ბუნდესლიგის I ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: ბევრი ჩათვლილი და ერთი არჩათვლილი გოლი

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის პირველი ტური შესანიშნავი სანახავი გამოდგა. 9 მატჩიდან 8-ში სამზე მეტი გოლი გავიდა, სულ კი გუნდებმა 37 ბურთი შეაგდეს, რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 4,1 (!) გოლს უდრის. ასეთი შედეგიანობის მიუხედავად, შაბათ-კვირის მთავარი სალაპარაკო თემა არბიტრის შეცდომა იყო...

გოლი ნომერ 38
"რაინ-ნეკარ არენაზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა ხუთი გოლი იხილეს, მაგრამ შეხვედრა 2:2 დასრულდა. დიახ, "ჰოფენჰაიმის" შემტევმა კევინ ფოლანდმა პირველი ტაიმის ბოლო წამებზე გაიტანა გოლი, რომელიც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ტორსტენ კინჰიოფერმა და მისმა ასისტენტმა დეტლეფ შეპემ ვერ დაინახეს. არადა, ბურთმა კარის ხაზი
ნახევარი მეტრით მაინც გადაკვეთა. ამ დროს ანგარიში 1:0 იყო და მართალია, მეორე ტაიმის დებიუტში "ჰოფემ" "ნიურნბერგს" მეორე მაინც გაუტანა, მაგრამ თამაშის შემდეგ "სოფლელთა" მთავარი მწვრთნელი მარკუს გისდოლი მაინც დამწუხრებული იყო:

"ასეთი სამწუხარო ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დროა, ბურთში ჩიპის ჩამონტაჟებაზე სერიოზული დისკუსია დავიწყოთ".

თავად გოლის ავტორს ეპიზოდი დიდად არ გაუპროტესტებია, რადგან დარტყმის შემდეგ, დაცემის მომენტში ფოლანდმა კარგად ვერ დაინახა, ბურთი სად დაეცა. სამაგიეროდ, ყველაფერი შესანიშნავად შენიშნა "ნიურნბერგის" მეკარე რაფაელ შეფერმა, ვინც ფოლანდს უთხრა, რომ გოლი იყო, თუმცა მეკარეს არბიტრთან არ უსაუბრია.

"ეს აბსოლუტურად გასაგებია. პირველ ადგილზე გუნდური ინტერესია და მეეჭვება, რომელიმე ფეხბურთელი მსაჯთან გაქცეულიყო და ეთქვა, რომ მისი გუნდის კარში გოლი გავიდა," - გისდოლმა მეტოქე გუნდის მეკარის საქციელი ასე გაამართლა.

მეგოლეები
პირველ ტურში ერთი ჰეთ-თრიქი და ოთხი დუბლი ვიხილეთ. პიერ-ემერიკ ობამეიანგი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი გაბონელი ფეხბურთელია. 24 წლის ფორვარდი გახდა მეექვსე მოთამაშე, ვინც სადებიუტო შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. წინა სეზონში, "სენტ ეტიენის" რიგებში ობამეიანგმა 19 ბურთი შეაგდო, თუმცა ბოლო 5 ტურში თავი არ გამოუჩენია და ეს მშრალი სერია მართლაც შთამბეჭდავად შეწყვიტა.

"აუგსბურგის" რბევა "სპაიდერმენმა" 24-ე წუთზე დაიწყო, როდესაც მარსელ შმელცერის ჩაწოდებულს თავი შეუშვირა. ამის მერე კი მან მარკო როისის და რობერტ ლევანდოვსკის გადაცემები გამოიყენა.

ორ-ორი გოლი სამი ალაგუიმ (ჰერტა), ადრიან რამოსმა (ჰერტა), ნიკოლაი მიულერმა (მაინცი) და კლაას-იან ჰუნტელაარმა (შალკე) გაიტანეს. პირველი სამი ფეხბურთელის გუნდებმა მოიგეს: "ჰერტამ" ფრანკფურტის "აინტრახტი" 6:1 გაანადგურა, ხოლო "მაინცმა" "შტუტგარტი" დაამარცა - 3:2. აი, ჰუნტელაარის დუბლი კი გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა - "შალკეს" და "ჰამბურგის" საოცარი მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.

უიღბლო ანდრეასენი
ლეონ ანდრეასენი ძალიან უიღბლო ფეხბურთელია. 30 წლის დანიელმა "ჰანოვერის" და "ვოლფსბურგის" დაპირისპირების მე-17 წუთზე ანგარიში კი გახსნა, მაგრამ მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. საბედნიეროდ, მორიგი დაზიანება მძიმე არაა და ფეხბურთელი მხოლოდ დანიის ნაკრების ამხანაგურ მატჩს (პოლონეთთან) გამოტოვებს.

შარშანდელი სეზონის დაწყების წინ ანდრეასენს მუხლის ტრავმის გამო თითქმის ორი წელი ჰქონდა გამოტოვებული. დანიელმა მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა და ისევ დაიმტვრა, დაბრუნებით კი მხოლოდ ბოლო, 34-ე ტურში დაბრუნდა.

ლეონ ანდრეასენი "ჰანოვერში" უკვე მე-6 სეზონს ატარებს, მაგრამ უამრავი მძიმე დაზიანება აქვს მიღებული და "ვოლფსბურგთან" გამართული შეხვედრა მისთვის მხოლოდ 24-ე იყო... 24 მატჩი 6 სეზონში - ვფიქრობთ, მეტი არაფრის თქმა საჭირო არაა.

კმაყოფილი გვარდიოლა
მიუნხენის "ბაიერნმა" სეზონი გამარჯვებით გახსნა - მიონხენგლადბახის "ბორუსიას" 3:1 მოუგო და ბუნდესლიგაში 26-ე წაუგებელი მატჩი ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევრის დებიუტში ბავარიელებს გაუჭირდათ, მათი მთავარი მწვრთნელი მაინც კმაყოფილი იყო:

"კარგია, რომ სეზონი გამარჯვებით დავიწყეთ. აუცილებელია, რომ პირველ 3-4 ტურში დადებით შედეგს მივაღწიოთ, თანაც, ამ დროს ფეხბურთელები 100 პროცენტით მზად ჯერ კიდევ არ არიან. მეორე ნახევრის პირველი 15 წუთის განმავლობაში თამაში უკეთ უნდა გვეკონტროლებინა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ," - განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.

"ბორუსიამ" კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ლუსიან ფავრი უარყოფითი შედეგის გამო დამწუხრებული გახლდათ:

"სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, რადგან ამდენ საგოლე მომენტს, განსაკუთრებით მიუნხენში, იშვიათად ვქმნით. ჩვენს თამაშში ბევრი პოზიტიური ასპექტი დავინახე, მაგრამ გამოსასწორებელიც საკმაოდ ბევრი გვაქვს. პირველი 11-მეტრიანის სიტუაციაში კარგად არ ჩანდა, იყო თუ არა პენალტი დასანიშნი, მაგრამ რას ვიზამთ, არბიტრის გადაწყვეტილებას ყველა უნდა დავემორჩილოთ".

შეგახსენებთ, რომ სტუმართა ესპანელმა მცველმა ალვარო დომინგესმა 30-წამიან მონაკვეთში, საკუთარ საჯარიმოში ხელით ორჯერ ითამაშა, რასაც "ბორუსიას" კარში ორი პენალტის დანიშვნა მოჰყვა - პირველი მიულერმა ვერ გაიტანა, მეორე კი ალაბამ გოლად აქცია და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

სხვათა შორის, ბასტიან შვაინშტაიგერმა ბუნდესლიგაში მე-300 მატჩი ჩაატარა და შეხვედრის დაწყების წინ "კიკერისგან" წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც მიიღო.

Sportall.Ge

მარცხიანი დაბრუნება
ბრაუშვაიგის "აინტრახტი" ბუნდესლიგას 28-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და მოედანი წაგებულმა დატოვა. ბუნდესლიგის 1967 წლის ჩემპიონის მეტოქე ბრემენის "ვერდერი" გახლდათ, რომელთანაც "აინტრახტს" ბოლო 7 მატჩი ჰქონდა წაგებული. მასპინძელთა ზედიზედ მერვე მარცხი ზლატკო იუნუზოვიჩმა გააფორმა - ავსტრიელმა თანამემამულე სებასტიან პრიოდლის პასით ისარგებლა.

საინტერესოა, რომ "ვერდერმა" შეწყვიტა 24-მატჩიანი სერია, რომლის დროსაც, სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში მინიმუმ ერთ გოლს მაინც უშვებდა.

საინტერესო ფაქტები:
- "შალკემ" ზედიზედ მეოთხედ ვერ შეძლო პირველ ტურში გამარჯვების მოპოვება.

- "მაინცს" ბუნდესლიგის სასტარტო ტურში უკვე 6 სეზონია არ წაუგია.

- ბუნდესლიგის ისტორიაში, ჩემპიონი მომდევნო სეზონის პირველ ტურში არასდროს დამარცხებულა.

- ხავი მარტინესი არის პირველი ფეხბურთელი, ვისაც ბუნდესლიგური კარიერის პირველ 28 შეხვედრაში მარცხი არ განუცდია.

- "ბაიერს" ზედიზედ 6 მატჩი აქვს მოგებული. ამაზე გრძელი სერია "ლევერკუზენს" მხოლდო ერთხელ, კლაუს ტოპმიოლერის ხელში, 2001 წელს ჰქონდა (7 მოგება).

- პირველ ტურში წლევანდელზე მეტი გოლი მხოლოდ ორჯერ, 1986/97 (42) და 1993/94 (39) სეზონების საწყის ტურებში გავიდა.

- ნიკოლაი მიულერს კარიერაში სულ სამი დუბლი აქვს შესრულებული. აქედან ორჯერ მან "შტუტგარტი" დაამწუხრა.

- სამი ალაგუიმ მიჯრით მეექვსე სეზონის პირველ ტურში გაიტანა. ტუნისელმა სამჯერ პირველ ბუნდესლიგაში გამოიჩინა თავი, სამჯერ კი მეორე ბუნდესლიგაში.

- შტეფან კისლინგმა ბუნდესლიგის ბოლო 7 ტურში გაიტანა, თასის ჩათვლით კი მისი შედეგიანი სერია უკვე 8 მატჩია გრძელდება და ამ პერიოდში "ბაიერის" ფორვარდმა 10 გოლი გაიტანა.

- კლაას-იან ჰუნტელაარმა "ჰამბურგთან" ჩატარებულ ყველა, ხუთივე შეხვედრაში გაიტანა. სულ ჰოლანდიელმა "ბუნდესლიგის" უკანასკნელი დინოს" კარი 9-ჯერ (!) აიღო.

- "ჰამბურგის" 22 წლის ნახევარმცველმა მაქსიმილიან ბაისტერმა ბუნდესლიგაში მე-4 გოლი გაიტანა. აქედან 2-ჯერ მან "შალკეს" კარი აიღო.

- მიტჩელ ლანგერაკს ბუნდესლიგაში სულ 11 მატჩი აქვს ჩატარებული - "ბორუსიამ" 11-ივე შეხვედრა მოიგო.

- "ჰანოვერმა" თამაშის წესი 32-ჯერ დაარღვია, "ვოლფსბურგმა" 10-ჯერ. მიუხედავად ამისა, "მგლებმა" თამაში 9 კაცით დაასრულეს. ტიმ კლოზე ორჯერ დაჯარიმდა და ორივეჯერ ყვითელი ბარათი მიიღო, მაქსიმილიან არნოლდმა კი წითელი ბარათი პირველივე დარღვევისთვის დაიმსახურა.

ბომბარდირები: 3 - ობამეიანგი (ბორუსია დ); 2 - ნ. მიულერი (მაინცის), ალაგუი (ჰერტა), ა. რამოსი (ჰერტა), ჰუნტელაარი (შალკე)

საუკეთესო შეფასება "კიკერის" მიხედვით:

1,0 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (ბორუსია დ),
1,0 - ჰაჯიმე ჰოსოგაი (ჰერტა)
1,0 - ფრანკ რიბერი (ბაიერნი)
1,5 - სამი ალაგუი (ჰერტა)
1,5 - შტეფან კისლინგი (ბაიერი)
1,5 - ნიკოლაი მიულერი (მაინცი)
1,5 - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბორუსია მ)
1,5 - სვენ ულრაიხი (შტუტგარტი)
1,5 - კევინ ფოლანდი (ჰოფენჰაიმი)

სიმბოლური ნაკრები, "ლელოს" ვერსიით

Sportall.Ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. I ტური: მხიარული ბუნდესსტარტი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული