ფილიპ ლამს დღემდე ძალიან კარგად ახსოვს 2012 წლის 22 ივნისი. იმ დღეს გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საბერძნეთს ეთამაშებოდა და სწორედ ლამი იყო ის კაცი, ვინც 39-ე წუთზე ბერძნების მეკარე ხალკიასს გოლი გაუტანა და ანგარიში გახსნა. გერმანია იმ შეხვედრას, სავარაუდოდ, ფილიპის
ამაში გასაოცარი არაფერია, რადგან ფილიპი ფლანგის მცველია, ამ პოზიციის წარმომადგენლებს კი გოლები იშვიათად გააქვთ ხოლმე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფილიპს გოლების გატანა არ უყვარს ან არ უნდა - ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგების შემდეგ მან პირველივე კომენტარში თქვა, მომავალ სეზონში ჩემი მიზანი ისიც იქნება, რომ ერთი გოლი მაინც გავიტანოო.
"ბაიერნს" 2013/14 წლების სეზონში ოფიციალური მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ახალ სეზონში ლამს არა ერთი, არამედ რამდენიმე გოლის გატანა შეეძლება. ტესტ-მატჩებში მან უკვე სამჯერ შეძლო მეტოქეთა კარის დალაშქვრა, ბოლოს კი ორიოდე დღის წინ, "ბარსელონასთან" 2:0-ზე მოგებულ შეხვედრაში იხეირა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ლამმა "ბარსას" თავით გაუტანა.
მატჩისშემდგომ კომენტარში ლამს აშკარად ეტყობოდა, რომ სულაც არ იყო აღფრთოვანებული: "რა გასაკვირია, რომ გავიტანე - მე ხომ შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობდი..." - აღნიშნა მოკრძალებით.
გვარდიოლა ფილიპს მარჯვენა მცველის პოზიციაზე აღარ ათამაშებს - პეპმა კაპიტანს ნახევარდაცვაში მოუნახა ადგილი. "ბარსელონასთან" "ბაიერნმა" ისევ 4-1-4-1 სქემით ითამაშა, ფილიპი კი შემტევი ნახევარმცველების ოთხეულიდან ერთ-ერთი იყო. რეკორდმაისტერის კაპიტანს სახეზეც ეწერა, რომ დაცვაში თამაში ურჩევნია.
"საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მირჩევნია, დაცვის მარჯვენა ფლანგზე ვიყო - იქ, სადაც წლების მანძილზე ვთამაშობდი. თუმცა მწვრთნელის სიტყვა ჩემთვისაც კანონია," - განმარტა ლამმა.
ლამს ნახევარდაცვისთვის გამოცდილება აკლია
პეპის გეგმები გასაგებია: ლამს აქვს ყველაფერი, რაც ისეთ მოთამაშეს სჭირდება, რომელსაც შემტევი ნახევარმცველი უნდა ეთქმოდეს, მაგრამ საყრდენ ნახევარმცველსაც უნდა დაეხმაროს და ფლანგზეც უნდა იბატონოს - ფილიპს კარგი პასების ჩამორიგებაც შეუძლია, სწრაფ ტემპსაც აჰყვება, ფლანგიდანაც ჩააწოდებს, მეტოქის შეტევასაც ჩაშლის და თუ მომენტი შეექმნა, დაგვირგვინებაც ეხერხება. სწორედ ამის გამო ჩამოყალიბდა ლამი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად, წინა სეზონი კი მთლიანად სტაბილურად, მაღალ დონეზე ჩაატარა.
"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთელს თავის პოზიციაზე თამაშის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. პირადად მე გამოცდილება მარჯვენა ან მარცხენა მცველის პოზიციაზე მაქვს. ნახევარდაცვაში კი აქამდე არასდროს მითამაშია," - ასეთი განცხადება გააკეთა ლამმა.
პეპს ლამი ნახევარდაცვაში უფრო მოსწონს?
გვარდიოლას ლამის შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, კარგად აქვს შესწავლილი და იცის, რა შეუძლია ფილიპს დაცვის მარჯვენა ფლანგზე. თუმცა, ამავდროულად, პეპს თავისი ტაქტიკური მოსაზრებები აქვს და არაერთხელ უთქვამს, რომ მისი აზრით, მრავალმხრივი ფეხბურთელის მრავალმხრივად გამოყენება ურჩევნია. პეპმა ფილიპი ნახევარდაცვაში უკვე იმდენჯერ ათამაშა, აშკარად დარწმუნებული ჩანს იმაში, რომ ლამი ნახევარდაცვაში დაცვაზე არანაკლებ კარგად ითამაშებს.
"ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ ფილიპის შესახებ კითხვა, რა თქმა უნდა, გვარდიოლასაც დაუსვეს და აი, რა უპასუხა პეპმა: "ფილიპი იმდენად ინტელექტუალი ფეხბურთელია, რომ ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში - ფლანგზეც, გამთამაშებლადაც და საყრდენ ნახევარმცველადაც!"
კითხვაზე, თუ რომელ ფეხბურთელებს ათამაშებს გვარდიოლა ნახევარდაცვაში, როცა ყველა მისი შეგირდი კარგ ფორმაში იქნება, პასუხის გაცემა მხოლოდ თავად პეპს შეუძლია. ამ ეტაპზე კი ფაქტი ისაა, რომ ესპანელი სპეციალისტი ნახევარდაცვაში ფილიპ ლამსაც მოიაზრებს. რა თქმა უნდა, ისიც შესაძლებელია, რომ პეპმა ლამი მარჯვენა მცველის პოზიციაზეც ხშირად ათამაშოს - მით უმეტეს, რომ რაფინია ფილიპს მთლად ღირსეულად ვერ ცვლის; მაგრამ ისიც რეალურია, რომ რეკორდმაისტერის კაპიტანი ამიერიდან მისთვის უჩვეულო პოზიციაზე ვიხილოთ ხოლმე - მიუხედავად იმისა, რომ თავად ლამს ეს იდეა არ აღაფრთოვანებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ხავი მარტინესი: იქ ვითამაშებ, სადაც ხოსეპ გვარდიოლა ინებებს