მიხაელ ბალაკი, "ჩელსი" და ჟოზე მოურინიო

AutoSharing Option
მიხაელ ბალაკმა კარიერა ერთი წლის წინ "ლევერკუზენის" ფეხბურთელის რანგში დაასრულა. ამის მიუხედავად გერმანელი ლონდონში ისევ დიდ დროს ატარებს, თუმცა კი "სტემფორდ ბრიჯს" იშვიათად თუ სტუმრობს.

ლაიპციგში ჩატარებული გამოსამშვიდობებელი შეხვედრის შემდეგ ერთი კვირის წინ მან მიკაელ ესიენის მიერ განაში მოწყობილ საქველმოქმედო შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც "ჩელსის" ვებგვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მრავალ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მიხაელმა აღნიშნა, რომ უკვე შეეჩვია ცხოვრებას უფეხბურთოდ და ჯერჯერობით ის მხოლოდ გეგმავს, თუ რითი დაკავდება სამომავლოდ.

- ყოველთვის მიყვარდა "ჩელსის" გამო ლონდონში ჩამოსვლა, რადგან ეს
ყოველთვის ნიშნავს, რომ ქალაქში სეირნობის შანსი მეძლევა. "სტემფორდ ბრიჯი" ბრწყინვალე სტადიონია შესანიშნავ უბანში. აქ უამრავ ადამიანს ვიცნობ და სულ ვგრძნობ ხოლმე, რომ ისინი სულითა და გულით მელოდებიან. სწორედ ამიტომ არის, რომ დრო და დრო ვბრუნდები ხოლმე.

მიხარია, რომ კარიერა დავასრულე. აქტიური კარიერისას ასეთ ცხოვრებას ვერც კი წარმოვიდგენდი, რადგან ყოველდღე ვვარჯიშობდი და სულ მუდამ სადღაც მეჩქარებოდა. კონცენტრაციას მხოლოდ ფეხბურთზე ვახდენდი. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამჟამად საქმე არაფერი მაქვს.

პირიქით, ახლაც არანაკლებ დატვირთული ვარ, მაგრამ ხალხს ჰგონია, რომ ვუსაქმურობ და ათასი შეკითხვითა და თხოვნით მომმართავს. რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს, ოჯახს მეტ დროს ვუთმობ. ცხოვრებით ვტკბები და ხანდახან ტაიმაუტის უფლებასაც ვაძლევ ხოლმე ჩემს თავს. ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ჩემს მომავალთან დაკავშირებით.

"ჩელსიში" ჟოზე მოურინიოს დაბრუნება დიდად არ გამკვირვებია, რადგან გაზეთებში ხშირად ვკითხულობდი, რომ ეს უნდა მომხდარიყო. ჟოზე საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია და ალბათ ესმის, რომ როცა ამხელა პაუზის შემდეგ სადღაც ბრუნდები, ბევრი რამ შეცვლილი დაგხვდება. ლონდონში მის საქმიან რეპუტაციას არასდროს ჩრდილი არ მისდგომია. ის უყვართ ინგლისში და არამხოლოდ "ჩელსის" გულშემატკივრებს. მასმედიაში კი მის მიმართ, როგორც ყოველთვის, განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს.

ჟოზე "ჩელსიდან" წასვლის შემდეგაც ძალიან წარმატებული იყო. მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო და დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ლონდონში მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენ ყოველთვის მშვენიერი დამოკიდებულება გვქონდა.

ის ჩემს გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზეც ჩამოვიდა. მჯერა, რომ ძველებურად ერთგულად შეუძლია თავისი საქმის კეთება. არადა, "რეალიდან" წასვლის შემდეგ მას ხანგრძლივი ტაიმაუტის აღებაც შეეძლო. მისი დაუოკებელი ლტოლვა სამუშაოსკენ იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ სურს ტიტულების მოგება. "ჩელსის" კი ზუსტად ეს უნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიხაელ ბალაკი დიდი ფეხბურთიდან ელიტამ გააცილა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული