გერმანიის თასი. II ეტაპი: "დორტმუნდს" გაუჭირდა, "მაინცი" გავარდა

AutoSharing Option
გერმანიის თასის მეორე რაუნდში, რომელიც სინამდვილეში 1/16-ფინალია, სამშაბათს მხოლოდ ერთი სენსაცია მოხდა - "მაინცი" საკუთარ მოედანზე მეორებუნდესლიგელ "კიოლნთან" 0:1 დამარცხდა და თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

თუმცა ამ მოვლენას ხმაურიან სენსაციას ვერ დავარქმევთ, რადგან მაინცელები ბოლო დროს საშინელ ფორმაში არიან; "კიოლნი" კი ამბიციურ კლუბად რჩება, რომლის მიზანი ელიტაში დაბრუნებაა. საინტერესო ისაა, რომ "კიოლნმა" მაინცში 1962 წლის შემდეგ პირველად მოიგო...

მართლა ხმაურიან სენსაციასთან ახლოს იყო "მიუნხენ 1860" - "ბაიერნის" მოსისხლე მტერი დორტმუნდის "ბორუსიას" მასპინძლობდა და გადაჭედილ "ალიანს არენაზე" (71 000 მაყურებელი) ჩემპიონთა ლიგის
ფინალისტს დაუნდობელი ბრძოლაც გაუმართა. დორტმუნდელებმა ქვედალიგელს ძირითად დროში ვერაფერი მოუხერხეს (0:0) და "ლომები" მხოლოდ დამატებით დროშიღა გატეხეს.

"ეს იყო მარცხი, რომლითაც უნდა ვიამაყოთ," - აღნიშნა მატჩის შემდეგ მიუნხენელთა დამრიგებელმა ფრიდჰელმ ფუნკელმა. ფაქტია, რომ "1860"-ის ფანებს ეს მატჩი დიდხანს ეხსომებათ. "ლომები" მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ უდიდესი მონდომებით იბრძოდნენ, რაც ფუნკელის ტაქტიკის დამსახურებაცაა - მან ძირითად შემადგენლობაში სამი ჩამშლელი ნახევარმცველი (შტალი, შტარკი, ვანენვიტში) გაამწესა.

"დორტმუნდთან" ძირითად დროში 0:0-ის მიღწევა მშვენიერი შედეგია. ბუნდესლიგაში ეს ერთი ქულის მომტანი მატჩი იქნებოდა,"
- გულდაწყვეტილი გახლდათ "მიუნხენის" ვეტერანი მეკარე გაბორ კირალი.

"1860" დამატებით დროშიღა გატყდა - თითქმის ზუსტად ისე, როგორც 2008 წელს, გერმანიის თასის მეოთხედფინალში, "ბაიერნთან". "ბორუსიამ" ანგარიში 105-ე წუთზე, პენალტით გახსნა (2008-ში რიბერიმაც პენალტით გაიტანა, ოღონდ სულ ბოლოს, 120-ე წუთზე) - ეს პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გააკეთა და "ლომების" ფანების ოცნებები დაამსხვრია.

მიუნხენელებმა სოლიდური პრემიაც დაკარგეს - მატჩის წინ "1860"-ის პრეზიდენტ გერჰარდ მაირჰოფერს ნათქვამი ჰქონდა, ინვესტორი ჰასან ისმაიკი ბიჭებს "ბორუსიას" დამარცხებისთვის ბევრ ფულს დაჰპირდაო.

საფინალო სასტვენის შემდეგ "ბორუსიას" თავკაცმა იურგენ კლოპმა მიუნხენელთა თავდამსხმელ რობ ფრენდს მაისურა გამოართვა და მოგვიანებით თქვა: "როგორ არ უნდა ამეღო მაისურა, რომელსაც უკან Friend აწერია?! ესეც რომ არ იყოს, რობ ფრენდი, მგონი, ერთადერთი მიუნხენელია, რომლის მაისურაც მომერგებოდა..."

აქვე ისიც ვთქვათ, რომ "ალიანს არენა" "მიუნხენ 1860"-ის საშინაო მატჩზე 2007 წლის შემდეგ პირველად გაივსო (71 000)! "დორტმუნდს" მიუნხენში 15 000 ფანი, ანუ იმაზე მეტი ქომაგი ჩაჰყვა, ვიდრე "1860"-ის ბოლო საშინაო მატჩს, აუე-სთან ესწრებოდა (14 300)...

ჰოფენჰაიმი-კოტბუსი 0:0 (3:0 დ.დ.)
გოლები: 1:0 ზიულე (95), 2:0 რობერტო ფირმინო (103), 3:0 შიპლოკი (117)
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): გრალი - ბეკი, ზიულე, ვესტერგაარდი, ფ. ჯონსონი - პოლანსკი, სალიჰოვიჩი - შტრობლი (74. ელიუნუსი), რობერტო ფირმინო (112. ჰერდლინგი), ფოლანდი - მოდესტე (62. შიპლოკი).
მაყურებელი: 11 579

მაინცი-კიოლნი 0:1
გოლი: 0:1 რისსე (53)
მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, პარკი - მორიტცი, სოტო (46. მალი) - ნ. მიულერი, ზიმლინგი (77. დ. შაჰინი), ოკაზაკი - პოლტერი (59. ჩუპო-მოტინგი).
კიოლნი (4-2-3-1): ჰორნი - ბრეჩკო, ვიმერი, მარო, ექტორი - მ. ლემანი, მატუშიკი - რისსე (92. გოლობარტი), გერჰარდტი, პეჟკო (74. დ. ჰალფარი) - უჯა.
მაყურებელი: 22 782

ჰამბურგი-ფიურტი 1:0
გოლი: 1:0 ლასოგა (64)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - ვესტერმანი, თაა, ჯურუ, იანსენი - ბადელი, არსლანი (82. ლ. ზობიეხი) - ბაისტერი (91. ჟ. ლამი), ვან დერ ვაარტი, ჩალჰანოღლუ - ლასოგა (84. ზუა).
მაყურებელი: 26 842

არმინია-ლევერკუზენი 0:2
გოლები: 0:1 სონი (62), 0:2 სემი (89)
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო - დონატი, სპაჰიჩი, ვოლშაიდი, ჩანი - ლ. ბენდერი, რაინარტცი, როლფესი - რ. კრუსი (75. სემი), დერდიოკი (67. კისლინგი), სონი (91. ბიონიში).
მაყურებელი: 23 709

მიუნხენ 1860-დორტმუნდი 0:0 (0:2 დ.დ.)
გოლები: 0:1 ობამეიანგი (105-პენ), 0:2 მხითარიანი (107)
მიუნხენ 1860 (4-3-2-1): კირალი - ფოლცი (112. ტომასოვი), შინდლერი, ბიულოვი, ვოიტკოვიაკი - დ. შტალი, ვანენვიტში, ი. შტარკი - შტოპელკამპი, ადლუნგი - ლაუთი (112. ფრენდი).
დორტმუნდი (4-2-3-1): ლანგერაკი - გროსკროიტცი, სოკრატისი, ჰუმელსი, დურმი - ნ. შაჰინი, ს. ბენდერი (69. ი. ჰოფმანი) - ბლაშჩიკოვსკი (99. ობამეიანგი), მხითარიანი, როისი - ლევანდოვსკი (105+3. შიბერი).
გაძევება: დ. შტალი (104. მიუნხენ 1860)
მაყურებელი: 71 000

პროისენ მიუნსტერი-აუგსბურგი 0:3
გოლები: 0:1 ტო. ვერნერი (45+1), 0:2 ტო. ვერნერი (57), 0:3 მიოლდერსი (59)
აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, მ. დე იონგი - ბაიერი - ჰანი (78. ფილპი), ფოგტი, ჰალილ ალთინთოფი (62. ჰოლცჰოიზერი), ტო. ვერნერი - მიოლდერსი (67. მილიკი).
მაყურებელი: 14 379

ვიდენბრიუკი-ზანდჰაუზენი 1:3
გოლები: 1:0 სუმელკა (40), 1:1 იოვანოვიჩი (62), 1:2 ულმი (65), 1:3 იოვანოვიჩი (67)

ვოლფსბურგი-აალენი 2:0
გოლები: 1:0 დიეგო (45+2), 2:0 კლოზე (82)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, ნალდო, კლოზე, როდრიგესი (46. კოო) - ვიეირინია (34. დ. კალიჯური), ლუის გუსტავო - პერიშიჩი, დიეგო (83. პოლაკი), მ. შეფერი - ოლიჩი.
მაყურებელი: 6 718

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული