გერმანია. ბუნდესლიგა. VII ტურის შეჯამება და სიმბოლური: რა გჭირთ, საქსონიელებო?!

AutoSharing Option
გერმანიაში ლუდის ტრადიციული დღესასწაული "ოქტობერფესტი" დაიწყო და გასული ტურის ავ-კარგზე საქაქანოდ იქ ახლა არავის სცალია.

ეს ის პერიოდია, როცა ყველაფერი დავიწყებას ეძლევა და ირგვლივ მხოლოდ ხალისია - როგორც გამარჯვებულისთვის, ისე დამარცხებულისთვის.

მერე კი ის არის საფიქრალი, როგორ იქნები ნაბახუსევზე...

პოზიტივები
* პოზიტივების ჩამონათვალი რობერტ ლევანდოვსკით გავხსნათ. "ფრაიბურგთან" შეხვედრაში მან გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც ფორვარდს გუნდისთვის შეეძლო - გაიტანა ხუთიდან 2 გოლი, გამოიმუშავა პენალტი და ორჯერაც კომბინაციაში ითამაშა ისეთი როლი, რომ ამასაც გოლები მოჰყვა.

ისე, "ფრაიბურგი" ძალიან კი დაიჩაგრა ლევანდოვსკისგან. პოლონელმა
მეგოლემ ამ გუნდის წინააღმდეგ ჩატარებულ 7 მატჩში მე-4(!) დუბლი მიითვალა. "ლელოს" მიაჩნია, რომ სწორედაც ლევანდოვსკია ტურის ტოპ-მოთამაშე და არა იბრაჰიმა ტრაორე - "შტუტგარტის" გვინეელი ნახევარმცველი, რომელმაც გოლითა და საგოლე პასით სოლიდური წილი დაიდო "ბრაუნშვაიგის" დაბრიყვებაში.

* მართალია, ვერ მოიგო, მაგრამ დებიუტი უნდა შევუქოთ ბერტ ვან მარვეიკს. გამოცდილმა სპეციალისტმა მომაკვდავი "ჰამბურგი" ფრანკფურტში გააცოცხლა - 2:2 "აინტრახტთან", თან, რაც უფრო მნიშვნელოვანია, "დინოზავრები" ორჯერ აგებდნენ და მაინც არ დაყარეს ფარ-ხმალი.

სხვათა შორის, ჰოლანდელი მწვრთნელისთვის ეს ფრე ერთგვარად ტრადიციის გაგრძელებაა. საქმე ისაა, რომ მისმა ოთხმა წინამორბედმა (ტორსტენ ფინკი, მიხაელ იონინგი, არმინ ფეე, მარტინ იოლი) "ჰამბურგთან" მუშაობა ფრით დაიწყო. ახლა ვან მარვეიკის მთავარი ამოცანაა, სასწრაფოდ უშველოს დაცვის ხაზს, რომელიც მიმდინარე ბუნდესლიგაში ყველაზე არასაიმედოა - 19 გაშვებული ბურთი 7 მატჩში.

* პოზიტივებში შეგვყავს "ვერდერის" გარემარბი ელჯერო ელია, რომელმაც ბუნდესლიგაში აქამდე ჩატარებულ 48 მატჩში... პირველი გოლი გაიტანა და მერე მეორეც მიაყოლა. მართალია, ჰოლანდიელის ძალისხმევა "ვერდერის" გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ ეს გოლები თავად ელიასთვის შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური წნეხიდან გამოსვლის საწყისი, რამაც მომავალში იქნებ "მუსიკოსებზეც" იმოქმედოს პოზიტიურად.

* მითხარი, როგორ თამაშობ მეორე ტაიმში და გეტყვი, როგორი მწვრთნელი გყავს - დაახლოებით ასეთი შეიძლება იყოს ერთი ცნობილი გამოთქმის პერიფრაზი. ლაპარაკია "ჰერტას" მწვრთნელ იოს ლუჰუკაიზე, რომლის მიერ განხორციელებულმა შეცვლამ თავდაყირა დააყენა მატჩი "ოლიმპიაშტადიონზე", სადაც გერმანელმა "ბებერმა ქალბატონმა" "მაინცთან" პირველი ტაიმი 0:1 წააგო.

ლუჰუკაის შეცვლები აქ მაპროვოცირებელი ფაქტორი იყო, შემსრულებელი კი სამი ალაგი გახლდათ. 27 წლის ტუნისელმა ლეგიონერმა 73-ე წუთისთვის დუბლს გამოჰკრა ხელი, რასაც კიდევ ერთმა ტუნისელმა ანის ბენ-ჰათირამ მესამეც დაუმატა და ასე "გამოცხვა" "ჰერტას" პირველი გამარჯვება 24 აგვისტოს შემდეგ.

* რა დააშავეს მეკარეებმა და მოდი, "ლევერკუზენის" გოლკიპერ ბერნდ ლენოს მიერ "ჰანოვერთან" მოგერიებული ბურთი ტურის საუკეთესო "სეივად" ვაღიაროთ. მან ალღო აუღო ურთულეს ტრაექტორიას და ბურთი საოცარი ნახტომით მოხსნა "ცხრიანიდან".

ზოგადად, პოზიტივებში უნდა მოვიხსენიოთ თავად "ლევერკუზენიც", რომელმაც მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და სტარტზე ნაჩვენები შედეგით საკლუბო რეკორდი დაამყარა. თუმცა "ფარმაცევტების" მწვრთნელი სამი ჰიიპია შეგირდებს ურჩევს, დიდხანს ნუ დარჩებიან ღრუბლებში...

ნეგატივები
* მიუხედავად გამარჯვებისა, ნეგატივად უნდა მივიჩნიოთ "ბაიერნის" უსახური საშინაო წარმოდგენა "ვოლფსბურგთან". ის იყო, სტუმარმა თითქოს ალღო აუღო მრისხანე (ოღონდ არა ამ შეხვედრაში) მასპინძლის უკბილო თამაშს, რომ იქვე ფრანკ რიბერიმ და თომას მიულერმა გამარჯვების გოლი "მოიფიქრეს".

ვინმემ შეიძლება არგუმენტად მოიყვანოს - "მანჩესტერ სიტისთან" ოთხშაბათის მატჩისთვის თავი შეინახესო, მაგრამ აქვე გავახსენებთ იუპ ჰაინკესის "ბაიერნს", რომელიც მინიმუმ ერთ ტაიმს მაინც თამაშობდა ისე, რომ გესიამოვნებოდა კაცს...

* ერთადერთი ქულა შვიდ მატჩში - ასეთია დებიუტანტ "ბრაუნშვაიგის" მონაგარი მისთვის ჯერაც ახალ გარემოში. "შტუტგარტთან" საშინაო მარცხს (0:4) კინაღამ მწვრთნელის გადადგომაც მოჰყვა, თუმცა "ბრაუნშვაიგის" მენეჯერ მარკ არნოლდთან საუბრის შემდეგ ტორსტენ ლიბერკნეხტმა დარჩენა გადაწყვიტა. ოღონდ საინტერესოა, რამდენი ხნით?

* "ჰანოვერი" მიმდინარე ბუნდესლიგის ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც სტუმრად ჩატარებულ სამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია. სამაგიეროდ, მარტო არ არის საგარეო შეხვედრებში ნეგატიური მაჩვენებლის "ნომინაციაში" - "ჰანოვერის" დარად, გასვლაზე ქულები ჯერ არც "ვოლფსბურგსა" და "ბრაუნშვაიგს" აუღიათ. და რაოდენ უცნაურია, რომ სამივე ეს გუნდი ქვემო საქსონიის რეგიონს წარმოადგენს.

არც აქეთ, არც იქით
"ჰოფენჰაიმი" - აი, მხიარული გუნდი! თავადაც ბლომად გააქვს და არც სხვას უშლის ხელს.

ზინსჰაიმელთა მონაწილეობით ჩატარებულ 7 მატჩში 18(!) გოლია გასული. საოცარი შედეგიანობაა. ეს ისეთი გუნდია, რომელსაც ერთი თამაშით ვერ განსჯი, იმიტომ, რომ იმ ერთ თამაშში შეიძლება თანაბრად ჰქონდეს პოზიტივიც და ნეგატივიც. მაგალითად, "შალკესთან" ბოლო უქმეებზე შინ 1:3-ს აგებდა და 3:3 დაამთავრა, რაც ბევრმა გმირობად (შესაბამისად, პოზიტივად) შეიძლება ჩაუთვალოს.

მაგრამ გავიხსენოთ პირველი ტურის მატჩი, როცა "ნიურნბერგთან" შინ 2:0 მიჰყავდა, მაგრამ თავისი ხელგაშლილობით იმდენი ქნა, მატჩი 2:2 დასრულდა. კიდევ ერთი 3:3 ჰქონდა საკუთარ მოედანზე, "ფრაიბურგთან", რომელთანაც ასევე მდევრის როლში იყო და ბოლოსღა შესწვდა ქულას.

საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონის ერთადერთი მატჩი, რომელშიც "ჰოფენჰაიმმა" ძირითად 90 წუთში ვერც თავად გაიტანა და არც მეტოქეს მისცა ამის საშუალება, მეორე ბუნდესლიგის ბინადარ "კოტბუსთან" სათასო დაპირისპირება იყო (დამატებითში 3 უპასუხო გოლი გაიტანა).

Sportall.Ge

Sportall.Ge

მომდევნო ტური

4 ოქტომბერი.
ჰანოვერი-ჰერტა;

5 ოქტომბერი.
გლადბახი-დორტმუნდი, მაინცი-ჰოფენჰაიმი, შალკე-აუგსბურგი, შტუტგარტი-ვერდერი, ვოლფსბურგი-ბრაუნშვაიგი, ლევერკუზენი-ბაიერნი;

6 ოქტომბერი.
ნიურნბერგი-ჰამბურგი, ფრაიბურგი-აინტრახტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. VII ტური: უკბილო, თვალსასეირო და ისტორიული [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული