მთავარი როლი მარიო გიოტცეს?

AutoSharing Option
რამდენადაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა მარიო გიოტცეს "დორტმუნდიდან" "ბაიერნში" ტრანსფერს, იმდენად მშვიდად ჩაიარა 21 წლის ვარსკვლავის პრეზენტაციამ, რომელიც "ზებენერშტრასეზე" 2 ივლისს გაიმართა. სამაგიეროდ, ფეხბურთელს, რომლის სანაცვლოდაც რეკორდმაისტერმა 37 მილიონი ევრო გადაიხადა, მიუნხენურ გრანდში უდიდესი მიზნები აქვს.

"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რაღაც ახლის დაწყება. ეს ნაბიჯი იმისათვის გადავდგი, რომ როგორც ფეხბურთელი, კიდევ უფრო გავიზარდო და ფეხბურთი უფრო უკეთ ვითამაშო. "ბაიერნში" გადმოსვლა ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია," - განაცხადა გიოტცემ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ის ჟურნალისტებს "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა წარუდგინა.

"გადმოვიბირეთ ფეხბურთელი, რომელიც ჯერ კიდევ
ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული სუპერვარსკვლავია. ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება იმაში, რომ მარიო გიოტცე "ბაიერნს" მნიშვნელოვნად გააძლიერებს. მარიოს ისეთი შესაძლებლობები აქვს, როგორითაც დღეს მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი თუ დაიკვეხნის. მას შეუძლია "ბაიერნში" ისეთივე როლი ჰქონდეს, როგორიც ლეო მესის აქვს "ბარსელონაში", -
აღნიშნა ზამერმა, რაზეც გიოტცემ დასძინა: "მესი ჩემთვის ნამდვილად მისაბაძი მაგალითია, მაგრამ ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ მალე გამოვჯანმრთელდე".

შეგახსენებთ, რომ "გიოტცინიო" ჯერ კიდევ ტრავმირებულია და "ბაიერნთან" ერთად ჯერ ვერ ვარჯიშობს. "ახლა მხოლოდ ამის გამო ვდარდობ. მართალია, კუნთი გაცილებით უკეთ მაქვს, მაგრამ სრული დატვირთვით ვარჯიშის დაწყებას ალბათ სამ კვირაში შევძლებ," - აღნიშნა გიოტცემ.

დორტმუნდში მასზე ყველა ნაწყენია, მაგრამ მარიოს ეს უკვე ნაკლებად ადარდებს: "ისე მოვიქეცი, როგორც მინდოდა. დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ "ბაიერნში" გადმოსვლა ჩემს კარიერაში უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია," - ცხადია, რომ დორტმუნდელებს ეს განცხადება არ მოეწონებათ.

გიოტცესთან ერთად, "ბაიერნმა" "მაინციდან" გადაბირებული მცველი იან კირხჰოფიც წარადგინა და ლოგიკურია, რომ ამ უკანასკნელის პრეზენტაცია "გიოტცინიოს" წარდგენამ დაჩრდილა.

მიუნხენში დავიდ ლუისი უარყვეს
აქვე იმასაც გეტყვით, რომ 2 ივლისს "ბაიერნმა" ოფიციალურად უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს რეკორდმაისტერს ბრაზილიის ნაკრების დაცვის ბურჯ დავიდ ლუისის გადაბირება უნდა. ითქვა, რომ "ჩელსის" თავკაც ჟოზე მოურინიოს ეს უკანასკნელი არ სჭირდება და რომ ცენტრალური მცველით გვარდიოლა დაინტერესდა. სპეკულაციები "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა გიოტცეს პრეზენტაციაზე უარყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიუნხენის "ბაიერნმა" მარიო გიოტცე წარადგინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული