გერმანიის სუპერთასის წინ: პირველი დუელი

AutoSharing Option
ბუნდესლიგის დაწყებამდე ორი კვირაა დარჩენილი, მაგრამ გერმანიაში ახალი სეზონი ოფიციალურად სუპერთასის გათამაშებით იწყება.

გერმანიის სუპერთასისთვის ჩემპიონი და თასის მფლობელი "ბაიერნი" ვიცე-ჩემპიონ დორტმუნდის "ბორუსიას" შეებრძოლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მონატრებული საკლუბო ფეხბურთის პირველი ბრწყინვალე დუელი გველის.

ტელეკომის ან ული ჰიონესის თასს სათვალავში, რა თქმა უნდა, არავინ აგდებს - ხოსეპ გვარდიოლას "ბაიერნთან" ერთად პირველი ოფიციალური ტიტულის მოგების შანსი დღეს, დორტმუნდში დაგეგმილ სუპერთასის შეხვედრაში ეძლევა.

"პირადად მე ყველა თამაშის მოგება მინდა
და მჯერა, რომ ბიჭებსაც ასეთი განწყობა აქვთ. ფიზიკური ორთაბრძოლებით დატვირთული თამაში იქნება და ჩვენ ამ ბრძოლისთვის მზად ვართ,
" - განაცხადა 42 წლის ესპანელმა სპეციალისტმა 26 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, ოდნავადაც არ მაღელვებს ის ფაქტი, რომ ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალის რიმეიქიაო.

პირდაპირი რეპორტაჟი 195 ქვეყანაში
დორტმუნდში რევანშისტული განცხადებები არ გაუკეთებიათ და არც ბავარიელები იქადნებიან დიდად, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა არ არის და ვერც იქნება იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ბოლო წლებში "ბორუსიასა" და "ბაიერნს" შორის ხდებოდა და რაც ახლახან მარიო გიოტცეს ხმაურიანი ტრანსფერით გაგრძელდა. ამავდროულად, ეს მატჩი ბუნდესლიგის რიგით 51-ე სეზონისწინა მოთელვაცაა და გერმანული საკლუბო ფეხბურთის მორიგი ზეიმიც - თავად განსაჯეთ, გერმანიის სუპერთასის დღევანდელი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი მსოფლიოს 195 ქვეყანაში გადაიცემა!

"ჩვენ გვინდა, რომ ამ თამაშის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთოთ. საკუთარ მოედანზე, 80 000 მაყურებლის თვალწინ ვთამაშობთ და ცხადია, რომ ძალიან მოტივირებულები ვიქნებით,"
- ეს "ბორუსიას" თავკაც იურგენ კლოპის სიტყვებია. დორტმუნდელები ამბობენ, მოტივაციის მოსამატებლად შარშანდელი სუპერთასის (2:1 "ბაიერნის" სასარგებლოდ) ან ჩემპიონთა ლიგის ფინალის გახსენება სულაც არ გვჭირდება, "ბაიერნთან" ჩვენი მონდომება ყოველთვის განსაკუთრებულიაო.

მაგრამ დორტმუნდელები (და, სხვათა შორის, ბავარიელებიც) ვერსად გაექცევიან იმ ფაქტს, რომ "ბაიერნისა" და "დორტმუნდს" შორის გაჩაღებულ ცეცხლში მარიო გიოტცეს ტრანსფერმა ნავთი დაასხა. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდელი ვარსვლავბიჭუნა მიუნხენში 37 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ცეცხლზე ნავთს ასხამს რობერტ ლევანდოვსკის საკითხიც, რომელსაც ასევე "ბაიერნში" გადასვლა უნდოდა, მაგრამ "ბორუსიას" ხელმძღვანელებმა არ გაუშვეს. აქედან გამომდინარე, დღეს პოლონელი გოლეადორი ყურადღების ცენტრში იქნება და საინტერესოა, რამდენად და როგორ დაიხარჯება "დორტმუნდისთვის". შეიძლება ითქვას, რომ ეს ლევანდოვსკის პროფესიონალიზმის გამომცდელი მატჩიცაა.

გიოტცე მიუნხენში დარჩა
წესით, ამ შეხვედრაში გიოტცე დორტმუნდს და დორტმუნდელებს ოფიციალურად უნდა გამომშვიდობებოდა, მაგრამ მარიოს გამოთხოვება არ შედგება - "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" შეფებს შეეშინდათ, რომ გიოტცეს გამოჩენა ფანების უდიდეს პროტესტს გამოიწვევდა და გადაწყვიტეს, რომ მარიოსთან ოფიციალურ დამშვიდობებაზე უარი ეთქვათ, ამრიგად, გიოტცე მიუნხენში დარჩა და ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

დორტმუნდელები მიიჩნევენ, რომ ამ შეხვედრაში საქმე მხოლოდ 5.5-კილოგრამიან და 53-სანტიმეტრიან თასს არ ეხება. "ბორუსიას" დაცვის ბურჯი მატს ჰუმელსი ამბობს, "ბაიერნს" აუცილებლად უნდა მოვუგოთ და დავამტკიცოთ, რომ რეკორდმაისტერისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევა მომდევნო სეზონშიც შეგვიძლიაო.

აღსანიშნავია, რომ შარშან, "ბაიერნმა" "დორტმუნდის" სუპერთასზე დამარცხებით "ბორუსიასთან" ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, რის შემდეგაც რეკორდმაისტერმა ბრწყინვალე, არსებობის ისტორიაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა.

"ბაიერნში" სუპერთასს დიდ მნიშვნელობას აღარ ანიჭებენ
"შარშან სუპერთასი გარდამტეხი გამოდგა. მაშინ ამ თამაშის მოგება ბავშვივით მიხაროდა, ახლა კი, მას მერე, რაც დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც დავამარცხეთ, სუპერთასს იმდენად დიდ მნიშვნელობას აღარ ვანიჭებ. ახლა ეს ჩემთვის უბრალოდ პრესტიჟული მატჩია," - განაცხადა "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა.

"ჩვენს პრეზიდენტს აბსოლუტურად ვეთანხმები. შარშანდელ სუპერთასს სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა, წელს კი ამ თამაშის მოგება ისეთი მნიშვნელოვანი აღარ არის, მაგრამ როგორც მწვრთნელმა თქვა, ჩვენ ყველა მატჩის მოგება გვინდა და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ეს შეხვედრაა," - ეს თომას მიულერის სიტყვებია.

გვარდიოლა, რომელმაც "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში ოთხი წლის მანძილზე 14 ტიტული მოიგო, მოედანზე მთლად საუკეთესო შემადგენლობას ვერ გაიყვანს. "ბარსასთან" მატჩში "ბაიერნს" ფრანკ რიბერი და მანუელ ნოიერი დაუშავდნენ. მათი ტრავმები სერიოზული არაა, მაგრამ ბავარიელები რისკს მოერიდნენ და ნოიერიცა და რიბერიც მიუნხენში დატოვეს. "ბაიერნის" სამედიცინო შტაბის ოფიციალური განცხადებით, 5 აგვისტომდე, როცა "ბაიერნი" გერმანიის თასის პირველ რაუნდში "რედენის" წინააღმდეგ უნდა წარსდგეს, ორივე მწყობრში იქნება. რაკი მარიო გიოტცეც ტრავმირებულია, "ბაიერნის" მხრიდან ყურადღების ცენტრში უდავოდ ტიაგო ალკანტარა იქნება, რომელიც "ბაიერნმა" "ბარსელონადან" 25 მილიონ ევროდ გადაიბირა.

საკადრო პრობლემა "დორტმუნდის" თავკაც იურგენ კლოპსაც აქვს - "ბორუსიასაც" უმთავრესი ახალწვეული აკლია: "შახტარიდან" სარეკორდო 27 მილიონად ნაყიდი სომეხი ვარსკვლავი ჰენრიხ მხითარიანი ტრავმირებულია და დღეს მოედანზე ვერც მას ვნახავთ. მცირე ტრავმები აწუხებთ კიდევ ერთ ახალწვეულ პიერ-ემერიკ ობამეიანსა და მარჯვენაფლანგელ იაკუბ ბლაშჩიკოვსკის, თუმცა ისინი მინიმუმ სათადარიგოთა სკამზე მაინც იქნებიან.

სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ჰოფმანი, გიუნდოგანი, როისი - ლევანდოვსკი.
ბაიერნი (4-1-4-1): შტარკე - ლამი, ბოატენგი, ვან ბუიტენი, ალაბა - ტიაგო - რობენი, თ. მიულერი, კროოსი, შაჩირი - მანჯუკიჩი.
არბიტრი: იოხენ დრეესი (მიუნსტერი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბაიერნი-ბარსელონა 2:0 - ული ჰიონესის თასი მიუნხენში დარჩა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული