ტიაგო ალკანტარამ დაიწყო, ლუის გუსტავოს უშვებენ?

AutoSharing Option
ტიაგო ალკანტარა ახლა უკვე ოფიციალურად ბაიერნელია. 22 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა რეკორდმაისტერთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 6-ნომრიანი მაისურა მიიღო. მისი ტრანსფერი 25 მილიონი ევრო დაჯდა - მიუნხენურმა გრანდმა "ბარსას" სწორედ ამდენი გადაურიცხა, მაგრამ ბავარიელები 5 მილიონს უკან მიიღებენ!

საქმე ისაა, რომ ალკანტარამ თავდაპირველად შეთანხმებული ხელფასის ნაწილზე უარი თქვა, რაც ჯამში სწორედ 5 მილიონს შეადგენს. გამოდის, რომ "ბაიერნს" მისი ტრანსფერი "მხოლოდ" 20 მილიონი ევრო დაუჯდება.

"მსოფლიოში "ბაიერნის" დარი გუნდები თითზე ჩამოსათვლელია. მიუნხენურ გრანდში გადმოსვლა ჩემთვის დიდი გამოწვევაა. მიხარია, რომ ისევ ხოსეპ გვარდიოლასთან
ვიქნები. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ პეპს ტელეფონით ვესაუბრე და "ბაიერნში" წამოსვლა სწორედ მაშინ გადავწყვიტე.

ფაქტობრივად, ბავშვობიდან გვარდიოლა მავარჯიშებდა და მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. სადაც მეტყვის, იქ ვითამაშებ!"
- უთხრა ალკანტარამ ჩვენს გერმანელ კოლეგებს და იქვე დაამატა, გერმანული ენის სწავლა უკვე დავიწყე და იმედი მაქვს, რომ მალე ავითვისებო.

"გვიხარია, რომ ტიაგო გადმოვიბირეთ. "ბარსელონას" ხელმძღვანელებთან ნაყოფიერი საუბრები გვქონდა და მარტივად შევთანხმდით. ტიაგოს ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ გვარდიოლას ამიერიდან გაცილებით დიდი არჩევანი აქვს," - ეს "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია.

ლუის გუსტავოს უშვებენ?
რამდენიმე დღის წინაც ვწერდით, რომ "ბაიერნს" ახლა უკვე ათი მაღალი დონის ნახევარმცველი ჰყავს, ძირითად შემადგენლობაში კი მაქსიმუმ ხუთი შუახაზელის ადგილია. აქედან გამომდინარე, ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, რეკორდმაისტერი მზადაა, ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი ლუის გუსტავო დათმოს.

25 წლის ფეხბურთელს ბავარიულ გრანდთან კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ "შპორტ ბილდი" წერს, რომ საინტერესო წინადადების მიღების შემთხვევაში მიუნხენელები მას იოლად დათმობენ. რაკი გვარდიოლა 4-1-4-1 ტაქტიკური სქემისკენ იხრება, გამოდის, რომ "ბაიერნს" ორზე მეტი კლასიკური საყრდენი არ სჭირდება, პეპის განკარგულებაში კი ახლა სამი მაღალი დონის "ექვსიანია" - ხავი მარტინესი, ბასტიან შვაინშტაიგერი და გუსტავო.

ბრაზილიელის მრჩეველი როჯერ ვიტმანი ჯერჯერობით არაფერს ადასტურებს ან უარყოფს, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგები დაბეჯითებით წერენ, რომ გვარდიოლას ლუის გუსტავო არ სჭირდება, რაც ფეხბურთელმაც იცის და მისმა მრჩეველმაცო.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" ლუის გუსტავო 2011 წელს "ჰოფენჰაიმიდან" 17 მილიონ ევროდ შეიძინა. ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა გასულ სეზონში 36 ოფიციალურ შეხვედრაში იასპარეზა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პორტრეტი: ყოვლისშემძლე ტიაგო ალკანტარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული