იოახიმ ლიოვი: "დორტმუნდი" "ბაიერნს" შეებრძოლება!

AutoSharing Option
საფეხბურთო გერმანია სერიოზულად წუხს იმაზე, რომ ბუნდესლიგის ახალი სეზონი, შესაძლოა, მოსაწყენი გამოვიდეს. გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი კი ასე არ ფიქრობს - 53 წლის ბუნდესმწვრთნელს მიაჩნია, რომ მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონობას იოლად ვერ შეინარჩუნებს.

ბუნდესლიგა ამ კვირაში იწყება და ამას სხვებთან ერთად იოგიც გრძნობს - სანამ 14 აგვისტოს დაგეგმილი ამხანაგური მატჩისთვის (პარაგვაისთან) შემადგენლობას დაასახელებს (ეს ხუთშაბათისთვის იგეგმება), ლიოვს იმ კლუბების მწვრთნელებთან მოუწევს ჩამორეკვა, საიდანაც ფეხბურთელები უნდა გამოიძახოს. სხვებთან ერთად მას "ბაიერნის" თავკაც ხოსეპ გვარდიოლასთანაც მოუწევს გასაუბრება.

ისე, ეს სეზონი
თავად ლიოვისთვისაც უმნიშვნელოვანესია - მომავალ ზაფხულს ხომ მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. გთავაზობთ ინტერვიუს გერმანიის ნაკრების დამრიგებელთან, რომელიც "ბილდში" გამოქვეყნდა.

- ჰერ ლიოვ, რას ფიქრობთ "ბაიერნის" ახალ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლაზე?
- ძალიან გამიკვირდა და მესიამოვნა ის, რომ გვარდიოლამ პირველივე პრესკონფერენციაზე გერმანულად ილაპარაკა. გვარდიოლამ ჩემზე თავდაჯერებული, მტკიცე და წარმატებებს შეჩვეული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. მას მკაფიო და ყველასათვის გასაგები იდეები და საფეხბურთო ფილოსოფია აქვს. მჯერა, რომ "ბაიერნში" ყველა იდეას უმტკივნეულოდ განახორციელებს. მისი ვარჯიშების შესახებაც ბევრი რამ ვიცი და შემიძლია ვთქვა, რომ პეპი ბუნდესლიგისთვის და ზოგადად გერმანული ფეხბურთისთვის მართლაც დიდი შენაძენია.

- საიდან გაქვთ დეტალური ინფორმაცია პეპის ვარჯიშების შესახებ?
- "ბაიერნი" გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებითაა გადაჭედილი, მე კი მათთან ხშირი კონტაქტი მაქვს. ცხადია, ყოველთვის ვეკითხები, რა ხდება ვარჯიშებზე და ისინიც ყველაფერს დეტალურად მიყვებიან.

- ეს სეზონი თქვენთვისაც უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან წინ მსოფლიოს ჩემპიონატია. საფეხბურთო გერმანია თქვენგან და თქვენი გუნდისგან მხოლოდ ჩემპიონობას ითხოვს. გვარდიოლას კი ჰეთ-თრიკის გამეორებას მოსთხოვენ. როგორ ფიქრობთ, გაუძლებს ესპანელი ამ უმძიმეს წნეხს?
- "ბაიერნს" ჰეთ-თრიკი რომ არ შეესრულებინა, გვარდიოლა წნეხის ქვეშ მაინც მოექცეოდა, რადგან რეკორდმაისტერისგან ყოველთვის მხოლოდ ტიტულებს ითხოვენ. მე მგონია, რომ პეპი ზეწოლას გაუძლებს - ის ხომ "ბარსელონას" მწვრთნელი იყო, სადაც ასევე ყოველთვის მაქსიმუმს სთხოვდნენ.

- გერმანია მოუთმენლად ელის პეპისა და იურგენ კლოპის დუელს...
- დორტმუნდის "ბორუსია" საკმარისად ძლიერ კლუბად მიმაჩნია იმისათვის, რომ "ბაიერნს" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს. არა მგონია, რომ მიუნხენელებმა გერმანიის ჩემპიონობა იოლად შეინარჩუნონ. ჩემი აზრით, ბუნდესლიგა დაძაბული იქნება. "შალკესაც" საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავს და რესურსი "ლევერკუზენს" და "შტუტგარტსაც" აქვთ. თუმცა გერმანიის ჩემპიონობისთვის ორი გუნდი იბრძოლებს: "ბაიერნი" და "დორტმუნდი".

- ...და პირველობა მაინც "ბაიერნს" დარჩება?
- ფაქტია, რომ "დორტმუნდს" "ბაიერნისთვის" კონკურენციის გაწევა შეუძლია, თუმცა ცხადია ისიც, რომ რეკორდმაისტერს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს. სეზონი გრძელია და იმასაც აქვს მნიშვნელობა, მიიღებენ თუ არა ტრავმებს წამყვანი ფეხბურთელები. ლოგიკურად "ბაიერნი" უნდა გახდეს ჩემპიონი.

- ჩემპიონთა ლიგაში გერმანული კლუბებისგან რას ელით?
- მხოლოდ გულუბრყვილო კაცი თუ იფიქრებს იმას, რომ რაკი წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გერმანულმა გუნდებმა ითამაშეს, ამიერიდან ჩემპიონთა ლიგაში ვიბატონებთ. გერმანულ, იტალიურ, ესპანურ და ინგლისურ ტოპ-კლუბებს შორის მინიმალური განსხვავებებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაში ყველაფერი მოსალოდნელია და არაფერია გამორიცხული.

- მიროსლავ კლოზეს იტალიაში მარიო გომესიც შეუერთდა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იტალიის ჩემპიონატს ახლა გაცილებით მეტ დროს დაუთმობთ?
- მარიომ მეც მკითხა აზრი და ვურჩიე, ფლორენციაში წასულიყო. გომესს ამბიციური და თან ისეთი გუნდი სჭირდებოდა, სადაც ენდობოდნენ და ვფიქრობ, რომ "ფიორენტინა" სწორედ ასეთი კლუბია. შემოდგომაზე ფლორენციაში აუცილებლად ჩავალ და გომესის თამაშს დავესწრები.

- როდის გვეცოდინება, სად დაიდებს ბინას ბუნდესგუნდი ბრაზილიის მუნდიალზე?
- დიდი არჩევანი გვაქვს და გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. შესაძლოა, ახლო მომავალში ბრაზილიაში გავფრინდეთ და რამეს შევარჩევთ. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ მივიღებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იოახიმ ლიოვი: 3-4 წელში ბუნდესლიგა ინგლისურ პრემიერლიგას და ესპანურ ლა ლიგას გაასწრებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული