"სპაიდერმენ" ობამეიანის პირველი გოლი "დორტმუნდში"

AutoSharing Option
გერმანული კლუბები ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ და თუკი თავიდან ძალიან სუსტ გუნდებთან აგორებდნენ ბურთს, ახლა ტესტ-მატჩებში უფრო და უფრო სერიოზულ მეტოქეებს ხვდებიან.

მკითხველს ყველაზე მეტად "ბაიერნისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" ამხანაგური მატჩები აინტერესებს და შესაბამისად, ამ ბუნდესლიგის მთავარი ფავორიტების ტესტ-მატჩებს შედარებით ვრცლად მიმოვიხილავთ.

"ბორუსიამ" "ბურსასთან" იფრინა
დორტმუნდის "ბორუსია" შეკრებას შვეიცარიაში გადის. იურგენ კლოპის გუნდი შაბათს თურქულ "ბურსასპორს" შეხვდა და 4:1 დაამარცხა. ამ მატჩში დორტმუნდელთა მთავარმა ახალწვეულმა ჰენრიხ მხითარიანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის ფეხბურთელია.

ხოლო პიერ-ემერიკ ობამეიანმა შავ-ყვითელი ფორმით პირველი
გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "ბურსას" კარი რობერტ ლევანდოვსკიმაც დალაშქრა.

კლოპის 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში "ბურსასთან" ერთადერთი ცენტრფორვარდი ლევანდოვსკი გახლდათ, მის უკან ფლანგებიდან ბლაშჩიკოვსკი (მარჯვნივ) და ობამეიანი (მარცხნივ) მოქმედებდნენ, გამთამაშებელი კი მხითარიანი იყო. ანგარიში ლევანდოვსკიმ ობამეიანისა და მხითარიანის უშედეგო მცდელობების შემდეგ გახსნა.

კლოპის გუნდი სხარტად უტევდა - ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ბორუსიადან" ყველაზე მეტად სწორედ კლუბის ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებულ შენაძენად ქცეული მხითარიანი გამოირჩეოდა.

"ბორუსიას" თითქმის ყველა შეტევა 24 წლის სომეხ ვარსკვლავზე გადიოდა და გამოჩნდა, რომ ჰენრიხი ახალ თანაგუნდელებს უკვე საკმაოდ კარგად უგებს. პირველი ტაიმის მიწურულს ობამეიანმა თავისი პირველი გოლი "დორტმუნდის" ფორმით სწორედ მხითარიანის მშვენიერი პასის შემდეგ გაიტანა. "ბორუსიას" სომეხ "ათიანს" გატანა თავადაც რამდენჯერმე შეეძლო.

შესვენებაზე კლოპმა მთელი შემადგენლობა შეცვალა. მეორე ტაიმში საუკეთესო მარკო როისი გახლდათ. მესამე გოლი სწორედ მის ანგარიშზეა, მეოთხე კი ახალგაზრდა ჰოფმანის დამსახურება გახლდათ (აზიზის ავტოგოლი). საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე "ბურსამ" კუთხურიდან პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა.

კლოპის გუნდი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 16 ივლისს, შვეიცარიული "ლუცერნის" წინააღმდეგ გამართავს.

დორტმუნდი-ბურსა 4:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (13), 2:0 ობამეიანი (45), 3:0 როისი (62), 4:0 აზიზი (69-საკ. კარში), 4:1 ჩინაზი (89)
დორტმუნდი (4-2-3-1): ლანგერაკი - დურმი, ჰუმელსი, ზაარი, ბანდოვსკი - გიუნდოგანი, შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი, მხითარიანი, ობამეიანი - ლევანდოვსკი.
II ტაიმში: ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, სოკრატისი, შმელცერი - ს. ბენდერი, კირხი - ჰოფმანი, დუკში, როისი - შიბერი.

ისევ 4-1-4-1 და ამჯერად შაჩირის დუბლი
"ბაიერნს" არც მეხუთე ტესტ-მატჩის მოგება გაუჭირდა: რეკორდმაისტერმა რეგიონალლიგელი "ზონენჰოფ გროსაპახიც" დიდი ანგარიშით, 6:0 გაანადგურა.

ბავარიელთაგან საუკეთესო ჯერდან შაჩირი გახლდათ, რომელიც, გარდა იმისა, რომ დუბლი შეასრულა, მოედანზე ყველაზე აქტიური და სასარგებლო გახლდათ. მეორე ტაიმში ასევე გამოირჩეოდნენ დავიდ ალაბა და ახალგაზრდა იულიან გრინი, თომას მიულერმა კი პენალტი ვერ გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ ხოსეპ გვარდიოლამ "ბაიერნი" 4-1-4-1 ტაქტიკური სქემით ათამაშა და როგორც ჩანს, პეპს მიუნხენური გრანდის დღევანდელი კონტინგენტისთვის ყველაზე მეტად სწორედ ეს სქემა მოსწონს. პირველ ტაიმში ერთადერთი კლასიკური საყრდენი ნახევარმცველი ტონი კროოსი გახლდათ, მეორე ნახევარში კი - ახალგაზრდა ჰოიბერგი.

ფლანგებიდან შაჩირი და რობენი უტევდნენ, ცენტრში კი მანჯუკიჩის უკან რიბერი და ვაინრაუხი მოქმედებდნენ. მეორე ნახევარში გვარდიოლამ რვა ფეხბურთელი შეცვალა და ძირითადი შემადგენლობიდან მოედანზე მხოლოდ შტარკე, ალაბა და ვაინრაუხი დატოვა.

"ბაიერნმა" ქვა-ქვაზე არ დატოვა როსტოკის "ჰანზასგანაც" - 4:0. ამჯერად თავი "ძველმა გვარდიამ" (ლამი, რიბერი, მიულერი და მანჯუკიჩი) გამოიჩინა.

12 ივლისი
ზონენჰოფი-ბაიერნი 0:6
გოლები: 0:1 შაჩირი (30), 0:2 შაჩირი (34), 0:3 კროოსი (41), 0:4 რობენი (44), 0:5 ალაბა (75), 0:6 გრინი (86)
ბაიერნი (4-1-4-1): შტარკე - რაფინია, ვან ბუიტენი, ბოატენგი, ალაბა - კროოსი - რობენი, ვაინრაუხი, რიბერი, შაჩირი - მანჯუკიჩი.
II ტაიმში შევიდნენ: ლამი, კირხჰოფი, ჩანი, ჰოიბერგი, მიულერი, შიოპფი, გრინი, პისარო.

14 ივლისი
ჰანზა-ბაიერნი 0:4
გოლები: 0:1 ლამი (20), 0:2 რიბერი (25), 0:3 მიულერი (75), 0:4 მანჯუკიჩი (88)

სხვა მატჩები
ლევერკუზენის "ბაიერი" მეორებუნდესლიგელ "მიუნხენ 1860-თან" 1:2 დამარცხდა. "ფარმაცევტებისთვის" კარგი მხოლოდ ის იყო, რომ "ჰამბურგიდან" ნაყიდმა ჰეონ-მინ სონმა "ლევერკუზენის" ფორმით პირველი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ სამხრეთკორეელი სონი "ბაიერის" უძვირფასესი შენაძენია - "ფარმაცევტებმა" მასში 10 მილიონი ევრო გადაიხადეს.

მეორებუნდესლიგელთან წააგო მიონხენგლადბახის "ბორუსიამაც". ლუსიენ ფავრის ბიჭები "ინგოლშტადტთან" 0:1 დამარცხდნენ - ახალწვეულებმა, რაფაელმა და კრუზემ "გლადბახის" შვეიცარიელ მწვრთნელს იმედები გაუცრუეს.

ჰამბურგში, ჩრდილოეთის თასის ამხანაგურ ტურნირზე ერთმანეთს "ჰამბურგი" და პირველ ბუნდესლიგაში აღზევებული "ბრაუნშვაიგი" შეხვდნენ - მატჩი 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "ჰამბურგმა" 4:3 მოიგო (დრობნიმ ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია). ამავე ტურნირზე "ვოლფსბურგი" დანიურ "კოპენჰაგენთან" 1:2 დამარცხდა.

"ნიურნბერგმა" მესამელიგელ "უნტერჰახინგთან" 2:2 ითამაშა. მეკარე რაფაელ შეფერმა პენალტი მოიგერია, გოლები კი "ფრანკებიდან" ახალწვეულმა ფორვარდმა გინჩეკმა გაიტანა.

ფრანკფურტის "აინტრახტმა" "აალენი" 4:1 დაამარცხა - ორი გოლი ახალწვეულ ხოსელუს ანგარიშზეა და მის გარდა, იუნგმა და შტენდერამ იხეირეს. აქვე გეტყვით, რომ ნიჭიერი ნახევარმცველი შტენდერა მძიმედ დაშავდა - 17 წლის ფეხბურთელი "აინტრახტს" საკმაოდ დიდხანს დააკლდება.

ელიტაში დარჩენილი "აუგსბურგი" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებულ "ფიურტთან" 1:2 დამარცხდა, "ჰოფენჰაიმი" კი "ფრანკფურტთან" - 0:1. ბერლინის "ჰერტამ" ტრავმირებული ლევან კობიაშვილის გარეშე "ლაიპციგს" 1:0 მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დორტმუნდის "ბორუსიას" ფიტნეს-რეკორდი!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული