ცდას წინ არაფერი უდგას. სწორედ ამიტომ მიიყვანეს რეკორდმაისტერის ბოსებმა მიუნხენურ გრანდში ხოსეპ გვარდიოლა. გერმანიის თასის პირველი ეტაპის მატჩში (5:0 "რედენთან") 42 წლის პეპს პირველად შეეტყო, რომ უმძიმესი წნეხის ქვეშაა.
გვარდიოლამ იცოდა, რომ მიუნხენში ზეწოლის ქვეშ მოექცეოდა - რეკორდმაისტერს ისედაც მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა მოეთხოვება და მით უმეტეს მაშინ, როცა სამივე ძირითადი ტიტული მოგებული
მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი მსოფლიოში საუკეთესო კლუბში - ამ წნეხის გამკლავება იოლი ნამდვილად არ არის, რაც გვარდიოლამ ტელეკომპანია ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც დაადასტურა.
"ადვილი არ არის, როცა ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებას გთხოვენ და ეს განცდა ჩემთვის უცხო არაა. ხალხი ფიქრობს, რომ ყველა თამაში 6:0 ან 7:0 უნდა მოვიგო, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, - განაცხადა პეპმა, რომელმაც "ბარსელონაში" 4 წელიწადში 14 ტიტული მოიგო და დასძინა, - ხალხს ყოველთვის მეტი, მეტი და კიდევ უფრო მეტი უნდა. მხოლოდ 6-7 კვირაა, რაც გუნდთან ერთად ვმუშაობ და დრო მჭირდება."
"ბაიერნის" ფეხბურთელებსაც სჭირდებათ დრო, რომ პეპის ტაქტიას შეეუგონ. როგორც იცით, ესპანელმა წინამორბედ იუპ ჰაინკესისეულ 4-2-3-1-ზე უარი თქვა და მიუნხენურ გრანდს 4-1-4-1 ან 4-3-3 სქემით ათამაშებს. სქემასაც რომ თავი დავანებოთ, გვარდიოლას საფეხბურთო ფილოსოფია "დონ იუპის" ფილოსოფიისგან მკვეთრად განსხვავდება (ამაზე არაერთხელ გვისაუბრია) და ფეხბურთელები ახალ სისტემას ნელი ტემპით ეგუებიან.
რუმენიგე: ჰეთთრიკის გამეორება აუცილებელი არაა!
"ხუთი წელია, მწვრთნელი ვარ და მიმაჩნია, რომ არ ვარ სუპერსპეციალისტი. შესაძლოა, ბევრი სწორედ ასე მომიხსენიებს, მაგრამ მე ჩვეულებრივი მწვრთნელი ვარ. საბოლოო ჯამში ჩემს მუშაობას კლუბის ხელმძღვანელები, მათიას ზამერი, კარლ-ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესი შეაფასებენ," - თქვა გვარდიოლამ ხსენებულ ინტერვიუში და, რა თქმა უნდა, ის იგულისხმა, რომ შეცდომებს მეც დავუშვებ, მაგრამ კრიტიკას მხოლოდ ბოსებისგან მივიღებო.
მაინც რამდენად მძიმე წნეხის ქვეშაა მოქცეული ესპანელი სპეციალისტი? რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტ რუმენიგეს ასეთი აზრი აქვს: "არა მგონია, რომ ლოგიკური წნეხი პეპისთვის პრობლემას წარმოადგენდეს. ჩვენ, კლუბის ხელმძღვანეები მას დამატებით არ დავწნეხავთ. 2013/2014 წლების სეზონში "ბაიერნის" უმთავრესი მიზანი გერმანიის ჩემპიონობაა. არაა აუცილებელი, რომ ჰეთთრიკი გავიმეოროთ!"
მოლაპარაკებები დაიწყო, წავა ლუის გუსტავო?
რუმენიგემ ჩვენს გერმანელ კოლეგებს ისიც დაუდასტურა, რომ "ბაიერნი" "ვოლფსბურგთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. საქმე ეხება რეკორდმაისტერის ბრაზილიელ საყრდენ ნახევარმცველ ლუის გუსტავოს, რომელიც გვარდიოლას გეგმებში არ ზის და სათადარიგო სკამის "ხეხვის" პერსპექტივა ემუქრება.
"ჩვენ უკვე დავრთეთ "ვოლფსბურგის" მენეჯერ კლაუს ალოფსს იმის ნება, რომ ლუის გუსტავოსთან მოლაპარაკებები აწარმოოს. თუ კლუბი და ფეხბურთელი შეთანხმდებიან, მერე მხოლოდ კლუბები დავილაპარაკებთ," - აღნიშნა რუმენიგემ და დასძინა, რომ 26 წლის ბრაზილიელს ინგლისური, ესპანური და რუსული კლუბებიც ეპატიჟებიან. "ვოლფსბურგს" კი ახლა ყველაზე მეტად სწორედ კარგი საყრდენი ნახევარმცველი სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ლუის გუსტავო ბუნდესლიგაში 2007 წლის ზაფხულიდან თამაშობს. თავიდან "ჰოფენჰაიმის" ღირსებას იცავდა, 2010/2011 წლების ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კი "ბაიერნმა" 17 მილიონ ევროდ იყიდა. გუსტავოს ბუნდესლიგაში 136 მატჩი აქვს ჩატარებული (8 გოლი), ბრაზილიის ნაკრების ღირსება კი 10 შეხვედრაში დაიცვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლა: სუპერმწვრთნელი არ ვარ, მხოლოდ 5 წლის გამოცდილება მაქვს