"ბაიერნმა" ფრაიბურგში ორ ქულასთან ერთად შვაინშტაიგერიც დაკარგა?

AutoSharing Option
"ფრაიბურგს" მოგება არ ჰქონდა, "ბაიერნს" კი პარასკევს "ჩელსისთან" ევროპის სუპერთასისთვის სუპერბრძოლა ელის - ჰოდა, ხოსეპ გვარდიოლამაც იფიქრა, ბრაისგაუდან სამ ქულას გადახალისებული შემადგენლობითაც წამოვიღებო.

იფიქრა და შეცდა: "ბაიერნი" ფრაიბურგში მხოლოდ 1:1-ს დასჯერდა და ახალ სეზონში პირველი ქულები დაკარგა. პეპმა ვერ გათვალა...

"ნიურნბერგთან" (2:0 მიუნხენელთა სასარგებლოდ) ნაჩვენები უნიათო ფეხბურთით განრისხებულმა და "ჩელსისთან" მატჩით მოტივირებულმა გვარდიოლამ ძირითადი შემადგენლობა შვიდ (!) პოზიციაზე შეცვალა და წამყვანი ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა სათადარიგოთა სკამზე დატოვა - ფრაიბურგში "ბაიერნის" სკამზე ჯამში 166 მილიონი ევროს ღირებულების მქონე მოთამაშეები ისხდნენ: ფილიპ
ლამი, ფრანკ რიბერი, არიენ რობენი, დავიდ ალაბა, მარიო მანჯუკიჩი და ა.შ.

ეს გახლდათ პეპის აღიარება იმის შესახებ, რომ მისთვის სუპერთასის მატჩი და ჟოზე მოურინიოსთან დუელი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კრისტიან შტრაიხის მოუგებელ "ფრაიბურგთან" თამაში, რაც გაუგებარი ნამდვილად ვერ იქნება - რაც უნდა იყოს, პეპმა "ბაიერნში" პირველი ტიტული უკვე დათმო (გერმანიის სუპერთასზე "დორტმუნდთან" 2:4 დამარცხდა), მეორე ტიტულის დათმობა კი, თანაც პრინციპულ ვიზავისთან, არაფრის დიდებით აღარ სურს.

სწორედ ამას შეეწირა ის ორი ქულა, რომელიც რეკორდმაისტერმა გუშინწინ, ბუნდესლიგის მეოთხე ტურის გადმოტანილ შეხვედრაში დაკარგა.

"ასეთი შემადგენლობა განგებ გავამწესე. ზოგადად, ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაშია და ვფიქრობ, რომ თამაშს ყველა იმსახურებს. თანაც, ფრაიბურგში ცუდად არ გვითამაშია," - განაცხადა მატჩის შემდეგ პეპმა.

"როტაცია ალიბად არ გამოდგება. ის გუნდიც ძალიან ძლიერია, რომელიც "ფრაიბურგის" წინააღმდეგ წარსდგა. თანაც, "ჩელსისთან" იმ ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომელიც "ბაიერნს" არასდროს მოუგია,"
- ეს კი კაპიტან ფილიპ ლამის სიტყვებია, რომელიც პეპმა თამაშში 62-ე წუთიდან ჩართო.

ორ ქულასთან ერთად, რეკორდმაისტერმა ბასტიან შვაინშტაიგერიც დაკარგა - შვაინი დაშავდა და მისი ასპარეზობა "ჩელსისთან" კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ბასტიანის არყოფნა კი მიუნხენური გრანდისთვის სერიოზული დანაკლისი იქნებოდა, რადგან ტიაგო ალკანტარა და ხავი მარტინესიც დაშავებულები არიან, რაც გვარდიოლასთვის ნახვარდაცვის ცენტრში სერიოზულ საკადრო პრობლემებს ნიშნავს.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული