ყველაზე უკეთ, მოლოდინისამებრ, მიუნხენის "ბაიერნი" გამოიყურება - რეკორდმაისტერი ამხანაგურ შეხვედრებში ქვას ქვაზე არ ტოვებს და ყველა კონკურენტს შიშის ზარს სცემს. ყველაზე სუსტი კი, ამ ეტაპზე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არა ელიტაში ახლახან აღზევებული "ბრაუნშვაიგი", არამედ ამბიციური "ვერდერი" ჩანს - ბრემენელებმა ოთხი ტესტ-მატჩი წააგეს.
1. ბაიერნი: რეკორდმაისტერს ყველა ნებდება!
"ბაიერნმა" რვა ტესტ-მატჩი გამართა, რვავე მოიგო, ჯამში 59 გოლი გაიტანა (!) და მხოლოდ სამი გაუშვა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხოსეპ გვარდიოლას გუნდი გერმანიის ჩემპიონად წინასწარ უნდა გამოვაცხადოთ?
მართალია, რეკორდმაისტერს წინ დიდი და დამღლელი სეზონი ელის, მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბავარიელები წინა სეზონთან შედარებით კიდევ უფრო გაძლიერდნენ (შეიძინეს გიოტცე და ტიაგო ალკანტარა), წესით, ჩემპიონობის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეთ.
ფაქტია, რომ "ბაიერნი" უფრო მოქნილიც გახდა და შემადგენლობის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ტრავმირებული გიოტცე არავის ახსოვს. სხვა კლუბებმა კი ამასობაში კაპიტულაცია გამოაცხადეს, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია.
2. დორტმუნდი: კლოპის ბიჭები კარგ ფორმაში არიან
"ბორუსიამ" შვიდი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან ექვსი მოიგო. თამამად ვიტყვით, რომ "დორტმუნდიც" კარგ ფორმაშია. იურგენ კლოპს სამი მაღალი კლასის ახალწვეული ჰყავს, რომელთაგან მთავარი, ჰენრიხ მხითარიანი, ტრავმირებულია და სამი კვირა ვერ ითამაშებს. მის არყოფნაში კლოპი გამთამაშებლად ილქაი გიუნდოგანს ათამაშებს.
3. შალკე: როგორც იქნა, ჰუნტელაარს კონკურენტი ჰყავს
ახალ სეზონს გელზენკირხენული კლუბიც მომზადებული ხვდება: "შალკემ" ექვსი ტესტ-მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო. წინა სეზონში "ხუმარების" მთავარი პრობლემა ის იყო, რომ კლაას-იან ჰუნტელაარს კონკურენტი არ ჰყავდა და თავს ზედმეტად მშვიდად გრძნობდა, ახლა კი "შალკემ" "მაინციდან" 8 მილიონ ევროდ ადამ სალაი იყიდა და ჰუნტელაარი მშვიდად ვეღარ იქნება.
გელზენკირხენელებმა მცველი ფელიპე სანტანა, უნიჭიერესი გორეტცკა და კლემენსიც გადაიბირეს, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებს წნეხის ქვეშ მოაქცევენ. ვარსკვლავებიდან ტრავმა მხოლოდ პაპადოპულოსს აწუხებს.
4. მაინცი: მოახდენს ტუხელის გუნდი სენსაციას?
მაინცელებმა მხოლოდ ერთი ტესტ-მატჩი ვერ მოიგეს (0:0 "ვისბადენთან"). აღსანიშნავია დიდი ანგარიშით გამარჯვებები "გრონინგენთან" (4:0) და "ვესტ ჰემთან" (4:1). თომას ტუხელს სრულყოფილად დაკომპლექტებული შემადგენლობა ჰყავს - მის განკარგულებაში ყველა პოზიციაზე ორი კარგი მოთამაშეა. თანაც, ტრავმაც არავის აწუხებს. "მაინცს" შეუძლია, რომ ახალი სეზონის პირველი სენსაციური გუნდი გახდეს.
5. ლევერკუზენი: ბაიერს კარგი ახალწვეულები ჰყავს
სამწვრთნელო დუეტი ისტორიას ჩაბარდა, "ლევერკუზენს" ახლა სამი ჰიიპია ერთპიროვნულად ავარჯიშებს. "ჩელსიში" გადასული შიურლე "ჰამბურგიდან" ნაყიდმა სონმა შეცვალა, "რეალში" დაბრუნებული კარვახალი კი - იტალიელმა დონატიმ. ამხანაგურ შეხვედრებში გამოჩნდა, რომ "ლეევრკუზენს" ერთი კარგი, დინამიკური ცენტრალური ნახევარმცველიც სჭირდება.
6. გლადბახი: ფავრს ნახევარდაცვაში ულხინს
მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" სერიოზული ტესტები მოიგო: "ნიურნბერგთან" 3:0, "დორტმუნდთან" 1:0, "ბაიერნთან" კი 1:5 განადგურდა. რეკორდმაისტერთან მატჩში "გლადბახის" თავკაცმა ლუსიენ ფავრმა ნახევარმცველი ნორდტვეიტი დაცვის ცენტრში ათამაშა და ამ ექსპერიმენტმა აშკარად არ გაამართლა.
შესანიშნავ ფორმაშია ახალწვეული რაფაელი, რომელიც თავდამსხმელ დე იონგს კარგი პასებით ამარაგებს. 17 წლის დაჰუდი აღმოჩენაა.
7. აინტრახტი: ფეეს ტრავმების ეშინია
ახალი შემტევები, ხოსელუ, როზენტალი, შრიოკი და ფლუმი ფრანკფურტის "აინტრახტის" წინა ხაზს მოქნილობას შემატებენ.
მწვრთნელი არმინ ფეე დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რომ მისმა შეგირდებმა ტრავმები არ მიიღონ და ფეხბურთელებს ვარჯიშებზე უხეში ორთაბრძოლები აუკრძალა. ახლა ტრავმა მხოლოდ ახალგაზრდა შტენდერას აქვს. ფრანკფურტელებმა ოთხივე ტესტ-მატჩი მოიგეს.
8. შტუტგარტი: დაცვაში ძლიერია, მაგრამ...
ექვსი ამხანაგური მატჩიდან "შტუტგარტმა" ხუთში კარი მშრალად შეინახა, "ვალენსიას" კი 1:0 მოუგო, თუმცა შვაბებს გოლების გატანა უჭირდათ. ახლებიდან მარცხენა მცველი რაუში და ნახევარმცველი ლაიტნერი გამოირჩევიან.
9. ჰანოვერი: აურზაური დიუფის გამო
გუნდი საკმაოდ გაახალგაზრდავდა. ახალი მოთამაშეები - სანე, ბიტენკური და პრიბი კარგად გამოიყურებიან. "ჰანოვერმა" 9 ამხანაგური შეხვედრიდან 8 მოიგო - მათ შორის, ინგლისური "ვესტ ბრომვიჩი" 2:1 დაამარცხა.
მთავარი მწვრთნელის, მირკო სლომკას პრობლემა ისაა, რომ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს და "წითლები" იმის გამოც ნერვიულობენ, რომ თავდამსხმელ მამე დიუფის ბედი გაურკვეველია.
10. ჰამბურგი: პრობლემა წინა ხაზზე
ბუნდესლიგის უკანასკნელი დინო "ბაიერნთან" (0:4) და "დორტმუნდთან" (0:1) დამარცხდა, "კოპენჰაგენს" (2:0) და "ანდერლეხტს" (3:1) კი მოუგო. პრობლემები: მეკარე ადლერი დაშავებულია, ახალ მცველ ჯურუს ოპერაცია გაუკეთეს. ჩრდილოგერმანული კლუბი კარგ ცენტრფორვარდს ვერ პოულობს.
11. აუგსბურგი: მონაკოსთან მოგება არ კმარა
"აუგსბურგმა" "მონაკოსთან" გამარჯვებით ყველა გააოცა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. თუმცა აუგსბურგელებმა შვიდიდან მხოლოდ ერთი ტესტი წააგეს და 32 გოლი გაიტანეს.
12. ფრაიბურგი: მთავარია, შტრაიხი იყოს კარგად
"ფრაიმ" ძირითადი შემადგენლობის 5 ფეხბურთელი დაკარგა, მაგრამ სიცარიელეები შეავსო კიდეც. ახალწვეულები - ჰანკე, ფერნანდესი, მეჰმედი, კლაუსი და კოკელინი კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ "ფრაიბურგში" მთავარი ისაა, რომ მწვრთნელი კრისტიან შტრაიხი იყოს კარგად... ფანებს მხოლოდ მისი იმედი აქვთ.
13. ჰოფენჰაიმი: დაცვა სტაბილური გახდა
ტესტ-მატჩებიდან ჩანს, რომ "ჰოფეს" დაცვა დასტაბილურდა. თუ ასეა, "ჰოფე" ისევ საშუალო დონის კლუბი იქნება. ახალწვეული მოდესტე თანაგუნდელებთან ჯერ არაა შეთამაშებული.
14. ნიურნბერგი: ფრანკებში გაურკვევლობაა
"ნიურნბერგმა" სიმონსისა და კლოზეს სახით ორი მნიშვნელოვანი უკანახაზელი დაკარგა და შესაბამისად, ტესტებში ბევრი გოლი მიიღო. ახალწვეულები, პოგატეცი და გინჩეკი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ გუნდის ძირითადი შემადგენლობა ჯერ არ გამოკვეთილა.
15. ჰერტა: კობის კონკურენტები კარგად თამაშობენ
ლევან კობიაშვილის გუნდმა შვიდივე ტესტ-მატჩი მოიგო, თუმცა ძალიან სუსტი მეტოქეები ჰყავდა. შემადგენლობა დაკომპლექტებულია და ტრანსფერები აღარ იგეგმება. მთავარი ახალწვეულები - ჰოსოგაი, ლანგკამპი, ვან დერ ბერგი და ბაუმოიჰანი კარგად თამაშობენ.
16. ბრაუნშვაიგი: პრობლემა კუმბელას ტრავმაა
ელიტაში აღზევებულმა "ბრაუნშვაიგმა" ძირითად დროში მხოლოდ ერთი ტესტ-მატჩი წააგო - 0:4 "ბილბაოსთან". მთავარი პრობლემა გოლეადორ კუმბელას არყოფნაა, რომელიც ჯერ კიდევ ტრავმირებულია.
17. ვოლფსბურგი: მგლებმა განგაშის ზარებს შემოჰკრეს
ვოლფსბურგელები თანალიგელებთან ტესტ-მატჩებში დამარცხდნენ. დიტერ ჰეკინგის გუნდის პრობლემა შეუთამაშებლობაა. "ვოლფსბურგს" კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ შედეგს ვერა და ვერ აღწევს.
18. ვერდერი: ფეხბურთელები დუტს ჯერ ვერ უგებენ
ბუნდესლიგის 18 გუნდიდან დღესდღეობით ყველაზე ცუდ ფორმაში "ვერდერია". ბრემენული კლუბი წინა სეზონშიც არ ბრწყინავდა და ახლა სოკრატისისა და დე ბრუინის სახით ორი საუკეთესო ფეხბურთელიც დაკარგა.
ახალ მწვრთნელ რობინ დუტს წინამორბედ თომას შააფისგან მკვეთრად განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფია აქვს, მაგრამ შეგირდებს მისი ჯერ არ ესმით. ასეთი "ვერდერის" მიზანი მხოლოდ ელიტაში ადგილის შენარჩუნება თუ იქნება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"