11 და 15 ოქტომბერს ბუნდესგუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩებს (ირლანდიასთან და შვედეთში) გამართავს და უკვე ცნობილია, რომ ამ შეხვედრებში ვერც მარიო გომესს გამოიყენებს და ვეღარც მიროსლავ კლოზეს.
შესაბამისად, იოგის სხვა ალტერნატივა, ფაქტობრივად, აღარც რჩება - ცხადია, რომ პრესის ზეწოლა იოგისადმი კიდევ უფრო გაიზრდება და იოახიმიც, ფაქტობრივად, ვალდებული იქნება, კისლინგი ნაკრებში გამოიძახოს.
იტალიური მედიასაშუალებების ცნობების თანახმად,
"კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, მიროს ტრავმის ბოლომდე მოშუშებას მინიმუმ 3 კვირა სჭირდება, რაც არა მარტო რომის "ლაციოს" თავკაც ვლადიმირ პეტკოვიჩის, არამედ, როგორც ზემოთაც ვთქვით, ლიოვის პრობლემაცაა.
გერმანიის ნაკრების ბოლო შეხვედრებში (ავსტრიასთან 3:0 და ფარერებთან 3:0) იოგის მესამე ცენტრფორვარდის რანგში გლადბახელი მაქს კრუზე ჰყავდა გამოძახებული. ალტერნატიული ვარიანტია ბაიერნელი მარიო გიოტცეც, რომელიც მომავალი მატჩებისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს, მაგრამ ეს უკანასკნელი არ არის ტიპური ცენტრფორვარდი, თუმცა იოგის გიოტცე ამ პოზიციაზე რამდენჯერმე გაუმწესებია.
ამრიგად, თუ ლიოვმა კისლინგი ახლაც არ გამოიძახა, ეს მისი მხრიდან იმის აღიარების ნიშანი იქნება, რომ შტეფანი საერთოდ არ აინტერესებს. არადა, გერმანული მედია იოგის კისლინგის გამო მაგრად წნეხავს და ცხადია, რომ ახლა უფრო დაწნეხავს.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირ კისლინგს გერმანიის ნაკრებში 2010 წლის მუნდიალის შემდეგ აღარ უთამაშია. 29 წლის ლევერკუზენელი, რომელსაც გერმანიის ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, ამ სეზონშიც ძალიან კარგ ფორმაშია - ბუნდესლიგის 6 მატჩში მან უკვე 5 გოლის გატანა მოასწრო.
კლოზე, რომელსაც ბუნდესგუნდში 130 შეხვედრა აქვს ჩატარებული, გუშინწინ გერმანიაში გაემგზავრა და მკურნალობას ბუნდესგუნდის მთავარი ექიმის, ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტის მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს. "ლაციოს" ხელმძღვანელები ამის გამო არ განაწყენებულან:
"ფაქტია, რომ კლოზე ვერც "სასუოლოსთან" დაგვეხმარება, არც "ტრაბზონთან" (ევროპალიგაში) ითამაშებს და გამოჯანმრთელებას ვერც "ფიორენტინასთან" შეხვედრისთვის მოასწრებს. გერმანიაში რომ გაემგზავრა, ეს არ გვწყენია, რადგან არ ვფიქრობთ, რომ გერმანელები ჩვენს ექიმებს არ ენდობიან. რამდენიც და ვისთანაც არ უნდა იმკურნალოს, მოსალოდნელზე ადრე სრულად ვერ გამოჯანმრთელდება," - ეს "ლაციოს" პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს სიტყვებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მიროსლავ კლოზე: ჩემი პრიორიტეტი მუნდიალის მოგებაა