ფრანკ რიბერი კი არა, ბასტიან შვაინშტაიგერი!

AutoSharing Option
გერმანულმა სპორტულმა ჟურნალმა "კიკერმა" გერმანელ სპორტულ ჟურნალისტებს შორის ტრადიციული, ყოველწლიური გამოკითხვა ჩაატარა და საფეხბურთო წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი, მწვრთნელი და ქალი ფეხბურთელი დაასახელა.

ეს გახლდათ "კიკერის" რიგით 54-ე გამოკითხვა, რომელიც ამჯერად, ბევრისთვის მოულოდნელად ბასტიან შვაინშტაიგერმა მოიგო. "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა 527-დან 92 ხმა მიიღო, რაც პირველობისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ასეთი შედეგი მოულოდნელი იმიტომ გახლდათ, რომ საფეხბურთო გერმანია ფრანკ რიბერის აღიარებას ელოდა. საუკეთესო მწვრთნელი მოლოდინისამებრ "ბაიერნის" ექს-დამრიგებელი იუპ ჰაინკესი გახდა, საუკეთესო ქალ ფეხბურთელად კი, ასევე მოულოდნელად, მარტინა მიულერი აღიარეს.

28 წლის
ბასტიან შვაინშტაიგერი "ბაიერნის" რიგით მე-19 ფეხბურთელია, რომელმაც ეს გამოკითხვა მოიგო, ხოლო თავად შვაინისთვის, რომელმაც პროფესიონალურ დონეზე მე-11 სეზონი ჩაატარა, ეს ჯილდო პირველია. აღსანიშნავია, რომ ამ გამოკითხვის რეკორდსმენი ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერია, რომელიც გერმანელმა ჟურნალისტებმა თავის დროზე საუკეთესოდ ოთხჯერ აღიარეს.

მეორე ადგილზე ფრანკ რიბერი გავიდა, რომელმაც 87 მიიღო და შვაინშტაიგერს მხოლოდ 5 ხმით ჩამორჩა, მესამე კი ასევე ბაიერნელი თომას მიულერია 85 ხმით. როგორც ხედავთ, საუკეთესო სამეული "ბაიერნის" მოთამაშეებით დაკომპლექტდა. მეოთხე ადგილზე დორტმუნდის "ბორუსიას" პოლონელი გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი გავიდა, რომელიც გაისად დიდი ალბათობით ასევე "ბაიერნის" ფეხბურთელი გახდება.

შარშანდელი გამარჯვებული მარკო როისი კი ამჯერად მე-11 ადგილზე აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ 15 საუკეთესოდან 9 ფეხბურთელი ბაიერნელია, ხუთი კი დორტმუნდელი. თხუთმეტეულში ამ ორი გრანდის მოთამაშეების გარდა მხოლოდ ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი) მოხვდა, რომელიც მეექვსე ადგილზე გავიდა.

"სიმართლე ვთქვა, მიკვირს, რომ გამოკითხვა მე მოვიგე, - ასეთი იყო შვაინშტაიგერის პირველი რეაქცია, - განსაკუთრებით იმიტომ გამიკვირდა, რომ ეს გამოკითხვა სპორტულ ჟურნალისტებს შორის ტარდება, რადგან წინა სეზონში იყო რამდენიმე ფაზა, როცა ჟურნალისტები მაკრიტიკებდნენ. აღიარება ჩემთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივია, მაგრამ "ბაიერნის" წარმატებების გარეშე ამ გამოკითხვას ნამდვილად ვერ მოვიგებდი. შესაბამისად, ეს არა მარტო ჩემი, არამედ მთელი გუნდის ტიტულია."

ჰაინკესი კიდევ ერთხელ დაფასდა
სამაგიეროდ, საუკეთესო მწვრთნელის გამოკითხვა უდიდესი უპირატესობით მოიგო იუპ ჰაინკესმა, რომელმაც 517-დან 383 ხმა (!) მიიღო. 68 წლის სპეციალისტმა, რომელიც ჰეთთრიკის მოგების შემდეგ პენსიაზე გავიდა, შარშანდელი გამარჯვებული იურგენ კლოპი (დორტმუნდი) ჩაანაცვლა. "დონ იუპი" ამ წარმატებას მისი გრძელი კარიერის ღირსეულ დასასრულს უწოდებს:

"ჩემი სამწვრთნელო კარიერა მართლაც ზღაპრულად დასრულდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად ყველა ოცნება ამიხდა!"

ჰაინკესის შემდეგ, მეორე ადგილზე "ფრაიბურგის" დამრიგებელი კრისტიან შტრაიხი გავიდა (77 ხმით), შარშანდელი და შარშანწინდელი გამარჯვებული იურგენ კლოპი კი ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა - "დორტმუნდის" თავკაცმა, რომელმაც თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, ჩვენი გერმანელი კოლეგებისგან მხოლოდ 19 ხმა მიიღო.

საუკეთესო ფეხბურთელი
ფეხბურთელი გუნდი ხმა
1. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 92
2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 87
3. თომას მიულერი ბაიერნი 85
4. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 55
5. ფილიპ ლამი ბაიერნი 38
6. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 35
7. მარიო გიოტცე* დორტმუნდი 19
8. ილქაი გიუნდოგანი დორტმუნდი 18
9. რომან ვაიდენფელერი დორტმუნდი 16
10. არიენ რობენი ბაიერნი 15

* სეზონის დასრულების შემდეგ მარიო გიოტცე "ბაიერნში" გადავიდა

საუკეთესო მწვრთნელი
მწვრთნელი გუნდი ხმა
1. იუპ ჰაინკესი ბაიერნი 383
2. კრისტიან შტრაიხი ფრაიბურგი 77
3. იურგენ კლოპი დორტმუნდი 19
4. მარკუს ვაინცირლი აუგსბურგი 13
5. არმინ ფეე აინტრახტი 8
6. მარკუს გისდოლი ჰოფენჰაიმი 8
7. ტორსტენ ლიბერკნეხტი ბრაუნშვაიგი 8
8. რალფ კელერმანი ვოლფსბურგი (ქალები) 2

ყველა საუკეთესო ფეხბურთელი
"კიკერის" გამოკითხვის ყველა გამარჯვებული 1960 წლიდან

წელი ფეხბურთელი გუნდი
2013 ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი
2012 მარკო როისი გლადბახი
2011 მანუელ ნოიერი შალკე
2010 არიენ რობენი ბაიერნი
2009 გრაფიტე ვოლფსბურგი
2008 ფრანკ რიბერი ბაიერნი
2007 მარიო გომესი შტუტგარტი
2006 მიროსლავ კლოზე ვერდერი
2005 მიხაელ ბალაკი ბაიერნი
2004 აილტონი ვერდერი
2003 მიხაელ ბალაკი ბაიერნი
2002 მიხაელ ბალაკი ლევერკუზენი
2001 ოლივერ კანი ბაიერნი
2000 ოლივერ კანი ბაიერნი
1999 ლოთარ მათეუსი ბაიერნი
1998 ოლივერ ბირჰოფი უდინეზე
1997 იურგენ კოლერი დორტმუნდი
1996 მათიას ზამერი დორტმუნდი
1995 მათიას ზამერი დორტმუნდი
1994 იურგენ კლინსმანი ტოტენჰემი
1993 ანდრეას კიოპკე ნიურნბერგი
1992 თომას ჰესლერი რომა
1991 შტეფან კუნტცი კაიზერსლაუტერნი
1990 ლოთარ მათეუსი ინტერი
1989 თომას ჰესლერი კიოლნი
1988 იურგენ კლინსმანი შტუტგარტი
1987 უვე რანი გლადბახი
1986 ჰარალდ შუმახერი კიოლნი
1985 ჰანს-პეტერ ბრიგელი ვერონა
1984 ჰარალდ შუმახერი კიოლნი
1983 რუდი ფიოლერი ვერდერი
1982 კარლჰაინც ფიორსტერი შტუტგარტი
1981 პაულ ბრაიტნერი ბაიერნი
1980 კარლ-ჰაინც რუმენიგე ბაიერნი
1979 ბერტი ფოგთსი გლადბახი
1978 ზეპ მაიერი ბაიერნი
1977 ზეპ მაიერი ბაიერნი
1976 ფრანც ბეკენბაუერი ბაიერნი
1975 ზეპ მაიერი ბაიერნი
1974 ფრანც ბეკენბაუერი ბაიერნი
1973 გიუნტერ ნეტცერი გლადბახი
1972 გიუნტერ ნეტცერი გლადბახი
1971 ბერტი ფოგთსი გლადბახი
1970 უვე ზეელერი ჰამბურგი
1969 გერდ მიულერი ბაიერნი
1968 ფრანც ბეკენბაუერი ბაიერნი
1967 გერდ მიულერი ბაიერნი
1966 ფრანც ბეკენბაუერი ბაიერნი
1965 ჰანს ტილკოვსკი დორტმუნდი
1964 უვე ზეელერი ჰამბურგი
1963 ჰანს შეფერი კიოლნი
1962 კარლ-ჰაინც შნელინგერი კიოლნი
1961 მაქს მორლოკი ნიურნბერგი
1960 უვე ზეელერი ჰამბურგი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული