გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე "ბარსას" პრეზიდენტ სანდრო როსელს დაუკავშირდა და კონკრეტული შეთავაზებით მიმართა - მიუნხენური გრანდი ალკანტარას კონტრაქტში ჩადებულ პუნქტს იყენებს, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერს წინ ვეღარაფერი დაუდგება.
ზოგიერთმა გამოცემამ, მაგალითად "სკაი იტალიამ" ალკანტარას ტრანსფერი გუშინვე განხორციელებულად შერაცხა. რუმენიგესა და როსელის პირველ მოლაპარაკებებს ესპანური მედია ადასტურებს.
ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, რაკი ტიაგო ალკანტარას წინა სეზონში მატჩების გარკვეული რაოდენობა არ დაუგროვდა, მის ხელშეკრულებაში (2015 წლამდე)
უფრო დეტალურად: ტიაგო ალკანტარა "ბარსელონას" 90 მილიონად ჰყავს შეფასებული, მაგრამ ხსენებულ პუნქტში წერია, რომ თუ ფეხბურთელი სეზონის მატჩების მინიმუმ 60 პროცენტს არ ჩაატარებს (თანაც, თითოეულ შეხვედრაში მინიმუმ 30-წუთს არ გაატარებს მოედანზე), სეზონის დასრულების შემდეგ მისი გადაბირება ნებისმიერ მსურველს (რა თქმა უნდა, ფეხბურთელთან შეთანხმებით) 21.7 მილიონად შეეძლება, რაც ტიაგოს თამაშებიდან შემდგარი თანხაა.
საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: თუ ტრანსფერი 31 ივლისამდე არ განხორციელდა, კონტრაქტის მიხედვით ზემოთ ხსენებული პუნქტი გაუქმდება და ტიაგო ალკანტარას ფასი ისევ 90 მილიონ ევრომდე გაიზრდება. თუმცა საქმე აქამდე ალბათ აღარ მივა.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტიაგო ალკანტარა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც "ბაიერნის" ხელმძღვანელებს მოვთხოვე, ის ძალიან მჭირდება და ან მას ვიყიდით, ან აღარავის დავიმატებთო.
ყოვლისშემძლე ტიაგო
რაში სჭირდება გვარდიოლას ალკანტარა, რომლის ერთ-ერთი მრჩეველი თავად პეპის ძმა პერეა? ამ კითხვაზე "ბაიერნის" თავკაცმა ხუთშაბათის პრესკონფერენციაზევე უპასუხა:
"ძალიან კარგი, იდეალურად დაკომპლექტებული გუნდი გვყავს, მაგრამ კალენდარი ძალიან გადატვირთულია, ექვს ფრონტზე უნდა ვიბრძოლოთ (ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, გერმანიის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი) და შესაბამისად, ეს ფეხბურთელიც მჭირდება. ტიაგო ალკანტარას 6, 8, 10, 11 და 7 ნომრის პოზიციებზე თამაში შეუძლია, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალია როგორც თავდასხმაში, ისე ნახევარდაცვაშიც," - ასე დაახასიათა გვარდიოლამ "ყოვლისშემძლე" ტიაგო.
ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი გვარდიოლას ფორმაციის "ბარსას" რეზერვისტი გახლდათ. 1.72 მეტრი სიმაღლის მქონე ალკანტარა წარმოშობით ბრაზილიელია - ის ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის, მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონის, მაზინიოს შვილია.
დოსიე
ტიაგო ალკანტარა დო ნასიმენტო
დაბადების თარიღი: 11.04.1991
დაბადების ადგილი: სან პიეტრო ვერნოტიკო (იტალია)
ეროვნება: ბრაზილიელი, ესპანელი (თამაშობს ესპანეთის ნაკრებში)
მამა: ყოფილი ფეხბურთელი მაზინიო (მსოფლიოს ჩემპიონი 1994 წელს)
ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში: 3 მატჩი, 0 გოლი.
პოზიცია: გვარდიოლას მიერ ხშირად არჩეულ 4-1-4-1-ში წინა ხაზის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში.
მიღწევები: ევროპის ჩემპიონი 17-წლამდელებში, ევროპის ჩემპიონი 21-წლამდელებში (ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი), 4-გზის ესპანეთის ჩემპიონი, 2-გზის თასის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
ოჯახი: ძმა რაფინია "ბარსელონაში" და ბრაზილიის ნაკრებში თამაშობს, ბიძაშვილი როდრიგო კი ლისაბონის "ბენფიკას" ღირსებას იცავს. დედა ვალერია ბრაზილიელია და ფრენბურთელი იყო.
"თვითერზე" ჰყავს 1 496 286 მიმდევარი.
კლუბები: "ფლამენგო", ურეჯა, "ბარსელონა".
ესპანეთის პრიმერადივიზიონში: 100 მატჩი, 11 გოლი, 20 საგოლე პასი.
"ბაიერნის" შესაძლო ტაქტიკური სქემები განლაგებებით
ტიაგო ალკანტარას გადაბირების შემდეგ ხოსეპ გვარდიოლას ტაქტიკური სქემებისა და განლაგებების მხრივ უკვე მართლად ძალიან დიდი არჩევანი ექნება. გთავაზობთ შვიდ ყველაზე სავარაურო სქემას:
1 - შეტევაზე ორიენტირებული 4-2-3-1: მარტინესი დაცვის ცენტრში, შვაინშტაიგერი და ტიაგო საყრდენებად
2 - დაცვაზე ორიენტირებული 4-2-3-1: ტიაგო და მარტინესი საყრდენებად, შვაინშტაიგერი გამთამაშებლად
3 - სქემა კლასიკური ცენტრფორვარდის გარეშე: მარტინესი დაცვის ცენტრში, ტიაგო და შვაინშტაიგერი საყრდენებად, ყველაზე წინ მარიო გიოტცე
4 - 4-3-3, პირველი ვარიანტი: მარტინესი კლასიკურ საყრდენად, შვაინშტაიგერი და ტიაგო შემტევ ნახევარმცველებად
5 - 4-3-3, მეორე ვარიანტი: მარტინესი დაცვაში, შვაინშტაიგერი კლასიკურ საყრდენად, კროოსი და ტიაგო შემტევ ნახევარმცველებად
6 - 4-3-3, მესამე ვარიანტი: მარტინესი კლასიკურ საყრდენად, კროოსი და შვაინშტაიგერი შემტევ ნახევარმცველებად, ტიაგო მარცხენა გარემარბის პოზიციაზე
7 - 3-4-3: 3-მცველიანი ტაქტიკა, ხავი მარტინესი დაცვის ცენტრში, ტიაგო და შვაინშტაიგერი საყრდენი ნახევარმცველების პოზიციაზე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლა: ჩემი ოქრო ჩემთან!