გერმანია. ბუნდესლიგა. VII ტურის წინ: ბრძოლა ლიდერობისთვის

AutoSharing Option
ფოტოზე: დორტმუნდის "ბორუსიას" მცველებს განსაკუთრებით სტანდარტულების დროს უჭირთ

ბუნდესლიგის 6 ტურის შემდეგ 3 გუნდია დაწინაურებული და ლოგიკურად, ასეც უნდა გაგრძელდეს - გააჩნია, შეინარჩუნებს თუ არა "ლევერკუზენი" მოწინავე პოზიციებს.

მე-7 ტურში სამივე დაწინაურებულ გრანდს საშინაო დავალებები აქვს შესასრულებელი: "დორტმუნდი" "ფრაიბურგს" ელოდება, "ბაიერნი" "ვოლფსბურგს" მასპინძლობს, ხოლო "ლევერკუზენი" კი "ჰანოვერს" მიიღებს. ყველაზე რთული ამოცანის წინაშე უდავოდ "ლევერკუზენი" დგას, რადგან ხსენებულ სამეულთან ყველაზე ახლოს სწორედ "ჰანოვერია". თუმცა ფარმაცევტებს იმის იმედი აქვთ, რომ "ჰანოვერი" სტუმრად არაფრად ვარგა.

ამ ტურის მნიშვნელოვანი მოვლენა ისიცაა, რომ "ჰამბურგის" მთავარი
მწვრთნელის რანგში ბერტ ვან მარვეიკის დებიუტი შედგება.

"ფრაიბურგის" იმედი დორტმუნდში: სტანდარტულები
დორტმუნდის "ბორუსიამ" წინა ტურში წაიფორხილა (1:1 ნიურნბერგში), რითაც "ბაიერნმა" ისარგებლა და ქულებით გაუთანაბრდა. შესაბამისად, იურგენ კლოპის გუნდი ამჯერად ვალდებულია, "ფრაიბურგთან" სამი ქულა აიღოს.

დორტმუნდელთა დამრიგებელს როტაციამ (დურმი, დუკში და სოკრატისი ლევანდოვსკის, შაჰინისა და ჰუმელსის ნაცვლად) არ გაუმართლა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კლოპი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების დასვენებას აღარ გარისკავს.

"ბორუსიას" მოთამაშეები განსაკუთრებით ყურადღებით სტანდარტული სიტუაციების დროს უნდა იყვნენ, რადგან მიღებული ბურთების 60 პროცენტი სწორედ ჯარიმებიდან ან კუთხურებიდან აქვთ გაშვებული.

საინტერესოა, რამდენად შეუძლია "ფრაიბურგს" ამით სარგებლობა? იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც "ფრაის" თავკაცმა კრისტიან შტრაიხმა ამ სეზონში გამოიყენა, სიმაღლეში 1.90 მეტრი ან უფრო მეტი მეტი მხოლოდ ორია - შუსტერი (1.90) და კრმასი (1.93).

შეგახსენებთ, რომ "ფრაიბურგი" ბუნდესლიგაში ჯერაც გამარჯვების გარეშეა, თუმცა გერმანიის თასზე "შტუტგარტის" დამარცხება შეძლო, რამაც ბრაისგაუელებს განწყობა გამოუკეთა.

შეუძლია "ვოლფსბურგს" "ბაიერნის" გამწარება?
დამშვიდდით, ბუნდესლიგა მოსაწყენი არ გახდებაო, თქვა რამდენიმე დღის წინ "ბაიერნის" ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა არიენ რობენმა. თუმცა გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატიც რეკორდმაისტერისა და "დორტმუნდის" ხანგრძლივ დუელს ემსგავსება და საშუალო, ან, მით უმეტეს დაბალი დონის გუნდებიდან არც ერთი არ ჩანს იმის გამკეთებელი, რასაც "ბაიერნისთვის" ქულების წართმევა ჰქვია.

ხოსეპ გვარდიოლას ფორმაციის მიუნხენური გრანდი თამაშს ტურიდან ტურამდე ხვეწს - გრძელი პასები, მოკლე პასები, ბურთთან ხშირი კონტაქტი, ფლანგის მცველები მუდმივად შეტევაში და პოზიციების ხშირი ცვლა - "ბაიერნი" პეპის ფეხბურთს ამუღამებს.

"გუნდი ტაქტიკურად ძალიან მოქნილია, რაც მეტოქეებს აბნევს," - აცხადებს ბავარიელთა ლიდერი ბასტიან შვაინშტაიგერი.

ლოგიკურად, "ბაიერნმა" "ვოლფსბურგიც" იოლად უნდა დაამარცხოს, რადგან "მგლები" ქულების მოპოვებას დღემდე მხოლოდ საკუთარ მოედანზე ახერხებენ ხოლმე, სტუმრად კი ერთი ქულაც კი არ აქვთ აღებული.

"თუ ამ თამაშში რაიმე წარმატების მიღწევა გვინდა, მიუნხენშიც მინიმუმ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ ხოლმე", - ამბობს "ვოლფსბურგის" გოლეადორი ივიცა ოლიჩი, რომელიც, სხვათა შორის, ყოფილი ბაიერნელია.

"ლევერკუზენს" "ჰანოვერი" გამოცდის
5 მოგება 6 ტურში - "ლევერკუზენმა" არსებობის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აიღო და უფრო მეტიც უნდა. ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ "ბაიერს" ჩემპიონთა ლიგა ხელს შეუშლიდა, მაგრამ "ფარმაცევტები" დიდ დატვირთვებს თავს ჯერჯერობით კარგად ართმევენ, რაც სათადარიგო ფეხბურთელების დამსახურებაა.

"ლევერკუზენის" თავკაცი სამი ჰიიპია როტაციას თამამად მიმართავს და შედეგიც აქვს - იმ მოთამაშეებიდან, რომლებიც სასტარტოში არ მოიაზრებიან, ყველაზე უკეთ რობი კრუსი გამოიყურება. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ფინელმა სპეციალისტმა შემადგენლობა "ჰანოვერთან" შეხვედრაშიც შეცვალოს.

რაც შეეხებათ "წითლებს": "ჰანოვერი" 6 ტურის შემდეგ 12 ქულით მეოთხე ადგილზეა, მაგრამ 12-ივე ქულა საკუთარ მოედანზე აქვს მოპოვებული და მირკო სლომკას შეგირდებს ამჯერად სტუმრადაც სურთ ხეირის ნახვა.

კითხვის ნიშნები "შალკეს" და "ჰოფეს" გარშემო
მაინც რა მიზანი უნდა დაისახონ ამ სეზონში? ეს კითხვა პასუხგაუცემელია როგორც "ჰოფენჰაიმში" (მე-11 ადგილი), ისე "შალკესთვისაც" (მე-14). "ჰოფეს" ჯერ სამმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, მერე კი სამ თამაშიდან ორი დათმო.

"შალკეს" "ჰოფენჰაიმზე" მეტი მოეთხოვება, მაგრამ ჯერჯერობით უარესად გამოიყურება. კევინ-პრინს ბოატენგის ყიდვის შემდეგ გელზენკირხენელებმა ზედიზედ ორი შეხვედრა კი მოიგეს, მაგრამ წინა ტურში "ბაიერნთან" 0:4 განადგურდნენ და ისევ გაურკვევლობაში არიან.

კარგია, რომ "ჰოფენჰაიმი" და "შალკე" ამ ტურში ერთმანეთს ხვდებიან, რადგან აბზაცის დასაწყისში დასმულ კითხვას მინიმუმ ერთ-ერთისთვის მაინც გაეცემა (თუნდაც ნაწილობრივი) პასუხი.

ჩაიძირება "მაინცი"?
ბერლინის "ჰერტამ" სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ მერე აურია - ლევან კობიაშვილის გუნდმა ბოლო სამი თამაშიდან მხოლოდ ერთი ქულა აიღო. თუმცა ბერლინელთა მეტოქე "მაინცი" (თუ გუნდის ფორმით ვიმსჯელებთ), უფრო უარეს მდგომარეობაშია.

მაინცელებმა სეზონი 4 ოფიციალური მატჩის (3 ბუნდესლიგაში, 1 თასზე) მოგებით დაიწყეს, მაგრამ მერე ზედიზედ ოთხი ოფიციალური მატჩი (ისევ 3 ბუნდესლიგაში, 1 თასზე) წააგეს.

შესაბამისად, "მაინცელები" სასოწარკვეთილები ჩანან, მაგრამ მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის შესაძლო გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რაც კლუბის მენეჯერმა კრისტიან ჰაიდელმა დაადასტურა და დასძინა, დარწმუნებული ვარ, რომ შექმნილი ვითარებიდან აუცილებლად გამოვძვრებითო.

ბერტის პირველი ბრძოლა
ბერტ ვან მარვეიკის დებიუტი "ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელის რანგში შაბათის საღამოს მატჩში, ფრანკფურტში შედგება.

ჩრდილოგერმანული კლუბის ბოსი კარლ-ედგარ იარხოვი იმედოვნებს, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი ამ პოსტზე დიდხანს დარჩება. ფაქტი ისაა, რომ ვან მარვეიკი პირველივე მატჩის წინ უმძიმესი ზეწოლის ქვეშაა, თუმცა ბერტი ამბობს, წნეხი მიყვარს, ეს ყველას სჭირდებაო.

"ვხედავ, რომ მძიმე მდგომარეობაში ვართ. 6 ტურის შემდეგ მე-16 ადგილზე ყოფნა "ჰამბურგისთვის" კატასტროფის ტოლფასია და თანაც, ყველაზე მეტი გოლი გვაქვს მიღებული (17)," - წუხს ვან მარვეიკი.

სახარბიელო ვითარებაში არც ფრანკფურტელები არიან და "ჰამბურგთან" სამი ქულის მოპოვებას ნატრობენ. საინტერესო ისაა, რომ, თუ ითამაშა, აინტრახტელი ფლუმი დღეს ბუნდესლიგაში მე-100 მატჩს ჩაატარებს, ხოლო როდე კი 50-ეს.

"ვერდერი" და "შტუტგარტი" კვირას
"ვერდერმა" ჩრდილოეთის დერბის (2:0 ჰამბურგში) მოგებით ხასიათი გამოიკეთა. რაც მთავარია, ბრემენელთა თავდამსხმელმა ნილს პეტერსენმა 1 367-წუთიანი მშრალი სერია პირდაპირ დუბლით დაასრულა. დაადგა თუ არა "ვერდერი" გამოსწორების გზას, ეს "ნიურნბერგთან" შეხვედრაში გამოჩნდება - გუნდთან, რომელმაც წინა ტურში "დორტმუნდს" ქულ აართვა (1:1).

"ბრაუნშვაიგი" პირველ გამარჯვებაზე ოცნებობს - ტორსტენ ლიბერკნეხტის შეგირდები ნავსის გატეხვას ამჯერად "შტუტგარტთან" შეეცდებიან. შვაბები თომას შნაიდერის ხელში ჯერაც დაუმარცხებლები არიან და ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით სამ თამაშში შვიდ ქულას მოუყარეს თავი.

შნაიდერის ხელში განსაკუთრებით 17 წლის თავდამსხმელი ვერნერი ბრწყინავს, რომელსაც "შტუტგარტის" ფანები უკვე ახალ მარიო გომესს უწოდებენ.

გერმანია. ბუნდესლიგა. VII ტური
აუგსბურგი-გლადბახი 2:2

28 სექტემბერი
დორტმუნდი-ფრაიბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიშჩეკი, სარი, გიუნდოგანი, კელი - ჰედენსტადი, მუიჯა, დარიდა, პილარი
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +17=8-3, (58:32)

28 სექტემბერი. მიუნხენი. "ალიანს არენა"
ბაიერნი-ვოლფსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბადშტუბერი, ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა - ვიეირინია, დოსტი
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +24=5-3, (68:26)
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლამი - რობენი, თ. მიულერი, შვაინშტაიგერი, რიბერი - მანჯუკიჩი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - ლუის გუსტავო, პოლაკი - პერიშიჩი, დიეგო, მ. შეფერი - ოლიჩი.

ლევერკუზენი-ჰანოვერი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კასტრო, ჰეგელერი - ჩერუნდოლო, ფელიპე, პანდერი, ფრანკა, ნიკჩი, მ. დიუფი
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +14=9-5, (52:29)

ჰოფენჰაიმი-შალკე 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლუდვიგი, ვუკჩევიჩი - ფუხსი, კოლასინაცი, კ. პაპადოპულოსი, ანანი, ჰუნტელაარი, ობასი
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +4=3-3, (12:14)

ჰერტა-მაინცი 17:30
დისკვალიფიკაცია: ჰოლანდი (ჰერტა)
ტრავმა: ბრუკსი, ბაუმიოჰანი, მ. ნდიენგი - კარიუსი, ბუნგერტი, კოხი, შ. პარკერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +3=5-2, (16:11)

აინტრახტი-ჰამბურგი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კიტელი, შვეგლერი, შტენდერა - დიკმაიერი, რაიკოვიჩი, დემირბაი, ილიჩევიჩი, რინკონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 88 თამაში: +27=20-41, (108:155)

29 სექტემბერი
ვერდერი-ნიურნბერგი 17:30
დისკვალიფიკაცია: დი სანტო (ვერდერი)
ტრავმა: შმიტცი, ბარგფრედე, იგნიოვსკი, პ. სტევანოვიჩი, თრაიბული - მარკოს ანტონიო, გებჰარტი, გინჩეკი
ურთიერთშეხვედრები
სულ 60 თამაში: +28=16-16, (108:84)

ბრაუნშვაიგი-შტუტგარტი 19:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კორეია, ჰოხშაიდტი - ულრაიხი, ნიდერმაიერი, დიდავი, როხასი
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +13=8-15, (45:62)

ბომბარდირები: 5 - ობამეიანგი (დორტმუნდი), იბიშევიჩი (შტუტგარტი), კისლინგი (ლევერკუზენი), მოდესტე (ჰოფენჰაიმი), ნ. მიულერი (მაინცი); 4 - ლევანდოვსკი (დორტმუნდი), მანჯუკიჩი (ბაიერნი), ოლიჩი (ვოლფსბურგი), სემი (ლევერკუზენი), ფოლანდი (ჰოფენჰაიმი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული