კარლ-ჰაინც რუმენიგე: გერმანია მსოფლიოს ჩემპიონი გახდება!

AutoSharing Option
სანამ სატრანსფერო ორომტრიალი გახურდება, გერმანული ფეხბურთის მთავარ თემად მიუნხენის "ბაიერნი" და მისი ტრიუმფული სეზონის შეჯამება რჩება.

ვფიქრობთ, რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს ინტერვიუ, რომელიც "ბილდში" გამოქვეყნდა, მხოლოდ "ბაიერნისა" და გერმანული ფეხბურთის მოყვარულებს არ დააინტერესებთ.

67 წლის რუმენიგე ზღაპრულ სეზონს აჯამებს და "ბაიერნისა" და ზოგადად, გერმანული ფეხბურთის მომავალზე საუბრობს. ყველაზე საინტერესო კი ის უნდა იყოს, თუ რას ელის კალე ხოსეპ გვარდიოლასგან.

- ჰერ რუმენიგე, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდგომ ზეიმზე და მერეც, გერმანიის ჰეთ თრიკის აღსანიშნავ საღამოზე ისე ცეკვავდით, როგორც ახალგაზრდობაში. ცეკვის გაკვეთილები
დანტემ ხომ არ ჩაგიტარათ?
- (იცინის) დანტეს აქეთ ვასწავლი ბევრ რამეს... ისე, ამდენი მართლა დიდი ხანია, არ მიცეკვია, მაგრამ ხომ იცით, რამდენიმე ჭიქა წითელი ღვინო თვით ვესტფალიელსაც კი სწორად აცეკვებს...

- ჰეთ თრიკმა საფეხბურთო მიუნხენი ჭკუიდან შეშალა...
- ვფიქრობდი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ბიჭები მოეშვებოდნენ, ბევრს დალევდნენ და გერმანიის თასის ფინალის მოგება გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ამ "ბაიერნს" კონცენტრაციის პრობლემა არ ექმნება!

- ერთ სეზონში სამივე ტიტული აქამდე არცერთ გერმანულ კლუბს არ ჰქონდა მოგებული. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეს "ბაიერნი" ყველა დროის საუკეთესო გერმანული კლუბია და თვით ბეკენბაუერის დროინდელ, 70-იანი წლების "ბაიერნსაც" სჯობია?
- საუკეთესო თუ არა, მინიმუმ, ერთ-ერთი საუკეთესოა. ასე იმიტომ ვამბობ, რომ იმ "ბაიერნმა" ჩემპიონთა თასი სამჯერ აიღო! თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, გაცილებით რთულია, ვიდრე 70-იანებში იყო. "ბაიერნის" ამჟამინდელი წარმატებები 2001 წლის ტრიუმფზე მაღლაც დგას. ასე რომ, ეს "ბაიერნი" მართლაც ყველა დროის საუკეთესოა.

დაუჯერებელია, როგორი კონცენტრაციით იასპარეზა გუნდმა სამივე ტურნირზე. არ მახსოვს, რომ გუნდს მთელი სეზონი ასე სტაბილურად და უნაკლოდ ჩაეტარებინოს.

- თუმცა 70-იანი წლების გმირები 1972 წელს ევროპის, 1974-ში კი მსოფლიოს ჩემპიონებიც გახდნენ...
- თუკი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი გერმანული კლუბი გავიდა, ეს იმის მტკიცებულებაცაა, რომ გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობა შეუძლია. ამ თაობას გაისად მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონობა უნდა მოვთხოვოთ. ეს ის შემთხვევაა, როცა მოკრძალებულობას აზრი არ აქვს. პროგრამა მინიმუმი აღარ არსებობს - არსებობს მხოლოდ მაქსიმუმი და მე მჯერა, რომ 18-წლიანი უტიტულობის შემდეგ გერმანია მსოფლიოს ჩემპიონი გახდება.

- ფაქტია, რომ შარშან, ჩემპიონთა ლიგის ფინალის საკუთარ მოედანზე წაგებამ ძალიან დაგწყვიტათ გული; ახლა კი ბედნიერი ხართ, რომ "ბაიერნმა" ეს თასი მოიპოვა. რომელი განცდა იყო უფრო მძაფრი - შარშანდელი წყენა თუ ახლანდელი სიხარული?
- ორივე განცდა უმძაფრესი იყო. "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ ჩვენი ფანების სახეები არასდროს დამავიწყდება. ასევე არასდროს დამავიწყდება ული ჰიონესის სახე უემბლის ფინალში, მსაჯის სასტვენის შემდეგ. 85-ე წუთზე ულიმ მითხრა, ახლა თუ კონტრშეტევაზე არ გამოგვიჭირეს, დამატებით დროში უნდა მოვიგოთ, პენალტების სერიას ალბათ ვეღარ გადავიტანო. მე ვუთხარი, არხეინად იყავი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბოლო წუთებზე ორჯერ წავაგეთ, ახლა კი იმის დროა, რომ ჩვენ მოვიგოთ ბოლო წუთებზე-მეთქი.

- ასეც მოხდა...
- უმძიმესი წნეხი მოგვეხსნა. წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, ეს ფინალიც რომ წაგვეგო? ფაქტია, რომ ეს ათწლეულის უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო, რომლის წაგება არაფრით არ შეიძლებოდა.

- "ბაიერნს" დიდებული სეზონი ჰქონდა, ული ჰიონესს და თქვენ კი გადასახადებთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ...
- წარმოდგენა არ მქონდა, რომ ნაჩუქარი საათებიც უნდა განმებაჟებინა. თუმცა ჩემი ამბავი ჰიონესის საქმესთან რა მოსატანია... ული ჩემი მეგობარია, მეგობრობა კი მე ასე მესმის: თანადგომა ურთულეს პერიოდშიც. ჰიონესმა იცის, რომ ჩემი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეს.

- ჯერ კიდევ გერმანიის ჩემპიონობის განაღდებამდე თქვით, "ბაიერნი" ბუნდესლიგას და ჩემპიონთა ლიგას თუ მოიგებს, იუპ ჰაინკესი გრანდიოზულ ეტლში უნდა ჩავსვათ, რომელსაც ოთხ თეთრ ცხენს შევაბამთ და ასე უნდა გავაცილოთო. იუპს იდეა არ მოეწონა?
- მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სურათს სიამოვნებით ვნახავდი, ეს სერიოზულად არ მითქვამს. თან, მართლა არა მგონია, რომ ჰაინკესს ასეთი იდეა მოსწონებოდა. მე მას ვუთხარი, "ბაიერნიდან" გაცილების ორი გზა არსებობს - ან დიდი კარიდან უნდა გახვიდე, ანაც საიდუმლო გასასვლელიდან-მეთქი. მიხარია, რომ დიდი კარიდან გასვლა ამჯობინა.

- გეშინოდათ, რომ "რეალში" წავიდოდა?
- არა, რატომ? სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მქონდა, რას აპირებდა და ვერც ვერაფერს ვვარაუდობდი. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მინიმუმ ერთი წლით დასვენება რომ ამჯობინა.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, ჰაინკესს ხოსეპ გვარდიოლასთვის ერთი ტიტული მაინც დაეტოვებინა მოუგებელი?
- არა! პირადად მე სეზონის მიწურულს უკვე ყოველდღე ვამბობდი, ყველაფერი უნდა მოვიგოთ, რაც მაგიდაზე დევს-მეთქი! გვარდიოლამ სამივე ტიტული მოგვილოცა. ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ვესაუბრე და ისეთი აღტკინებული იყო, რომ ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, ძალიან უნდოდა, რომ "ბაიერნს" ფინალი მოეგო და იცით, რატომ? ისევე, როგორც მე, გვარდიოლაც ფიქრობდა, რომ ბოლო ოთხ წელიწადში მესამე ფინალის წაგება ფსიქოლოგიურ ხვრელში ჩაგვაგდებდა და მერე მას ძალიან გაუჭირდებოდა ამ თასის მოგება. "დორტმუნდთან" რომ წაგვეგო, გუნდისა და მთელი სტაფის თავიდან მოტივირება ძალიან ძნელი იქნებოდა.

- ჰაინკესი ამბობს, გვარდიოლას სრულყოფილ გუნდს ვუტოვებო. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ასეთი რამ თქვა ფრანც ბეკენბაუერმა 1990 წლის მუნდიალის ფინალის შემდეგაც, როცა გერმანიის ნაკრებს ბერტი ფოგთსს აბარებდა...
- ფაქტია, რომ მაშინ ამ განცხადებით ფრანცმა ბერტს კარგი საქმე არ გაუკეთა და მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არც ჰაინკესის ეს განცხადებაა გვარდიოლასთვის კარგი, არსებობის უფლება ნამდვილად აქვს. თუმცა ეს "ბაიერნი" მართლა სრულყოფილი გუნდია!

რამდენიმე დღის წინ იუპთან ერთად ყავას ვსვამდი, როცა მითხრა, ძალიან მაგარი მწვრთნელი მოგყავთო. ჰაინკესის აზრით, გვარდიოლა შესანიშნავი ადამიანი და უმაღლესი კლასის სპეციალისტია. მე დავინახე, რომ ჰაინკესს ოდნავადაც არ შურს გვარდიოლასი.

- ასეთი წარმატებული სეზონის შემდეგ გუნდი "დანაყრებულია" ხოლმე და არსებობს იმის საშიშროება, რომ მოტივაციის პრობლემები შეიქმნას...
- ასეთი საშიშროება მართლაც არსებობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოტივაციის პრობლემა არ შეიქმნება, რადგან გუნდს ახალი მწვრთნელი ეყოლება. გვარდიოლას მოსვლით "ბაიერნში" ყველა საათი ნულზე დგება და ახალი ცხოვრება იწყება. ამიტომაც არა მგონია, რომ ფეხბურთელებმა თავი მშვიდად იგრძნონ. მართალია, სწორედ ახლა გვყავს ისეთი გუნდი, როგორსაც ვნატრობდით, მაგრამ წარმატება ყოველ წელს თავიდან იძერწება და ახლაც ასე იქნება.

თანაც, უეფას რეიტინგში პირველ ადგილზე ჯერ კიდევ "ბარსელონაა". არ დაგვავიწყდეს, რომ კატალონიური გრანდი ზედიზედ ექვსი წლის მანძილზე მინიმუმ ნახევარფინალში გადიოდა.

- ბუნდესლიგის ფეხბურთელებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ფრანკ რიბერი დაასახელეს...
- რიბერი "ბაიერნში" 2007 წელს გადმოვიდა და მაშინ ისეთი ფეხბურთელის იმიჯი ჰქონდა, რომელიც ერთ კლუბში 2 წელიწადზე დიდხანს ვერ ჩერდება... ექვსი წელია, რიბერი ჩვენთან თამაშობს, ახლა კონტრაქტი კიდევ გააგრძელა და იმასაც ამბობს, რომ კარიერის დამთავრება სწორედ "ბაიერნში" უნდა. ვფიქრობ, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. რიბერი ამ სეზონი მართლაც გრანდიოზული იყო.

- რობერტ ლევანდოვსკის "ბაიერნში" არ უშვებენ, "დორტმუნდს" კი მიუნხენიდან მარიო მანჯუკიჩისა და ჯერდან შაჩირის წაყვანა უნდა...
- ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმას, რომ რობერტს "ბორუსიასთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. რაც შეეხება მანჯუკიჩსა და შაჩირის - მათი გასხვისება ჩვენს გეგმებში არ შედის. მარიოს და ჯერდანს არც ლევანდოვსკიში გავცვლით, რადგან ორივე ფეხბურთელით ძალიან კმაყოფილები ვართ. მანჯუკიჩმა "უემბლიზე" უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და ზოგადად, მთელი სეზონი შესანიშნავად ჩაატარა. შაჩირი კი "ბაიერნის" მომავალია.

- რაფინია "შალკეს" უნდაო...
- რაფინიაც ჩვენთან რჩება. ვიცი, რომ გელზენკირხენელებს მისი გადაბირება ძალიან უნდათ, მაგრამ ჩვენც ძალიან გვინდა, რომ ყველა პოზიციაზე მინიმუმ ორი კარგი ფეხბურთელი გვყავდეს. ეს სეზონი სწორედ ასეთი ფილოსოფიის გამო იყო ასეთი წარმატებული და "ბაიერნი" ფილოსოფიის შეცვლას არ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბასტიან შვაინშტაიგერი: უფრო მეტი ტიტული მომინდა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული