ხოსეპ გვარდიოლას დაპირება: ყველაფერი კარგად იქნება!

AutoSharing Option
პეპ გვარდიოლა კარგი საფეხბურთო მასწავლებელია - ამაზე გერმანიაში არავინ დავობს. მართალია, "ბაიერნი" სუპერთასისთვის ბრძოლაში "დორტმუნდთან" 2:4 დამარცხდა, მაგრამ გვარდიოლას მეორე დღეს მაინც კარგი პრესა ჰქონდა.

"ბორუსიასთან" შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ესპანელმა გუნდი დიდწილად უკვე დაიმორჩილა, მაგრამ გამოჩნდა ისიც, რომ პეპს ჯერ კიდევ ბევრი საქმე აქვს.
"დორტმუნდთან" მატჩში გვარდიოლა თითქმის მთელი 90 წუთი ფეხზე იქდგა და შეგირდებს ჟესტიკულაციებით თუ სიტყვებით სხვადასხვა დავალებას აძლევდა.

პეპი პაუზების დროსაც კი არ ცხრებოდა და ასე ვთქვათ, კალათბურთის მწვრთნელივით აქტიური იყო. მიუნხენელებს "დორტმუნდთან" წაგება არ ესიამოვნათ, მაგრამ
გვარდიოლა არავის გაუკრიტიკებია. თუმცაღა, ამ მატჩმა აშკარად გამოაჩინა ის, რომ "ბაიერნის" თამაში არც ისეთი სრულყოფილი ყოფილა, როგორც ტესტ-მატჩებში ჩანდა.

"ბოლო დღეებში ჩვენზე მხოლოდ აღმატებით ფორმაში საუბრობდნენ. ყველა ამბობდა, "ბაიერნი" სრულყოფილი გუნდია, გუნდი ახალ სეზონს იდეალურ ფორმაში ხვდებაო, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ასე არ არის და ვფიქრობ, რომ ეს "დორტმუნდთან" შეხვედრაში კარგად გამოჩნდა," - აცხადებს მიუნხენური გრანდის კაპიტანი ფილიპ ლამი და დასძენს: "თუ გვინდა, რომ ბუნდესლიგის სტარტს მართლაც იდეალური მზადყოფნით შევხვდეთ, ამ 10 დღეში მაგრად უნდა ვიმუშავოთ."

მუშაობა პირველ რიგში გვარდიოლას ტაქტიკის სრულფასოვნად გათავისებაზე უნდა გაგრძელდეს. ფაქტია, რომ პეპის 4-1-4-1-ს ბავარიელებმა ალღო ჯერ ისე ვერ აუღეს, როგორც ამას თავად ესპანელი სპეციალისტი ინატრებდა. პეპის წინამორბედი იუპ ჰაინკესი გუნდს 4-2-3-1 სქემით ათამაშებდა და ამ სქემაში მთავარი მაინც უკანა ხაზის სტაბილურად მოწოდების სიმაღლეზე დგომა გახლდათ. მართალია, ვერავინ იტყვის, რომ ჰაინკესის ხელში "ბაიერნი" დაცვაზე ორიენტირებული იყო, მაგრამ "დონ იუპის" საფეხბურთო იდეოლოგიის მთავარი ასპექტი სწორედ საკუთარი კარის უსაფრთხოება, მცველებისა და საყრდენი ნახევარმცველების კომპაქტურად დგომა იყო.

გვარდიოლას ხელში კი ვითარება შეიცვალა და პრიორიტეტი პეპის საფეხბურთო ფილოსოფიის უმთავრეს ლაიტმოტივებს, ბურთის ფლობას, პოზიციების მუდმივ ცვლას, სწრაფ, მოკლე პასებს და ერთი სიტყვით, მასირებულ შეტევას მიენიჭა. სწორედ ეს არის პეპის ხელწერა, რაც "ბაიერნს" უკვე ეტყობა, მაგრამ ახალ სქემაზე გადაწყობა თავის მხრივ პრობლემატურიც აღმოჩნდა.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გვარდიოლას ტაქტიკა მხოლოდ ერთ კლასიკურ საყრდენ ნახევარმცველს გულისხმობს, რასაც ბავარიელები ჯერ ვერ შეეგუენ. თანაც, პეპი ფეხბურთელებს ძალიან ხშირად უცვლის პოზიციებს:

მაგალითად, "დორტმუნდთან" თომას მიულერი ცენტრალური შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშა, კროოსი და ალკანტარა ერთმანეთში პოზიციებს ცვლიდნენ, ლამი კი მარჯვენა მცველის პოზიციაზე დააბრუნა (წინა ორ ტესტმატჩში ფილიპი ნახევარდაცვაში ჰყავდა). მოულოდნელი იყო პეპის გადაწყვეტილება წინა ხაზზეც: "დორტმუნდთან" მარიო მანჯუკიჩი თავიდან მარცხენა გარემარბის პოზიციაზე (!) ვიხილეთ, ცენტრში კი, ყველაზე წინ ჯერდან შაჩირი ირჯებოდა (რობენი მარჯვნიდან უტევდა). მეორე ტაიმში რობენი მარცხნივ გადავიდა, შაჩირი - მარჯვნივ, ხოლო მანჯუკიჩი კი მისთვის ჩვეულ, ცენტრფორვარდის პოზიციაზე დადგა.

ფეხბურთელები ადრე თუ გვიან ნებისმიერი ტაქტიკას ეგუებიან ხოლმე, ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ გვარდიოლას იდეა მხოლოდ შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთია.

"დორტმუნდთან" შეცდომებიც ბევრი იყო, რომლებსაც აუცილებლად გამოვასწორებთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა," - ამბობს 42 წლის პეპი.

ზამერი: შვაინშტაიგერი უალტერნატივოა!
როგორც იცით, გერმანელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა "კიკერის" ტრადიციულ გამოკითხვაში გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ბასტიან შვაინშტაიგერი დაასახელეს. სწორედ ამ თემას მოჰყვა დისკუსია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, გვარდიოლას 28 წლის ნახევარმცველი აღარც სჭირდებოდეს. საქმე იმაშია, რომ პეპი 4-1-4-1 ტაქტიკურ სქემაში საყრდენად ყოველთვის ტიაგო ალკანტარას ათამაშებს ხოლმე, რაც იწვევს ეჭვს, რომ პეპის სქემაში შვაინშტაიგერის ადგილი არაა. ამ თემას გუშინ "ბაიერნის" სპორტული დირექტორი მათიას ზამერი გამოეხმაურა.

"ბასტიანის შესახებ ნებისმიერი სახის დისკუსია დაუშვებელია. შვაინშტაიგერი "ბაიერნის" ლიდერია და მის გარეშე ეს გუნდი ვერ წარმომიდგენია. პირადად ჩემი აზრით, შვაინშტაიგერი დღესდღეობით მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია. მისი შესაძლებლობების ან შანსების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ შეიძლება," - უთხრა ზამერმა ჟურნალ "შპორტ ბილდს" და ამ განცხადებით გვარდიოლას ირიბად მოუწოდა, რომ "შვაინიმ" ძირითადში უნდა ითამაშოს.

გაითვალისწინებს თუ არა პეპი შეფის აზრს, ამ კითხვაზე პასუხს დრო, უფრო კონკრეტულად, ბუნდესლიგის პირველივე ტურში მივიღებთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საკუთარი კაბინეტი ხოსეპ გვარდიოლას
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული