გერმანია. ბუნდესლიგა. III ტურის შეჯამება და სიმბოლური: ალიყური, ბზიკი და ბევრი წითელი

AutoSharing Option
სულელური გაძევებები ზინსჰაიმში, დაკბენილი კლოპი, მცველების გარეშე დარჩენილი "შალკე" - ამ და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო ფაქტს ბუნდესლიგის მესამე ტურის შეჯამებაში იხილავთ.

ბზიკი, ფუტკარი და ხარი
32:7 - ასეთი იყო დარტყმების შეფარდება დორტმუნდის "ბორუსიასა" და "ვერდერის" თამაშის შემდეგ. "შავ-ყვითლებმა" გამარჯვების მოპოვება გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოახერხეს, თუმცა მათი მწვრთნელი იურგენ კლოპი ბოლომდე კარგ ხასიათზე ვერ იყო:

"იმ დროს, როდესაც მოედანზე სვენ ბენდერი გამოდიოდა, ხელზე ბზიკმა მიკბინა, - განაცხადა კლოპმა. - არ ვიცი, ალერგიული ვარ თუ არა, მაგრამ ნაკბენი უკვე დეზინფიცირებულია. სიმართლე
რომ გითხრათ, ხელი არ მტკივა, მაგრამ ნაკბენის კვალი საკმაოდ დიდია".

ეს ყველაფერი კი "ბორუსიას" თილისმის, ფუტკარ "ემას"თვალწინ ხდებოდა.

ჰო, შეხვედრის ერთადერთი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რომელიც მწვრთნელმაც გამოარჩია:

"ის დღეს ხარივით შრომობდა", - შეაქო პოლონელი კლოპმა.

ალიყური და სულელური გაძევება
საფეხბურთო მატჩი 90 წუთის განმავლობაში გრძელდება. ამ პერიოდში, შესაძლოა, "გლადბახელი" კრისტოფ კრამერივით შეშლილმა ირბინო და თამაშის ბოლოსკენ 13 კილომეტრი დაფარო, მაგრამ შეიძლება შენი საქმე პირველ 9 წუთშიც გააკეთო.

სეად სალიჰოვიჩმა "ფრაიბურგთან" პენალტი გამოიყენა, გოლის აღნიშვნის დროს კი იულიან შუსტერს ალიყური უთავაზა, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო და ორკვირიანი შვებულება გამოიწერა.

ამ ტურში კიდევ 7 სხვა ფეხბურთელი გააგდეს: ჰუშტი, ლუის გუსტავო, კოკლენი, ჰიოვედესი, ფუხსი, ტრაორე და მეჰმედი. ყველაზე სულელური, ალბათ, ამ უკანასკნელის გაძევება იყო - მატჩის 93-ე წუთზე, აბსოლუტურად უმნიშვნელო ჯარიმის შემდეგ, შვეიცარიელმა არბიტრის გონიერებაში ყველასთვის ცნობილი ჟესტით ეჭვი შეიტანა და საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიიტანა.

ტობიას შტილერმა კი მეჰმედის "შეკითხვას" პასუხი ჯიბიდან წითელი ბარათის ამოღებით გასცა...

დაცვის გარეშე
კრისტიან ფუხსის და ბენედიქტ ჰიოვედესის გაძევების შემდეგ იენს კელერს გუნდში მცველი აღარ დარჩა. როგორც ჩანს, მომავალ ტურში "შალკე" დაცვის გარეშე ითამაშებს.

ფუხსი და ჰიოვედესი დისკვალიფიცირებულნი არიან, პაპადოპულოსი და კოლაშინაცი - დამტვრეულნი, ტრავმები უჩიდას და მატიპსაც აწუხებთ. გარდა ამისა, საეჭვოა ჯოუნსის და გორეტცკას თამაშიც.

როგორი შემადგენლობით უნდა ათამაშოს გუნდი კელერმა?

"გუნდი, რომელი გუნდი?" - კითხვაზე კითხვითვე უპასუხა ჯერ კიდევ "შალკეს" დამრიგებელმა.

"ხუმარებს" ერთი გამოსავალი აქვთ - დაუკავშირდნენ და რჩევა სთხოვონ ლუკას პოდოლსკის, რომლის "არსენალიც" დაახლოებით ანალოგიურ მდგომარეობაში იყო და თავისი მატჩი ("ფულჰემთან") მაინც მოიგო.

იქნება კისლინგი ნაკრებში?
ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი ლევერკუზენში იყო, "ბაიერის" თამაშს დაესწრო და რამდენიმე საინტერესო რამ იხილა.

ბუნდესლიგის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა შტეფან კისლინგმა ბოლო 9 შეხვედრიდან მერვეში გაიტანა (სულ 9 გოლი) და "ბაიერის" ფორმით თავისი მე-100 გოლი შეაგდო. გარდა ამისა, კისლინგმა ორი საგოლე პასიც გააკეთა.

საინტერესოა, საკმარისია თუ არა ეს ყველაფერი იმისთვის, რომ "ლევერკუზენის" ფორვარდი მუნდიალზე გაემგზავროს?

"ერთი ან ორი ფეხბურთელი, რომელიც დღეს მოედანზე იყო, ნაკრების უახლოეს შეკრებაზე მიწვეული იქნება", - განაცხადა ლიოვმა.

ვის გულისხმობდა "იოგი"? კარგად მოთამაშე მაქს კრუზეს? თუ დუბლის ავტორ სიდნი სემს? ისეთი პირი უჩანს, რომ კისლინგი კვლავ ნაკრებს მიღმა დარჩება.

"ვიცი, რომ ის სტადიონზე იყო, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, ვის აკვირდებოდა. ეს მისი საქმეა", - განაცხადა "ფარმაცევტების" მე-11 ნომერმა.

მიულერები
თომას მიულერმა მორიგი ტური სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, სადაც ის მარიო გიოტცემ გადასვა. სამაგიეროდ, თავის გამოჩენა კვლავ შეძლეს მისმა მოგვარეებმა, ჰანს მიულერმა და ნიკოლაი მიულერმა.

მათი "მაინცი" ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია და სამ გრანდთან ("დორტმუნდი", "ბაიერნი", "ლევერკუზენი") ერთად, ისიც უდანაკარგოა.

ჰანს მიულერი ახალი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, ნიკოლაი კი 4 გოლით ბომბარდირთა დავის ლიდერი გახლავთ. "ახლა ჩვენთვის იდეალური პერიოდია," - განაცხადა თომას ტუხელმა. "ჩვენ სტაბილურად კარგად ვთამაშობთ", - დაეთანხმა მწვრთნელს ნიკოლაი მიულერი.

ფოლანდის რევანში
კევინ ფოლანდმა პირველ ტურში გოლი გაიტანა, მაგრამ არბიტრებმა ვერ დაინახეს, როგორ გადაკვეთა ბურთმა კარის ხაზი და გოლი არ ჩათვალეს.

"მსაჯიც ადამიანია და შეცდომა ყველას მოსდის", - განაცხადა მაშინ "ჰოფენჰაიმის" ფორვარდმა, რომელმაც ერთგვარი რევანშის იდეალური მეთოდი იპოვა: არც ერთი ტური ლამაზი გოლის გარეშე.

წინა ტურში კევინმა "ჰამბურგთან" შორეული დარტყმით იხეირა, ამჯერად კი საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან ბაუმანს ბურთი თავზე გადაუგდო და ზედიზედ მეორედ ტურის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა.

საინტერესო ფაქტები
* დორტმუნდის "ბორუსიამ" პირველ სამ ტურში გამარჯვება 12-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო. 2001/02 წლების სეზონი "დორტმუნდმა" ჩემპიონობის მოპოვებით დაასრულა.
* მიუნხენის "ბაიერნს" უკვე 28 თამაშია არ წაუგია, რაც ახალი საკლუბო რეკორდია. ბუნდესლიგის რეკორდამდე, რომელიც "ჰამბურგს" ეკუთვნის, "ბაიერნს" 8 თამაში აშორებს.
* ლევერკუზენის "ბაიერმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო და საკლუბო რეკორდი დაამყარა.
* "ჰამბურგი" ზედიზედ მესამე წელია ვერ ახერხებს პირველ სამ ტურში 1-ზე მეტი ქულის მოგროვებას.
* "შტუტგარტმა" პირველ სამ ტურში სამი მარცხი ისტორიაში მეორედ განიცადა. პირველად ასეთი რამ შვაბებს 2010/11 წლების სეზონის სტარტზე მოუვიდათ.
* ფრანკ რიბერიმ ბუნდესლიგაში პირველად გაიტანა თავით.
* ჰალილ ალთინთოფმა 2 527-წუთიანი მშრალი სერია დაასრულა და ბუნდესლიგაში 2010 წლის მაისის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.
* ტურში რვა გაძევება ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდია.
* პირველ სამ ტურში 15 პენალტი დაინიშნა - ესეც რეკორდია.

Sportall.Ge

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანია. ბუნდესლიგა. III ტური: ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი ბუნდესლიგა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული