გერმანია. ბუნდესლიგა. VI ტურის შეჯამება: გოლუხვი ბუნდესლიგა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ 6 ტურის შემდეგ "ლევერკუზენი" "დორტმუნდს" და "ბაიერნს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, საფეხბურთო გერმანიაში სერიოზულად შიშობენ, რომ ბუნდესლიგას, ისევე, როგორც ესპანეთის პრიმერადივიზიონს, ორი გუნდის მარათონად გადაქცევის საფრთხე ემუქრება - "ბაიერნის" და "დორტმუნდის", რა თქმა უნდა.

ამ მოსაზრებას ნაწილობრივ აქვს არსებობის უფლება, ნაწილობრივ კი იმის ბრალია, რომ "ლევერკუზენს" ჯეროვან პატივს არ სცემენ.

ამრიგად, გასული შაბათ-კვირის შემდეგ გერმანიაში ყველა იმაზე საუბრობდა, რომ "ბაიერნი" "დორტმუნდს" წამოეწია, "ლევერკუზენს" კი რატომღაც არავინ ახსენებდა.

ყველას გაუხარდა ბასტიან შვაინშტაიგერის დაბრუნება, რომელმაც ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა
ძირითად შემადგენლობაში და გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა ("შალკესთან" ტოპ-მატჩში ანგარიში სწორედ მან გახსნა), რეკორდმაისტერის ნახევარდაცვის შეფადაც მოგვევლინა.

რაც შეეხება ტურის სხვა პოზიტიურ და ნეგატიურ ფაქტებს:

პოზიტივები
- პოზიტივების სიაში მოხვედრას იმსახურებს "ვერდერის" თავდამსხმელი ნილს პეტერსენიც, რომელმაც ჩრდილოეთის დერბიში "ვერდერის" წაგებათა და მშრალი სერია დაასრულა - "ჰამბურგის" კარში ორივე გოლის ავტორი პეტერსენია. წინა კვირას პეტერსენი ბრემენელთაგან ყველაზე თვითკრიტიკული გახლდათ და როგორც ხედავთ, თვითკრიტიკა მართლაც პროგრესის პირველი ნაბიჯი ყოფილა.

- "ლევერკუზენმა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" განცდილი მარცხი უმტკივნეულოდ გადაიტანა - "ფარმაცევტებმა" მაინცში ზედმეტად იოლად (4:1) გაიმარჯვეს. ლევერკუზენელთა მწვრთნელი სამი ჰიიპია ავსტრალიელ რობი კრუსს ენდო და ამ უკანასკნელმაც მადლობა დუბლით გადაუხადა.

- "ლევერკუზენიდან" ასევე პოზიტივების სიაში უნდა ჩავწეროთ შტეფან კისლინგიც, რომელიც ამ სეზონშიც საგოლე მანქანაა. ბუნდესლიგის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა მაინცში მიმდინარე სეზონის მეხუთე გოლი გაიტანა და ისევ ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორია.

- ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ საწყისი ექვსი ტური ისე მიილია, ერთი უგოლო ფრეც კი არ დაფიქსირებულა! შესაბამისად, გერმანიის ჩემპიონატის შეხვედრებში უკვე ძალიან ხშირად გაისმის სტვენა პირველი ტაიმის შემდეგ - თუკი იმ მატჩში 0:0-ია. თუმცა ეს არ ეხება მაინცის პუბლიკას, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები პირველი ნახევრის შემდეგ 0:3-ს აგებდნენ, ფანები საყვარელ კლუბს მაინც მხურვალედ ქომაგობდნენ.

- "ნიურნბერგის" დაცვის ბურჯმა პერ ნილსონმა "დორტმუნდთან" თავისი საქმე ხუთიანზე გააკეთა - დაცვაში "ბორუსიას" წინახაზელები არ გაახარა, წინ კი გოლი შეაგდო, რომელმაც ფრანკებს "დორტმუნდთან" უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა. მატჩის შემდენ ნილსონმა აღიარა, რომ გოლის მომენტში ბურთი ხელზე მოხვდა, რაც ასევე აქტივში უნდა ჩავუთვალოთ.

- "გლადბახის" წინახაზელებმა, რაფაელმა, მაქს კრუზემ, ხუან არანგომ და პატრიკ ჰერმანმა "ბრაუნშვაიგთან" 4:1-ზე მოგებულ შეხვედრაში "ბორუსია პარკის" მომთხოვნ პუბლიკას საუკეთესო სპექტაკლი შესთავაზეს. სამი მატჩი საკუთარ მოედანზე, სამი მოგება, 11 გოლი - "გლადბახი" სახლის გუნდია...

- ...ისევე, როგორც "ჰანოვერი"! "წითლებს" შინ 4 შეხვედრა აქვთ ჩატარებული და ოთხივე მოიგეს, მათი გმირი კი დისკვალიფიკაციამოხდილი საბოლჩ ჰუსტი გახდა, რომელმაც "აუგსბურგთან" გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე, პენალტით შეაგდო. ამრიგად, სწორედ უნგრელის დამსახურებაა, რომ "ჰანოვერმა" ბოლო 44 წელიწადში ზედიზედ 4 საშინაო მატჩი პირველად მოიგო.

- "ვოლფსბურგის" ვეტერანმა თავდამსხმელმა ივიცა ოლიჩმა "ჰოფენჰაიმთან" 2:1-ზე მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ამ სეზონში გატანილი გოლების აქტივი ოთხამდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 34 წლის ოლიჩი ზუსტად ყოფილ კლუბთან, "ბაიერნთან" მატჩის წინ შევიდა ფორმაში.

- 17 წლის ტიმო ვერნერი "შტუტგარტის" მომავალია! "ჰოფენჰაიმთან" ორი საგოლე პასის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა "აინტრახტთან" გოლის გატანაც შეძლო და დაამტკიცა, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირმა 17-წლამდელთა თაობის უნიჭიერეს ტალანტად ტყუილად არ დაასახელა.

ნეგატივები
- ნეგატივების სერიას კი "შალკე" ხსნის. უფრო სწორად, გელზენკირხენული კლუბის დაცვა, რადგან "შალკემ" ამ სეზონში უკვე მეორედ გაუშვა 4 გოლი. 6 ტურის შემდეგ გელზენკირხენელებს უკვე 13 გოლი აქვთ მიღებული და მათზე უარესი შედეგით მხოლოდ "ჰამბურგი" (17) და "ჰოფენჰაიმი" (15) "დაიკვეხნიან".

- "მაინციც" კრიზისში ჩაიძირა. კარგად დაწყებული სეზონის შემდეგ თომას ტუხელის შეგირდები ეტაპობრივად ჩაფლავდნენ და "ლევერკუზენთან" კატასტროფულად გამოიყურებოდნენ (1:4). ამიტომაც თქვა ნიკოლჩე ნოვესკიმ, თუ ასე გავაგრძელებთ, მეორე ბუნდესლიგაში დავქვეითდებითო.

- "დორტმუნდის" თავკაცმა იურგენ კლოპმა "ნიურნბერგთან" ტაქტიკაც შეცვალა და შემადგენლობაც. 4-3-3 სქემით "ბორუსიას" საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა, ხოლო ახალგაზრდა თავდამსხმელი მარვინ დუკში 90 წუთის მანძილზე ბურთს უფრო იშვიათად შეეხო, ვიდრე მოგვიანებით გამოყვანილი რობერტ ლევანდოვსკი 25 წუთში.

- "ნიურნბერგს" "დორტმუნდთან" მოგებაც შეეძლო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში ფრანკების თავდამსხმელმა ალექსანდერ ესვაინმა რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. ამიტომაცაა, რომ ესვაინი "ნიურნბერგის" ძირითადში ვერ ხვდება.

- "გლადბახმა" კარგად ითამაშა და არც მიონხენგლადბახელთა საყრდენ ნახევარმცველ გრანიტ ჯაკას დაეწუნებოდა რამე, მაგრამ მან მე-6 თამაშში მეხუთე გაფრთხილება მიიღო და დისკვალიფიკაცია აიკიდა. ამით მან ბერნჰარდ ტრარესის (მიუნხენ 1860) ანტირეკორდი გაიმეორა.

- აუგსბურგელი საშა მიოლდერსი ცენტრფორვარდია, მაგრამ უკვე 13 საათია, გოლი არ გაუტანია.

- "შტუტგარტის" გოლეადორ ვედად იბიშევიჩს "აინტრახტთან" მატჩის (1:1) დამატებულ წუთებზე შვაბებისთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოტანა შეეძლო, მაგრამ პენალტი კარს ააცილა. გაგახსენებთ: ვედოს ასეთი რამ წინა სეზონშიც დაემართა, ოღონდ მაშინ თერთმეტმეტრიანი დამატებულ დროში "ვოლფსბურგს" ვერ გაუტანა.

VI ტურის გმირი
რობი კრუსი (ლევერკუზენი)
რობი კრუსი "ლევერკუზენში" თავის შანსს დიდხანს და მოთმინებით ელოდა. ამ ტურამდე "ბაიერს" 7 ოფიციალური მატჩი ჰქონდა ჩატარებული, 24 წლის ავსტრალიელს კი მოედანზე მხოლოდ 24 წუთი ჰქონდა გატარებული. მაინცში სამი ჰიიპიამ კრუსი ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და რობიმ, რომელიც "ლევერკუზენში" ზაფხულში დიუსელდორფის "ფორტუნადან" გადავიდა, დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები
"კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. რაფაელ შეფერი ნიურნბერგი 6 2.00
2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 6 2.10
3. ფილიპ ლამი ბაიერნი 6 2.30
4. მაქს კრუზე გლადბახი 6 2.33
5. კევინ ფოლანდი ჰოფენჰაიმი 6 2.33
6. არიენ რობენი ბაიერნი 5 2.38
7. ტონი კროოსი ბაიერნი 6 2.40
8. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 6 2.42
9. მარკო როისი დორტმუნდი 6 2.42
10. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 6 2.42

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 6 5 3 8
2. პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდი 6 5 2 7
3. მაქს კრუზე გლადბახი 6 3 4 7
4. სიდნი სემი ლევერკუზენი 6 4 3 7
5. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 6 4 2 6
6. ალექსანდრუ მაქსიმი შტუტგარტი 4 2 4 6
7. ანტონი მოდესტე ჰოფენჰაიმი 6 5 1 6
8. რობერტო ფირმინო ჰოფენჰაიმი 5 3 3 6
9. კევინ ფოლანდი ჰოფენჰაიმი 6 4 2 6
10. ხუან არანგო გლადბახი 6 2 3 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. VI ტური: გვარდიოლა კლოპს გაუთანაბრდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული