გერმანია. ბუნდესლიგა. II ტურის წინ: გაგრძელდება ბერლინში ეიფორია?

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მეორე ტური პარასკევის მატჩის გარეშე დარჩა, რაც სანაკრებო პაუზის "დამსახურებაა". შესაბამისად, შაბათს 7 შეხვედრაა დაგეგმილი, კვირას კი - ორი.

"ბაიერნს" ერთი შეხედვით ძალიან იოლი მატჩი ელის - მიუნხენელები ფრანკფურტში ჩადიან და ხვდებიან "აინტრახტს", რომელიც პირველ ტურში "ჰერტასთან" 1:6 შერცხვა.

თავის მხრივ, ლევან კობიაშვილის გუნდს, რომელიც პირველი ტურის მერე პირველ ადგილზეა ("ჰერტასთვის" ესეც საქმეა), "ნიურნბერგთან" მოუწევს იმის დამტკიცება, რომ "აინტრახტის" განადგურება შემთხვევითობა არ ყოფილა.

ელიტის ახალწვეულ "ბრაუნშვაიგს" კი პატივი აქვს, გერმანიის ყველაზე დიდ არენაზე ითამაშოს - ბრაუნშვაიგელები დორტმუნდში ჩადიან.

შტუტგარტი
იმპროვიზირებული დაცვით

შტუტგარტული ეიფორია, გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრუნო ლაბადია ასე რომ ეწინააღმდეგებოდა, პირველივე ტურში ჩაცხრა - შვაბები "მაინცთან" 2:3 დამარცხდნენ.

ლაბადიას გუნდს მეორე ტურში "ლევერკუზენის" სახით უფრო ძლიერი მეტოქე ჰყავს და თანაც, ბრუნოს დაცვაში იმპროვიზირება მოუწევს, რადგან ძირითადი ცენტრალური მცველები, ტასკი და ნიდერმაიერი დიდი ხნით დაუშავდნენ.

"მაინცთან" ტასკისთან ერთად რიოკერმა ითამაშა, მოგვიანებით კი ლაბადიამ დაცვის ცენტრში მარჯვენა მცველი შვააბი შესწია. ახლა ბრუნოს ტასკიც აღარ ჰყავს, რიოკერთან და შვააბთან ერთად კი ცენტრის გამაგრება დისკვალიფიკაციამოხდილ რიუდიგერსაც შეუძლია.

ასე იქნება, თუ ისე, ფაქტია, დაცვის სახელდახელოდ შეკრებილ ხაზს "ლევერკუზენის" ბრწყინვალე წინა ხაზთან მოუწევს შებრძოლება.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონის შედეგების ჩათვლით, "ბაიერს" ზედიზედ 6 მატჩი აქვს მოგებული, "ფარმაცევტების" გოლეადორი შტეფან კისლინგი კი 7 თამაშია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

შალკე ვოლფსბურგში
"ფეხით კარგად ვთამაშობთ და გულიანი ფეხბურთიც ვაჩვენეთ. ახლა მთავარია, თავშიც ყველაფერი მოვიწესრიგოთ", - აღნიშნა "ჰანოვერთან" წაგების (0:2) შემდეგ "ვოლფსბურგის" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა და დასძინა, ქვემოსაქსონიურ დერბიში პირველ რიგში ჭკუა გვაკლდაო.

სინამდვილეში, "ვოლფსბურგს" არც დაცვა უვარგოდა და არც თავდასხმა. უჭკუობაში კი ალოფსმა, რა თქმა უნდა, არნოლდისა და კლოზეს გაძევებები იგულისხმა, რომლებიც "შალკესთან" საშინაო მატჩისთვის დისკვალიფიცირებულები არიან.

მათ შემცვლელებად პერიშიჩი ან შეფერი (ფლანგზე) და კნოხე (დაცვაში) მოიაზრებიან.

ჭკუის მხრივ მთლად ყველაფერი წესრიგში ვერ აქვს "შალკესაც", რაზეც იმ კვირაში გელზენკირხენული კლუბის მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა ისაუბრა - "ჰამბურგთან" (3:3) ჩვენი ფეხბურთელები სულელი ბავშვებივით დარბოდნენო.

თავდაჯერებული ვერდერი
გერმანელ სტატისტიკოსებს სეზონების გადაბმა უყვართ და ცხადჰყვეს, რომ "ვერდერმა" პირველ ტურში "ბრაუნშვაიგის" დამარცხებით (1:0) 14-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. წინა სეზონში მრავალგზის შერცხვენილ ბრემენულ კლუბს ამ მოგებამ წნეხი მოუხსნა და თავდაჯერება შემატა.

ამ დღეებში ბრემენელებმა თავდასხმა სასურველი ფორვარდით, 24 წლის ფრანკო დი სანტოთი გააძლიერეს, თუმცა ამ უკანასკნელის დებიუტი ერთი კვირით გადაიდო.

თავდაჯერებული "ვერდერი" "აუგსბურგთან" ამ უკანასკნელის გარეშეც ფავორიტად მიიჩნევა - მით უმეტეს იმიტომ, რომ აუგსბურგელებმა პირველ ტურში "დორტმუნდთან" აბსოლუტურად ვერაფერი გააწყვეს (0:4).

მწვრთნელი მარკუს ვაინცირლი ამბობს, სასწრაფოდ ფეხზე უნდა წამოვდგეთო.

მაინცი ეიფორიაშია, ფრაიბურგს უჭირს
"ფრაიბურგმა" ბევრი წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა და კრისტიან შტრაიხის განკარგულებაში არაერთი ახალწვეულია, გუნდი კი შეუთამაშებელი, რაც ლევერკუზენში (1:3) ცხადად გამოჩნდა.

მეორე ტურში ბრაისგაუელები "მაინცის" სახით ეიფორიაში მყოფ გუნდს მასპინძლობენ - თომას ტუხელის შეგირდებმა სეზონი "შტუტგარტის" დამარცხებით (3:2) დაიწყეს და იმედი აქვთ, რომ ზოგადად მთელ სეზონში კარგი სტარტი გამოუვათ.

მაინცელთაგან განსაკუთრებით კარგ ფორმაში მიულერები არიან - მეკარე ჰაინცი ("კიკერმა" 2 ბალი დაუწერა) და შემტევი ნახევარმცველი ნიკოლაი (1.5).

ჰამბურგი: ნაღდი თუ ისევ ფსევდო ცხრიანი?
ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, რაკი ხეირიანი თავდამსხმელი არ ჰყავს, "ჰამბურგის" თავკაცმა ტორსტენ ფინკმა "შალკესთან" (3:3) "ფსევდო-ცენტრფორვარდით" ითამაშა და ამ პოზიციაზე ჩალჰანოღლუ გაამწესა. მასთან ერთად "შალკეს" ბაისტერი, ზუა და, რაღა თქმა უნდა, ვან დერ ვაარტი უტევდნენ, ნომინალურმა ცენტრფორვარდმა რუდნევსმა კი დიდხანს ხეხა სათადარიგოთა სკამი.

ფაქტია, რომ "ჰამბურგის" წინა ხაზი "შალკესთან" მოქნილი და არაპროგნოზირებადი იყო, რის გამოც დიდი შანსია, რომ ფინკმა "ჰამბურგი" "ჰოფენჰაიმთანაც" ასე ათამაშოს.

"ჰოფე" პირველ ტურში "ნიურნერგთან" ფრეს (2:2) დასჯერდა და "სოფლელები" ყაიმზე ჰამბურგშიც თანახმა იქნებიან.

ფეე: ასე თუ ვითამაშეთ, ბაიერნი 10 გოლს გაგვიტანს
ფრანკფურტის "აინტრახტი" წინა სეზონში სენსაციურად კარგად თამაშობდა, ახალი სეზონი კი არმინ ფეეს ბიჭებმა ისტორიული სირცხვილით დაიწყეს: 1:6 ელიტაში ახლახან აღზევებულ "ჰერტასთან".

ამიტომაც თქვა ფეემ, თუ "ბაიერნთანაც" ასე ვითამაშებთ, რეკორდმაისტერი მინიმუმ 10 გოლს გაგვიტანსო.

ფაქტია, რომ ფრანკფურტელები "ბაიერნთან" გაცილებით კონცენტრირებულები იქნებიან და თუ ამ მხრივ პრობლემა არც მიუნხენურ გრანდს შეექმნა, წესით, პეპ გვარდიოლამ მორიგი სამი ქულა უპრობლემოდ უნდა აიღოს.

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნის" განაცხადში პირველად იქნება მარიო გიოტცე.

შაბათის საღამოს მატჩი "გლადბახისა" და "ჰანოვერის" საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებაა. "ბაიერნთან" წაგების (1:3) შემდეგ მიონხენგლადბახელებს პირველი საშინაო თამაშის მოგება უნდათ.

"ჰანოვერი" პირველი ტურის შემდეგ სამქულიანია (2:0 "ვოლფსბურგთან") - მირკო სლომკას გუნდი "ბორუსია პარკზე" თამაშს კონტრშეტევებზე ააგებს.

კონკურენტი დაშავდა, კობიაშვილი ძირითადში?
პირველი ტურის შემდეგ "ჰერტას" ფანები ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს უდავოდ კედელზე გაიკრავდნენ - ბერლინელებმა ხომ სეზონი "აინტრახტის" განადგურებით დაიწყეს და მეორე ტურს ლიდერის რანგში ხვდებიან.

ლევან კობიაშვილის გუნდი ამჯერად ნიურნბერგში ჩადის და ბევრი ექსპერტი ფავორიტადაც მიიჩნევს.

იოს ლუჰუკაიმ პირველ ტურში მარცხენა მცველად ვან დერ ბერგი ათამაშა, რომელიც ახლა ტრავმირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, კობიაშვილი ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.

თუმცა ლუჰუკაის ამ პოზიციაზე ჰოლანდის ვარიანტიც აქვს...

ობამეიანგის მორიგი შოუ?
ტურს დორტმუნდის "ბორუსიას" და "ბრაუნშვაიგის" დუელი დახურავს. ბრაუნშვაიგელები აუტსაიდერობას აღიარებენ, მაგრამ მრისხანე მეტოქეს ბრძოლას ჰპირდებიან.

მიუხედავად 4:0-ისა, იურგენ კლოპის გუნდს "აუგსბურგთან" იდეალურად არ უთამაშია - დიდი ანგარიშით გამარჯვება უფრო ახალწვეულ პიერ-ემერიკ ობამეიანგის დამსახურება იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. კლოპმა კი თქვა, სისულელე იქნებოდა, სეზონის საუკეთესო მატჩი "აუგსბურგთან" რომ ჩაგვეტარებინაო.

აღსანიშნავია, რომ კლოპი და ბრაუნშვაიგის თავკაცი ტორსტენ ლიბერკნეხტი ერთმანეთს კარგად იცნობენ - ისინი "მაინცში" დიდხანს ერთად თამაშობდნენ...

გერმანია. ბუნდესლიგა. II ტური
17 აგვისტო
შტუტგარტი-ლევერკუზენი 17:30
ტრავმა: ნიდერმაიერი, ტასკი, დიდავი, როხასი - ლომბი, კორი
ურთიერთშეხვედრები
სულ 68 თამაში: +22=18-28, (92:112)

ვოლფსბურგი-შალკე 17:30
დისკვალიფიკაცია: ტ. კლოზე, არნოლდი (ორივე ვოლფსბურგი)
ტრავმა: დოსტი - კ. პაპადოპულოსი, ანანი, ობასი
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +9=13-10, (38:46)

ვერდერი-აუგსბურგი 17:30
ტრავმა: შმიტცი, ბარგფრედე, პ. სტევანოვიჩი, თრაიბული, დი სანტო - მანინგერი, მ. დე იონგი, ოტლი, ბონსე
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +0=2-2, (3:6)

ფრაიბურგი-მაინცი 17:30
ტრავმა: ჰედენსტადი, კლაუსი, პილარი, ტერაცინო - კოხი, ედე, ზალერი, სოტო
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +2=3-5, (7:17)

ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი 17:30
ტრავმა: ჯურუ, მანსიენი, შარნერი, ილიჩევიჩი - პოლანსკი, ვუკჩევიჩი
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +5=2-3, (12:14)

აინტრახტი-ბაიერნი 17:30
ტრავმა: კიტელი, შტენდერა - ბადშტუბერი, ჰოიბერგი
ურთიერთშეხვედრები
სულ 84 თამაში: +21=20-43, (110:159)

გლადბახი-ჰანოვერი 20:30
ტრავმა: ბალასი, ჩერუნდოლო, ფელიპე, პანდერი, ფრანკა, ია კონანი
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +25=8-13, (85:66)

18 აგვისტო
ნიურნბერგი-ჰერტა 17:30
დისკვალიფიკაცია: ფრანცი (ჰერტა)
ტრავმა: მარკოს ანტონიო, გებჰარტი - ვან დერ ბერგი, მ. ნდიენგი, ლასოგა
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +13=4-13, (42:48)

დორტმუნდი-ბრაუნშვაიგი 19:30
ტრავმა: პიშჩეკი, გიუნდოგანი - დოგანი, ჰენი, კუმბელა
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +11=10-13, (44:55)

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰერტა 1 1 0 0 6-1 3
2. დორტმუნდი 1 1 0 0 4-0 3
3. ლევერკუზენი 1 1 0 0 3-1 3
4. ბაიერნი 1 1 0 0 3-1 3
5. ჰანოვერი 1 1 0 0 2-0 3
6. მაინცი 1 1 0 0 3-2 3
7. ვერდერი 1 1 0 0 1-0 3
8. ჰამბურგი 1 0 1 0 3-3 1
9. შალკე 1 0 1 0 3-3 1
10. ჰოფენჰაიმი 1 0 1 0 2-2 1
11. ნიურნბერგი 1 0 1 0 2-2 1
12. შტუტგარტი 1 0 0 1 2-3 0
13. ბრაუნშვაიგი 1 0 0 1 0-1 0
14. ფრაიბურგი 1 0 0 1 1-3 0
15. გლადბახი 1 0 0 1 1-3 0
16. ვოლფსბურგი 1 0 0 1 0-2 0
17. აუგსბურგი 1 0 0 1 0-4 0
18. აინტრახტი 1 0 0 1 1-6 0

ბომბარდირები:
3 - ობამეიანგი (დორტმუნდი); 2 - ალაგუი (ჰერტა), ჰუნტელაარი (შალკე), ნ. მიულერი (მაინცი), რამოსი (ჰერტა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული