"ტელეკომის თასი 2013": "ბაიერნმა" "ჰამბურგს" და "მიონხენგლადბახს" გადაურბინა

AutoSharing Option
შაბათს და კვირას გერმანიაში, კერძოდ, მიონხენგლადბახში, სეზონისწინა ტურნირი, "ტელეკომის თასის" გათამაშება გაიმართა, რომელშიც ოთხი კლუბი მონაწილეობდა - "ბაიერნი", "დორტმუნდი", "გლადბახი" და "ჰამბურგი". მიუნხენურმა გრანდმა ქვა-ქვაზე არ დატოვა და პირველი არაოფიციალური, მაგრამ მაინც ტიტული მოიგო.

"ტელეკომის თასი" გერმანიაში ამხანაგური საკლუბო ტურნირია, რომელიც ტრადიციად იქცა და სეზონის წინ ტარდება ხოლმე და რომელსაც ამჯერად მიონხენგლადბახმა უმასპინძლა. 20 ივლისს ნახევარფინალური შეხვედრები შედგა, 21-ში კი ფინალი და მატჩი მესამე ადგილისათვის გაიმართა. აღსანიშნავია, რომ "ტელეკომის თასზე" ერთი მატჩი 60 წუთს გრძელდება - ტაიმები, შესაბამისად, 30-წუთიანია.

"ბაიერნმა"
ნახევარფინალში "ჰამბურგი", მოლოდინისამებრ, იოლად გაანადგურა - 60-წუთიანი თამაშის 4:0-ით მოგება სახუმარო საქმე არაა. მიონხენგლადბახის "ბაი-არენაზე" 47 125-მა მაყურებელმა მთლად ისეთი მრისხანე ვერა, მაგრამ უკვე ძალიან კარგ ფორმაში მყოფი "ბაიერნი" და შეშინებული "ჰამბურგი" იხილა. ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა ჩრდილოგერმანულ კლუბთან თავიდანვე კატათაგვობანა გააჩაღეს, რაც ანგარიშშიც აისახა.

"ჰამბურგის" თავკაცმა ტორსტენ ფინკმა ახალწვეული თავდამსხმელი ზუა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და დაცვაში ვესტერმანს ასევე ახალწვეული სობიეხი შეუწყვილა. ბავარიელებს ტრავმირებულები - ბადშტუბერი, შვაინშტაიგერი და გიოტცე აკლდათ.

4-1-4-1 ტაქტიკურ სქემაში ერთადერთი საყრდენი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა გახლდათ. მის წინ კროოსი, რიბერი და შაჩირი მოქმედებდნენ, კლაუდიო პისარო უკან დახეული ფორვარდი გახლდათ, ყველაზე წინ კი მარიო მანჯუკიჩი ირჯებოდა.

"ბაიერნის" ტაქტიკას 4-1-4-1 კი ეთქმოდა, მაგრამ მიუნხენელებმა ამ სქემის ძალიან მოქნილი ინტერპრეტაციით ითამაშეს. მანჯუკიჩი, პისარო და სხვა შემტევები ხშირად ერთმანეთში ირეოდნენ, რიბერი კი მეტწილად ცენტრიდან მოქმედებდა.

ჰამბურგელებმა თამაში თითქოს თამამად დაიწყეს, მაგრამ მალე აირივნენ და პირველი გოლიც სწორედ მაშინ მიიღეს.

ბოატენგის გოლი "ჰამბურგის" დაცვაში შექმნილი უდიდესი ქაოსის ბრალია. მეორე გოლი მანჯუკიჩმა ცარიელ კარში, რიბერის პასის შემდეგ გაიტანა, ფრანგს კი ტიაგო ალკანტარამ მისცა მართლაც ზღაპრული პასი. კროოსმა შორეული დარტყმით გაიტანა, მიულერმა კი - თავით.

"კმაყოფილი ვარ, რადგან კარგად ვითამაშეთ და ფინალში გავედით. განსაკუთრებით, მცველების კარგ თამაშს გამოვყოფდი. დაცვის, ნახევარდაცვისა და თავდასხმის ხაზებს შორის მოძრაობაც კარგი იყო, თუმცა ეს სოლიდური ფეხბურთის მხოლოდ პირველი ნაწილია. სეზონის დაწყებამდე თამაშს კიდევ უფრო დავხვეწთ," - განაცხადა გვარდიოლამ "ჰამბურგთან" გამარჯვების შემდეგ.

1/2-ფინალი

გლადბახი-დორტმუნდი 1:0
გოლი: 1:0 დემსი (61-პენ)
გლადბახი (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - კორბი, შტრანცლი, ბრუვერსი, დემსი - კრამერი, ჯაკა - იუნესი, რუპი - რაფაელი - კრუზე.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი (31. კელი), ნ. შაჰინი - ჰოფმანი, გიუნდოგანი (31. დურმი), როისი - ლევანდოვსკი (44. შიბერი).
მაყურებელი: 47 125

"დორტმუნდს" "ბაიერნთან" თამაში არ უნდოდა?
ცნობები იმის შესახებ, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" "ტელეკომის თასზე" "ბაიერნთან" შეხვედრა არ უნდოდა, ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გავრცელდა.

თავიდან ბავარიული და დორტმუნდული გრანდები ერთმანეთს ნახევარფინალში უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ მერე კალენდარი შეიცვალა და ზემოთ ხსენებული ეჭვიც ამიტომ გამძაფრდა. უშუალოდ ტურნირზე კი, "დორტმუნდი" ნახევარფინალში "გლადბახთან" ბოლო წუთზე გაშვებული ბურთით დამარცხდა - ეს გოლი დემსმა პენალტით გაიტანა, თერთმეტმეტრიანი კი დორტმუნდელთა მეკარე რომან ვაიდენფელერის უხეშობის გამო დაინიშნა.

"გლადბახის" ძირითად შემადგენლობაში მოულოდნელად კორბი, კრამერი და რუპი ვიხილეთ, წინა ხაზზე კი ლუსიენ ფავრმა ახალწვეულები, რაფაელი და კრუზე ათამაშა. დორტმუნდის "ბორუსიას" დამრიგებელმა იურგენ კლოპმა სასტარტოში ახალწვეული ცენტრალური მცველი სოკრატისი დააყენა, მარჯვენა მცველად კი, პიშჩეკის არყოფნაში კევინ გროსკროიტცი გაამწესა. კლოპის 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ცენტრფორვარდ ლევანდოვსკის უკან ილქაი გიუნდოგანი მოქმედებდა - როგორც იცით, ჰენრიხ მხითარიანი ტრავმირებულია.

"დორტმუნდს" ამ მატჩში ობამეიანი და ბლაშჩიკოვსკიც დააკლდნენ. შესაბამისად, მარჯვენა გარემარბად ახალგაზრდა ჰოფმანი ვიხილეთ.

დორტმუნდელთაგან გამოყოფის ღირსი ნური შაჰინია, რომელიც მოედნის ცენტრში შეუდარებლად მოქმედებდა. მიონხენგლადბახელთა მხრიდან კი ყველაზე ეფექტური იუნესი გახლდათ.

გიუნდოგანის ფლეიმეიქერად გამწესებამ არ გაამართლა, რაც შეიძლება იმასაც დავაბრალოთ, რომ ილქაი თამაშამდე ერთი დღით ადრე გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, შესვენების შემდეგ კლოპმა გამთამაშებლად როისი გაამწესა. თუმცა არც მარკო თამაშობდა ისე, როგორც სჩვევია.

მიუხედავად ამისა, მატჩი ინტენსიური და საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, გამარჯვებული კი ბოლო წუთზე, ვაიდენფელერის უხეშობის გამო დანიშნული პენალტით გამოვლინდა. "დორტმუნდი" "ბაიერნს" ასცდა...

1/2-ფინალი

ჰამბურგი-ბაიერნი 0:4
გოლები: 0:1 ბოატენგი (12), 0:2 მანჯუკიჩი (41), 0:3 კროოსი (44), 0:4 თ. მიულერი (52)
ჰამბურგი (4-2-3-1): დრობნი - სალა (48. მანსიენი), ვესტერმანი, სობიხი, იანსენი (48. რაიკოვიჩი) - არსლანი (48. დემირბაი), ბადელი (48. რინკონი) - ილიჩევიჩი (48. სკიელბრედი), ვან დერ ვაარტი (48. ჩალჰანოღლუ), ბაისტერი (48. ირაჩეკი) - ზუა (48. რუდნევსი).
ბაიერნი (4-1-3-1-1): შტარკე - ლამი, ვან ბუიტენი, ბოატენგი (48. კირხჰოფი), ალაბა - ტიაგო ალკანტარა (48. ჰოიბერგი) - კროოსი, რიბერი (54. გრინი), შაჩირი - პისარო (42. რობენი) - მანჯუკიჩი (42. თ. მიულერი).
გაფრთხილება: ბადელი
მაყურებელი: 47 125

ალკანტარას პირველი გოლი
რაკი "დორტმუნდი" ასცდა, "ბაიერნმა" ფინალიც იოლად მოიგო - უფრო მარტივად, ვიდრე ნახევარფინალი. რეკორდმაისტერმა მიონხენგლადბახის "ბორუსიას" 60 წუთში ხუთი გოლი გაუტანა და "ტელეკომის თასს" დაეუფლა. ეს ტიტული, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანია, მთავარი კი ისაა, რომ გვარდიოლას "ბაიერნი" უკვე ყველას შიშის ზარს სცემს.

ცხრა გატანილი და მხოლოდ ერთი მიღებული ბურთი ორ შეხვედრაში და თანაც ისეთ კლუბებთან, რომლებსაც ბუნდესლიგაში სიტყვა ეთქმით - რეკორდმაისტერი ახალ სეზონს მართლაც შესანიშნავ ფორმაში ხვდება.

პეპმა "ბაიერნის" ქომაგებს ფინალშიც შესთავაზა სიურპრიზი: მან ფილიპ ლამი მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე გაამწესა. კაპიტანი არიენ რობენთან კომბინირებდა, მარჯვენა მცველის პოზიციაზე კი რაფინია თამაშობდა. ტიაგო ალკანტარამ ბრწყინვალედ ითამაშა და დაამტკიცა, რომ გვარდიოლას მიუნხენში ტყუილად არ ჩაუყვანია - ტიაგომ "გლადბახთან" გოლიც გაიტანა (მკერდით!) და ეს მისი პირველი გოლი გახლდათ "ბაიერნში".

მატჩის შემდეგ პეპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, კმაყოფილი ვარ, მაგრამ კიდევ ბევრი რამ უნდა გამოვასწოროთო.

მატჩი III ადგილისთვის

დორტმუნდი-ჰამბურგი 1:0
გოლი: 1:0 ჰოფმანი (24)
დორტმუნდი (4-2-2-1-1): ლანგერაკი - დურმი, ჰუმელსი (31. სოკრატისი), სუბოტიჩი, შმელცერი (31. გროსკროიტცი) - კელი (31. ს. ბენდერი), გიუნდოგანი - ჰოფმანი (43. კირხი), როისი (31. შაჰინი) - ლევანდოვსკი (31. ბანდოვსკი) - შიბერი.
ჰამბურგი (4-2-3-1): ნოიჰაუსი - მანსიენი (56. ბაისტერი), სობიეხი, რაიკოვიჩი, იანსენი - რინკონი (47. არსლანი), დემირბაი (58. ნაფიუ) - ჩალჰანოღლუ (47. ვან დერ ვაარტი), სკიელბრედი, ირაჩეკი (56. ილიჩევიჩი) - რუდნევსი (47. ზუა).
გაფრთხილება: გროსკროიტცი - რაიკოვიჩი
მაყურებელი: 47 100

ფინალი

გლადბახი-ბაიერნი 1:5
გოლები: 0:1 რიბერი (17), 0:2 ლამი (23), 0:3 ტიაგო ალკანტარა (26), 1:3 ლ. დე იონგი (30-პენ), 1:4 რობენი (41), 1:5 თ. მიულერი (60)
გლადბახი (4-2-2-2): ჰაიმეროთი - იანჩკე, ნორდტვეიტი, ალვარო დომინგესი, ვენდტი - დაჰუდი, ჯაკა (31. კრამერი) - ჰერმანი, არანგო - ლ. დე იონგი, ჰრგოტა.
ბაიერნი (4-1-4-1): შტარკე - რაფინია, ვან ბუიტენი (50. კირხჰოფი), ბოატენგი, კონტენტო (31. ალაბა) - ტიაგო ალკანტარა (50. შაჩირი) - რობენი, ლამი (50. ვაინრაუხი), კროოსი (51. ვაიზერი), რიბერი - თ. მიულერი.
გაფრთხილება: კრამერი - კონტენტო
მაყურებელი: 47 100

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლა: ტიტო ვილანოვა ძალიან მიყვარს და მის გამო ძალიან განვიცდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული