კი თავად ფრანგის სიტყვებია.

ფაქტია, რომ გასული სეზონი რიბერის კარიერაში საუკეთესო იყო. რიბომ ჩემპიონთა ლიგაშიც შესანიშნავად ითამაშა, განსაკუთრებით კი ბუნდესლიგაში ბრწყინავდა, სადაც 27 შეხვედრაში 10 გოლი და 15 საგოლე პასი მიითვალა ("კიკერის" საშუალო შეფასება 20,10 ბალი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია მთელ ბუნდესლიგაში).

რაც შეეხება დანიელ ვან ბუიტენს - ეს უკანასკნელი რეკორდმაისტერში რიბერიზე ერთი წლით ადრე, 2006-ში "ჰამბურგიდან" გადავიდა. ბელგიელმა მას მერე "ბაიერნის" ფორმა ბუნდესლიგის 146 შეხვედრაში მოირგო და 19 გოლი გაიტანა, რაც ცენტრალური მცველის კვალობაზე კარგი შედეგია.

"დღესდღეობით "ბაიერნზე" უკეთესი, უფრო სოლიდური ან უფრო წარმატებული გუნდი, უბრალოდ, არ არსებობს," - განაცხადა აყლაყუდა ვან ბუიტენმა კონტრაქტის გაფორმებისას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფრანკ რიბერი: "ბაიერნში" კონტრაქტიც კი არ მჭირდება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული