ფილიპ ლამი: პეპს მალე შევეჩვევით!

AutoSharing Option
უკვე სამი დღეა, რაც ხოსეპ გვარდიოლა "ბაიერნს" ავარჯიშებს, მისი პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ კი ჯერ ვერცერთმა გერმანულმა გამოცემამ ვერ მოიპოვა - პეპი ჯერჯერობით თვით "ბილდისთვისაც" კი მიუწვდომელია. სამაგიეროდ, ტაბლოიდმა რეკორდმაისტერის კაპიტნის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ფილიპ ლამი, რა თქმა უნდა, სწორედ გვარდიოლაზე და მისი პირველი ვარჯიშებიდან მიღებულ შთაბეჭდილებებზე საუბრობს.

"გვარდიოლა ძალიან კომუნიკაბელური აღმოჩნდა. ბევრს გველაპარაკება და უამრავ მითითებას გვაძლევს. მას უნდა, რომ მალე გავუგოთ და ვარჯიშებისადმი მისეული მიდგომა სწრაფად გავითავისოთ. პირველივე ვარჯიშებზე გამოჩნდა, რომ საკმაოდ ბევრი რამ შეიცვლება," - აცხადებს ლამი ხსენებულ
ინტერვიუში.

თუმცა ლამის თქმით, უშუალოდ ვარჯიშებზე ისეთი არაფერი ყოფილა, რაც მას და მის თანაგუნდელებს აქამდე არ უნახავთ: "ფეხბურთს დიდი ხანია ვთამაშობ და მწვრთნელის შეცვლის არაერთი ფაქტი მახსოვს. მწვრთნელის შეცვლა იგივეა, კომპანიას შეფი რომ შეეცვალოს. მოდის ახალი ბოსი, რომელსაც თავისი ხედვა აქვს და რომელიც სხვა კრიტერიუმებით აფასებს ყველაფერს. გვარდიოლა, რა თქმა უნდა, ჰაინკესისგან დიდად განსხვავდება, მაგრამ მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან დეტალური ანალიზის გაკეთება ჯერ ძალიან ნაადრევია."

ლამი დარწმუნებულია, რომ პეპს "ბაიერნისა" და ზოგადად გერმანულ ატმოსფეროსთან შეჩვევის პროცესი და გერმანულ ფეხბურთში ინტეგრაციის პერიოდი დიდხანს არ გაუგრძელდება: "რაც მთავარია, ყველანი ყურადღებით ვართ. გვარდიოლას უდიდესი კონცენტრაციით ვაკვირდებით. ახალი სეზონის დაწყებამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი იმისათვის, რომ გვარდიოლა კარგად გავიცნოთ. უკვე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პეპი მალე შეგვეჩვევა და ჩვენც მალე შევეჩვევით პეპს."

გასული სეზონის ტრიუმფატორმა "ბაიერნმა" ახალი სეზონისთვის მზადება ოთხშაბათს დაიწყო, პირველ ამხანაგურ მატჩს კი დღეს თავისივე ფან-კლუბის გუნდთან გამართავს. 29 ივნისს მიუნხენელები "რეგენთან" ითამაშებენ, მერე კი რეკორდმაისტერი ტრენტინოში (შეკრება 4-დან 12 ივლისამდე) მოემზადება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიუნხენის "ბაიერნში" ყველა უსმენს და უჯერებს პეპ გვარდიოლას!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული