მიუნხენელთა სარეკორდო პრემიები

AutoSharing Option
რაკი ევროპის სუპერთასიც წინა სეზონში ითვლება, ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა მხოლოდ ახლა დაითვალეს ის პრემიები, რაც მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებმა ტრიუმფალურ სეზონში გამოიმუშავეს.

სუპერთასზე "ჩელსის" დამარცხებისთვის (მიუნხენელებმა ლონდონელებს პენალტების სერიაში მოუგეს) თითოეული ბაიერნელისთვის 50 000 ევრო იყო გამოყოფილი და რაკი რეკორდმაისტერმა ეს მატჩიც მოიგო, "ბაიერნში" ოთხი ტიტულისთვის დარიგებული პრემიების საშუალო მაჩვენებელი რეკორდულია!

გერმანიის ჩემპიონატის, გერმანიის თასის, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის სუპერთასის მოგებისთვის "ბაიერნის" თითოეულმა მოთამაშემ ჯამში 850 000 ევროს ოდენობის პრემიალური თანხა აიღო, რაც რეკორდმაისტერის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

ამ თანხიდან 50 000
ევრო გერმანიის თასის მეოთხედფინალში "დორტმუნდის" დამარცხებისთვის გაცემული თანხაა, 200 000 ევრო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბარსელონას" დამარცხების პრემიაა, კიდევ 200 000 ჩემპიონთა ლიგის ფინალში "დორტმუნდთან" მოგებისთვის გაიცა, ასევე 200 000 ევრო იყო გერმანიის ჩემპიონობის პრემია, გერმანიის თასის მოგებისთვის კი თითოეულმა ბაიერნელმა 150 000 ევრო მიიღო, 50 000 ევრო კი, როგორც უკვე ვთქვით, ევროპის სუპერთასის პრემიაა.

როდის გააფორმებს ახალ კონტრაქტს კროოსი?
ამასობაში "ბაიერნის" ხელმძღვანელებს ერთი საკადრო საკითხი აქვთ მოსაგვარებელი. საქმე ეხება 23 წლის ნახევარმცველ ტონი კროოსს, რომელსაც ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულში ეწურება. კროოსი ამბობს, მართალია, 2015 წლის ზაფხულამდე ორი წელია, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ტოპ-კლუბში ეს არც ისე დიდი დროაო.

"ბილდის" ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის გააფორმებს კროოსი "ბაიერნთან" ახალ კონტრაქტს, ტონიმ ასე უპასუხა: "მოლაპარაკებები არ გაგვიმართავს, რის გამოც ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი არ მაქვს. ცხადი მხოლოდ ის არის, რომ აქედან წასვლა არ მინდა. დანარჩენს დრო გვიჩვენებს".

ბევრი ფიქრობდა, რომ "ბაიერნის" ახალი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა კროოსს მუდმივად არ ათამაშებდა, მაგრამ ფაქტია, რომ ტონი მუდმივად ძირითად შემადგენლობაშია, რის გამოც ვერ ხედავს საიმისო მიზეზს, რომ კლუბის ხელმძღვანელებს თავად მიმართოს ან სხვა კლუბში გადასვლაზე იფიქროს. კროოსი "ბაიერნის" ბოსების სიგნალს ელოდება.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ თუ პრეზიდენტი ული ჰიონესი და კომპანია კროოსს კონკრეტული წინადადებით ახლო მომავალში არ მიმართავენ, ტონის მთხოვნელების რიგი დაუდგება.

კროოსი: "ევროპაში გერმანელ ფეხბურთელებზე მოთხოვნა იზრდება. მარტო მესუთ იოზილის ტრანსფერი და მის სანაცვლოდ გადახდილი 50 მილიონი გვარწმუნებს იმაში, რომ გერმანელი ფეხბურთელების მიმართ დაინტერესება უდიდესია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თომას მიულერი: ხოსეპ გვარდიოლა იოახიმ ლიოვს ჰგავს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული