მარკო როისი: ტიტულების მოგების დროა!

AutoSharing Option
ჰენრიხ მხითარიანი დორტმუნდში ჯერ ისე არ უყვართ, როგორც მარიო გიოტცე უყვარდათ და ამიტომაცაა, რომ "გიოტცინიოს" ფანების აბსოლუტურ უმრავლესობას ახლა მარკო როისზე ამოსდის მზე და მთვარე.

გიოტცეს წასვლის შემდეგ დორტმუნდის პუბლიკის უსაყვარლესი ფეხბურთელი სწორედ 24 წლის როისი გახდა, რომელზეც არა მარტო დორტმუნდში, არამედ მთელ საფეხბურთო გერმანიაში უდიდეს იმედებს ამყარებენ. გთავაზობთ ინტერვიუს როისთან, რომელიც ტაბლოიდ "ბილდში" გამოქვეყნდა.

- ჰერ როის, როგორ ფიქრობთ, მარიო გიოტცეს ბავარიული ტყავის შარვალი უხდება?
- მხოლოდ ვიზუალური მხარით თუ ვიმსჯელებთ, მაინცდამაინც არ უხდება (იცინის). მარიო სხვა არაერთ ტანსაცმელში
მყავს ნანახი და მიმაჩნია, რომ ბავარიული სამოსი ნაკლებად უხდება.

- თავად თუ გცმიათ ოდესმე ტყავის შარვალი?
- ჰო, მაგრამ ეს დიდი ხნის წინანდელი ამბავია. ვერ შევეგუე და ხელმეორედ ჩაცმას არ ვაპირებ.

- ანუ "დორტმუნდის" ქომაგებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ?
- აუცილებლად! "ბორუსიაში" თავს იმდენად კარგად ვგრძნობ, რომ სხვა კლუბები ჩემს გადაბირებაზე ნურც იფიქრებენ.

- მიუხედავად იმისა, რომ ამას ამბობთ, "ბორუსიას" სპორტულ დირექტორ მიხაელ ცორკს თქვენი კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის გამოსყიდვა უნდა, რათა "დორტმუნდი" ყველანაირად დაზღვეული იყოს იმისგან, რაც გიოტცეს შემთხვევაში მოხდა. საუბარია პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, თქვენ დორტმუნდიდან წასვლა გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში შეგიძლიათ. ეს შესაძლებელია?
- "დორტმუნდის" ხელმძღვანელებთან სალაპარაკოდ ყოველთვის მზად ვარ, თუმცა ახლა ეს თემა ჩემთვის არათუ მეორე, სულაც მესამეხარისხოვანია. მომავალზე საერთოდ არ ვფიქრობ. ჩემი ერთადერთი საფიქრალი ახლა ყოველი მომდევნო თამაშია.

- გიოტცე არ გენატრებათ?
- რა თქმა უნდა, ყოველთვის მოგენატრება ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც არა მარტო მოედანზე, არამედ მოედანს მიღმაც ძალიან კარგად უგებდი. თუმცა ყველას თავისი გზა აქვს. ნებისმიერი ადამიანის არჩევანს საბოლოო ჯამში ყველამ პატივი უნდა სცეს.

- "ბაიერნმა" ფრაიბურგში ქულები დაკარგა. "დორტმუნდმა" ამით ისარგებლა და გალიდერდა. როგორ ფიქრობთ, "ბორუსია" გერმანიის ჩემპიონობას დაიბრუნებს?
- სხვებს არ უნდა ვუყუროთ, მხოლოდ ჩვენს თამაშებზე უნდა ვიფიქროთ. გადახედეთ ბოლო წლებში "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ურთიერთშეხვედრებს - უშუალოდ "ბაიერნთან" მატჩებში პრობლემები არ გვექმნება ხოლმე. მთავარია, სხვა გუნდებთან არ დავკარგოთ ქულები.

- "დორტმუნდმა" გერმანიის ჩემპიონობა ზედიზედ ორჯერ თქვენ გარეშე მოიპოვა...
- 24 წლის ვარ, ტალანტად აღარ ვითვლები. შესაბამისად, მოვიდა იმის დრო, რომ ტიტულები მოვიგო. ჩემი მიზანიც ისაა, რომ კარიერის ბოლოს არაერთი ტიტული მქონდეს მოგებული.

- დღემდე რამდენი ტიტული გაქვთ მოგებული?
- მხოლოდ გერმანიის სუპერთასი, რომელიც ახლახან მოვიგეთ. სხვა მხრივ, მხოლოდ პირადი ჯილდოები და წოდებები მაქვს მოპოვებული.

- როგორ ფიქრობთ, ამ სეზონში რომელიმე ტიტულს მოიგებთ?
- ადრეც ვთქვი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ჩემთვის სენსაცია არ ყოფილა. საოცრად კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ, საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს და ფინალში გასვლა დიახაც, ლოგიკური იყო. მჯერა, რომ მალე კიდევ გავალთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ფაქტია, რომ თამაშს წლიდან წლამდე ვაუმჯობესებთ. ზაფხულში მართლა მაგარი ფეხბურთელები გადმოვიყვანეთ - "ბორუსიას" განსაკუთრებით კარგად ობამეიანგი და მხითარიანი მოერგნენ. ტემპსაც უფრო და უფრო ვუმატებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტიტულების მოგების შანსი იზრდება. საერთო ჯამში, მიმაჩნია, რომ ამ სეზონში "დორტმუნდი" უფრო უკეთესი გუნდია.

- ამ სეზონში "ბორუსიამ" ყველა ოფიციალური მატჩი მოიგო - ოთხი ბუნდესლიგაში, ერთი თასზე და გერმანიის სუპერთასი. წაგების გემო დაგავიწყდათ?
- არა, ორიოდე დღის წინ მატს ჰუმელსთან მაგიდის ჩოგბურთში 4:5 დავმარცხდი და ამ წაგების გამო გული ძალიან დამწყდა. არ ვხუმრობ, მართლა გავბრაზდი.

- რატომ?
- იმიტომ, რომ გაცილებით უკეთ ვთამაშობდი და 4:3-საც ვუგებდი, მაგრამ მერე ბევრი შეცდომა დავუშვი.

- "დორტმუნდი" ძალიან სწრაფ ფეხბურთს თამაშობს და წესით, ჩვენს სწრაფ კითხვებზე პასუხების სწრაფადვე გაცემაც არ უნდა გაგიჭირდეთ...
- შევეცდები. დაიწყეთ!

- ჯეიზი თუ ჯასტინ ბიბერი?
- ორივე.

- რიანა თუ მაილი საირუსი?
- რიანა.

- "თვითერი" თუ "ფეისბუქი"?
- ორივე.

- ინტერნეტში სასიყვარულო წერილები მოგდით?
- ხანდახან მომდის ხოლმე. რამდენიმე ლექსიც კი მომიძღვნეს. არ მჯეროდა, რომ ფანებს ამდენი რამის მოფიქრება შეეძლოთ.

- საოცნებო პაემანზე რომელ ქალბატონს დაპატიჟებდით?
- მსახიობ შარლიზ ტერონს.

- შეყვარებული ხართ?
- ახლა არა.

- მამიკოს ბიჭი იყავით თუ დედიკოს ბიჭი?
- ორივე.

- ჯარიმა თუ პენალტი?
- ჯარიმა. სხვათა შორის, ადრე შორი დისტანციიდან საერთოდ არ ვურტყამდი. მერე "გლადბახელი" ხუან არანგო გავიცანი, რომელსაც გოლების უმრავლესობა ძალიან შორიდან აქვს გატანილი და მეც დავიწყე ამაზე ვარჯიში.

- მართალია, რომ ახლა პენალტებს იმიტომ ურტყამთ, რომ გიოტცესთან სანაძლეო გაქვთ დადებული, ვინ უფრო მეტ გოლს გაიტანს?
- არა, ეს ტყუილია. უბრალოდ, იურგენ კლოპმა პენალტისტად მე დამნიშნა. თერთმეტმეტრიანი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც მე უნდა დამერტყა და ასეც მოვიქცეოდი, რომ არ მიმეღო ტრავმა.

- წიგნი თუ DVD?
- 80 პროცენტი 20-ის წინააღმდეგ, DVD-ის სასარგებლოდ. ახლა სერიალებსაც ვუყურებ.

- კომპიუტერში ფიფას თამაშობთ თუ პრო-ევოლუშენს?
- ფიფას. უმეტესად "დორტმუნდით", "იუვენტუსით", "ბარსელონათი", იტალიის ნაკრებით ან გერმანიის ნაკრებით ვთამაშობ ხოლმე.

- "ბაიერნით" არა?
- ერთხელ "ბაიერნითაც" ვითამაშე და, სხვათა შორის, წავაგე (იცინის).

- დაახასიათეთ მარიო გიოტცე სამი სიტყვით!
- წავიდა. ხარისხი. მეგობარი.

- ახლა საკუთარი თავი...
- აქაა. გულახდილია. სანდოა.

- თმის შეჭრაში რამდენს იხდით?
- 30 ევროს.

- სპორტის რომელი სახეობის თამაში არ შეგიძლიათ?
- ჰოკეის.

- რა მიზანი გაქვთ ჩემპიონთა ლიგაში?
- "არსენალის", "მარსელისა" და "ნაპოლის" დამარცხება, მინიმუმ მერვედფინალში გასვლა.

- ყველაზე მეტად რომელ მეტოქესთან თამაშს ელოდებით?
- პირველ რიგში, "არსენალთან", რადგან იქ ტომაშ როსიცკი თამაშობს, რომელიც ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო. თამაშის სტილით მას ვგავარ და იმედი მაქვს, რომ მოედანზე ერთმანეთს შევხვდებით.

- სპორტის სხვა სახეობებიდან რომელ სპორტსმენებს აფასებთ?
- დირკ ნოვიცკის, რომელიც არა მარტო შესანიშნავი კალათბურთელი, არამედ ბრწყინვალე ადამიანიცაა. დირკი ყოველი ახალი სეზონისთვის უდიდესი მონდომებით ემზადება და მიუხედავად იმისა, რომ კარიერაში ბევრი რამისთვის მიუღწევია, ყოველთვის მაქსიმალურად მოტივირებულია. ნოვიცკი ნამდვილი პროფესიონალია.

- 2006 წელს ნოვიცკიმ "მაიამისთან" ფინალი წააგო და ამ მარცხს თავისი ცხოვრების უდიდესი იმედგაცრუება უწოდა. ხუთი წლის შემდეგ კი "დალასთან" ერთად მაინც გახდა ჩემპიონი. ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგებას თქვენც უდიდესი იმედგაცრუება უწოდეთ...
- ნოვიცკის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ადამიანი არასდროს უნდა დანებდეს და ბოლომდე უნდა სჯეროდეს, რომ ოცნებას აიხდენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბარსელონას" მარკო როისი მოუნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული