შესაბამისად, ახალი სეზონის წინ გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელებმა "მაინცის" ცენტრფორვარდი ადამ სალაი გადაიბირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰუნტელაარი მომავალ სეზონში თავს მშვიდად ვეღარ იგრძნობს და წესით, უნდა გამოფხიზლდეს. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ჰოლანდიელთან, რომელიც "ბილდში" გამოქვეყნდა.
- ჰერ ჰუნტელაარ, საქმე იქამდე მივიდა, რომ თითქმის მთელი საფეხბურთო გერმანია "ბაიერნის" ცხოვრებით
- "ბაიერნმა" წინა სეზონში ჰეთ თრიქი შეასრულა და მიუხედავად ამისა, მაინც მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუნხენელთა ყურადღების ცენტრში ყოფნა ლოგიკურია. სეზონი ჯერ არ დაწყებულა და სიმართლე გითხრათ, ამაზე ბევრი არ მიფიქრია, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ ტიტულები მაისში რიგდება ხოლმე. მანამდე კი ყველაფერი შესაძლებელია და გამორიცხული არაფერია.
"შალკესთვის" ახლა ყველაზე მთავარი კარგი სტარტის აღებაა. თუ ამას მოვახერხებთ, მერე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიწიოთ წინ. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ გერმანიის ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ.
- საყოველთაო აზრით, თუკი რომელიმე კლუბს "ბაიერნისთვის" კონკურენციის გაწევა შეუძლია, პირველ რიგში, ეს "შალკეს" მოსისხლე მტერ "დორტმუნდზე" ითქმის. რა შანსი აქვს თქვენს გუნდს?
- "ბაიერნის" შემდეგ შანსი ყველა ამბიციურ კლუბს თანაბარი აქვს. რეკორდმაისტერს ჩვენც შევუტევთ. სხვა საქმეა, რამდენად გამოგვივა ეს.
- როგორ ფიქრობთ, "ბაიერნს" ჰეთ თრიქის გამეორება შეუძლია?
- ფაქტია, რომ მიუნხენურ კლუბს საამისოდ ყველა წინაპირობა აქვს შექმნილი. გვარდიოლას გუნდი ფავორიტი იქნება როგორც ბუნდესლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაში და გერმანიის თასზეც. ტესტ-მატჩებშიც გამოჩნდა, რომ "ბაიერნს" იდეალური გუნდი ჰყავს. ჰეთ თრიქის გამეორება ძალიან ძნელია. სტაბილურად კარგი თამაშით ბუნდესლიგას კი მოიგებ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში იღბალზეც ხარ დამოკიდებული.
თუმცა ეს "ბაიერნი" ისეთი გუნდი ჩანს, რომელიც იღბალზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.
- ბევრი ახალგაზრდა იულიან დრაქსლერზე ლაპარაკობს, რომელსაც ევროპის ტოპ-კლუბებიდან ძალიან ბევრი საინტერესო წინადადება ჰქონდა, მაგრამ "შალკეში" დარჩენა ამჯობინა...
- წინა სეზონში დრაქსლერი "შალკეს" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალია. ის უნიჭიერესი ფეხბურთელია და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ შეუძლია, რამდენიმე წელიწადში მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს. ვფიქრობ, რომ "შალკეში" დარჩენით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან აქ ყოველთვის ათამაშებენ და უფრო განვითარდება. ტოპ-კლუბში გადასვლას კი მერეც მოასწრებს.
- თქვენი მეგობარი გოგონა მედი ფეხმძიმედაა და მალე გააჩენს. ნერვიულობთ?
- სიმართლე გითხრათ, ცოტათი მართლაც ვნერვიულობ. პატარას 15 აგვისტოს ველოდებით, მაგრამ აქსელი და სები მოსალოდნელზე ადრე დაიბადნენ. როგორც იცით, ორი ვაჟის მერე გოგონა მეყოლება და ეს ძალიან მიხარია. მედიმ უკვე უყიდა ვარდისფერი ტანსაცმელი და სათამაშოები.
- არ გეშინიათ იმ დღის, როცა თქვენი ქალიშვილი სახლში პირველ მეგობარ ბიჭს მოიყვანს?
- შიში არაფერ შუაშია, მაგრამ მეც ვეთანხმები იმ აზრს, რომ მამისთვის ქალიშვილი ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. მამა ვალდებულია, თავის გოგონაზე იზრუნოს და დაიცვას იგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვინ როგორ ფორმაშია ბუნდესლიგში - პირველი ანალიზი სეზონის დაწყებამდე 16 დღით ადრე