შტეფან კისლინგი "ბაიერის" ერთგულია

AutoSharing Option
ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა შტეფან კისლინგმა "ლევერკუზენთან" კონტრაქტი 2017 წლამდე გააგრძელა (მის ძველ ხელშეკრულებას ვადა 2015 წლის ზაფხულამდე ჰქონდა).

ეს იმას ნიშნავს, რომ 29 წლის თავდამსხმელი "ლევერკუზენში" რჩება. ანდრე შიურლეს წასვლის შემდეგ, რომელიც ლონდონის "ჩელსიში" გადავიდა, "ბაიერის" ხელმძღვანელებს კისლინგის დაკარგვისაც ეშინოდათ, ახალი კონტრაქტი კი იმას ნიშნავს, რომ "ლევერკუზენის" სპორტულ დირექტორ რუდი ფიოლერს შეუძლია მშვიდად იყოს - ახლო მომავალში შტეფანი კვლავ "ლევერკუზენის" ფეხბურთელი იქნება.

მოკლედ მიმოვიხილოთ შტეფანის კარიერა: კისლინგმა ფეხბურთის თამაში ბამბერგის "აინტრახტში" დაიწყო, ბუნდესლიგაში დებიუტი კი 2002 წლის 26
აპრილს, "ნიურნბერგის" რიგებში ჰქონდა.

ამ კლუბის ფორმით 73 მატჩში 15 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც, 2006 წელს "ლევერკუზენში" გადაბარგდა, სადაც 220 მატჩში 98 გოლის გატანა მოახერხა. 2009/2010 წლების სეზონში კისლინგმა ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში 21 გოლით მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ედინ ჯეკოს (22 გოლი) ჩამორჩა, გასულ სეზონში კი 25 გოლით გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მიუხედავად ამისა, მას გერმანიის ნაკრებში აღარ იწვევენ. კისლინგმა ბუნდესგუნდის ფორმა ბოლოს 2010 წლის 10 აგვისტოს, მუნდიალზე, მესამე ადგილისთვის მატჩში მოირგო. მას მერე გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი შტეფანს ეროვნულ გუნდში აღარ უხმობს. არადა, კისლინგი ბოლო წლების ყველაზე შედეგიანი გერმანელი ცენტრფორვარდია. შტეფანი იმედს მაინც არ კარგავს - მისი მიზანი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე მოხვედრაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შტეფან კისლინგი: ჩემპიონობაც შეგვიძლია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული