"დონ იუპის" განცხადება უფრო სამწვრთნელო კარიერის დამთავრების ნიშანი იყო, მაგრამ რაკი თქვა, სიტყვა "სამუდამოდ" არ მიყვარსო, საფეხბურთო გერმანიაში მაშინვე სპეკულაციების ახალი ტალღა აგორდა - ჰაინკესი "რეალში" იმიტომ არ მიდის, რომ გაისად გერმანიის ნაკრების ჩაბარება უნდაო. ასეთ ვარაუდს მართლაც ჰქონდა არსებობის უფლება, რადგან ამჟამინდელ ბუნდესმწვრთნელ იოახიმ ლიოვს გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი მართლაც სწორედ გაისად, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ უმთავრდება,
"იმ პრესკონფერენციის შემდეგ ბევრი ითქვა და დაიწერა, ყველა თავისას ამბობს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადებებში შესწორებები შევიტანო. სიტყვა "სამუდამო" მართლაც არ მიყვარს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მწვრთნელად მუშაობას აღარ ვგეგმავ. მიმაჩნია, რომ ეს სეზონი ჩემი სამწვრთნელო კარიერის ღირსეულზე ღირსეული დასასრული იყო და მუშაობაზე აღარ ვფიქრობ," - განაცხადა 68 წლის ჰაინკესმა "შპიგელისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
"ბევრმა იფიქრა ასე, მაგრამ ყველას ვუპასუხებ: არ მაქვს იმის ამბიცია, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდე".
იუპი: გვარდიოლას წარმატებებს ვუსურვებ!
"კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჰაინკესი "ბაიერნის" მომავლისა და მისი შემცვლელის, ხოსეპ გვარდიოლას შესახებაც საუბრობს:
"ბაიერნის" ხელმძღვანელებმა პეპის დათანხმებით სწორი, მეტიც, იდეალური გადაწყვეტილება მიიღეს. კლუბის ხელმძღვანელებს ჩემი შემცვლელი რომ ვერ ეპოვათ, შესაძლოა, დავრჩენილიყავი, მაგრამ ასეთი დასასრულითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ფაქტია, რომ გვარდიოლაც კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან ვუტოვებ გუნდს, რომელიც იდეალურად ფუნქციონირებს.
ვიცი, რომ ამ განცხადების გამო ერთხელ უკვე გამაკრიტიკეს, გვარდიოლას წნეხის ქვეშ აქცევსო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას. აბა, რომელი გუნდი სჯობია დღეს "ბაიერნს"? რეკორდმაისტერი იდეალური კოლექტივია!
პეპ გვარდიოლას, რა თქმა უნდა, წარმატებებს და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, რადგან ის ჩემს გუნდს ჩაიბარებს. თუკი "ბაიერნი" გაისადაც მოიგებს როგორც ბუნდესლიგას, ისე ჩემპიონთა ლიგას და გერმანიის თასს, უბედნიერესი ვიქნები. ასეთ შემთხვევაში ბიჭებს სათითაოდ ჩამოვურეკავ და წარმატებას მივულოცავ ზუსტად ისე, როგორც მე მომილოცეს ჩემმა ყოფილმა შეგირდებმა: სანსმა, რედონდომ და კარემბუმ".
კითხვაზე, შეუძლია თუ არა ამ "ბაიერნს" კლასიკური ცენტრფორვარდის გარეშე თამაში (გვარდიოლა "ბარსას" სწორედ ასე ათამაშებდა), ჰაინკესი ასე პასუხობს: "ყველაფერი წარმატებაზეა დამოკიდებული. მთავარია, როგორ შეასრულებენ ფეხბურთელები გვარდიოლას დავალებებს და რამდენად სწრაფად შესწავლადია ბაიერნელებისთვის ის სისტემა, რომელსაც პეპი "ბარსაში" იყენებდა. ზოგადად, ყველაფერს დრო სჭირდება. ფაქტია, მიუნხენურ გრანდს რობერტ ლევანდოვსკი რომ ეყიდა, პოლონელი აუცილებლად ითამაშებდა, რაც ავტომატურად გამორიცხავდა იმას, რომ "ბაიერნს" კლასიკური ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე ეასპარეზა. დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ადგილისთვის მარიო მანჯუკიჩიც მედგრად იბრძოლებს".
ხავი მარტინესი ჰაინკესის იდეა იყო
"შპიგელის" ინტერვიუსაც დავუბრუნდეთ, რომელშიც ჰაინკესი რეკორდმაისტერის ესპანელ საყრდენ ნახევარმცველ ხავი მარტინესზე საუბრობს:
"დიდი ხანია, "ბაიერნს" ასეთი წარმატებული და ასი პროცენტით სრულყოფილი ტრანსფერი არ განუხორციელებია. სხვათა შორის, მისი შეძენა ჩემი იდეა იყო და უნდა გენახათ, რამდენი დრო და ძალისხმევა დამჭირდა იმისათვის, რომ ხელმძღვანელები მარტინესის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდაში დამერწმუნებინა. სხვათა შორის, თავიდან არც ისე კარგად თამაშობდა, მაგრამ მალევე მანუელ ნოიერი, ფილიპ ლამი და ბასტიან შვაინშტაიგერი ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, მარტინესი იდეალური ფეხბურთელიაო. მერე კი ყველამ დაინახა, რომ ის მართლაც შესანიშნავი მოთამაშეა, რომლის სანაცვლოდ მართლა ღირდა 40 მილიონის გადახდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იუპ ჰაინკესი: მწვრთნელობას აღარ ვაპირებ
როგორ დაინიშნა პეპ გვარდიოლა მიუნხენის "ბაიერნში"