იოახიმ ლიოვმა მთელ გერმანიას აწყენინა - შტეფან კისლინგს ისევ ხელი ჰკრა!

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, მიუხედავად მიროსლავ კლოზეს და მარიო გომესის ტრავმებისა, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა "ლევერკუზენის" გოლეადორი შტეფან კისლინგი ბუნდესგუნდში მაინც არ გამოიძახა.

არადა, 29 წლის შტეფანისთვის შანსის მიცემას ლამის მთელი საფეხბურთო გერმანია ითხოვდა.

"კისლინგს პირადად შევხვდი და ვესაუბრე. ვუთხარი, რომ თავდასხმაში პირველ რიგში გომესის და კლოზეს იმედი მაქვს, მათ მერე კი ერთი-ორი ისეთი ფეხბურთელი მყავს, რომლებსაც წელს ცენტრფორვარდის პოზიციებზე გამოვცდი", - უთხრა ჩვენს გერმანელ კოლეგებს ლიოვმა, რომელიც ირლანდიასთან (11 ოქტომბერს) და შვედეთთან (15 ოქტომბერს) მატჩებში ცენტრფორვარდის პოზიციაზე ნომინალურად
სხვა პოზიციის მოთამაშეებს გამოცდის.

კისლინგი კი, რომელიც ბუნდესლიგის წინა სეზონში 25 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ამ სეზონში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი, როგორც ჩანს, ლიოვს არ სჭირდება.

"ვფიქრობ, არ იქნებოდა სამართლიანი, შტეფანი მხოლოდ ერთხელ რომ გამომეძახებინა, მერე კი მისთვის ნაკრების კარი ისევ დამეხურა.

შტეფანს ძალიან ბევრი გოლი გააქვს და თითქმის 30 წლისაა. ამიტომაც, მასთან საუბრისას შევთანხმდით, რომ დავუძახებ მხოლოდ მაშინ, როცა ძალიან დამჭირდება," -
აცხადებს ლიოვი და დასძენს, რომ კისლინგისთვის გერმანიის ნაკრების კარი საბოლოოდ მიხურული არ არის, მაგრამ დიდი ალბათობით, შტეფანი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გაემგზავრება:

"შტეფანმა მითხრა, რომ ნებისმიერ დროს მზად იქნება ნაკრების დახმარებისთვის, რაც ძალიან კარგია. მე მის შედეგებს პატივს ვცემ."

კლოზესა და გომესის არყოფნაში, ან მათ შემდეგ, ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშის შანსი თომას მიულერს, მარიო გიოტცეს, მარკო როისს ან მაქს კრუზეს მიეცემათ.

სხვა მხრივ, ლიოვს განაცხადში სიურპრიზები არ შემოუთავაზებია: გამოჯანმრთელებული ბასტიან შვაინშტაიგერი გერმანიის ნაკრებში ბრუნდება, მარსელ შმელცერს კი მარსელ იანსენი შეცვლის. შმელცერთან ერთად, ტრავმირებულები არიან ილქაი გიუნდოგანი და ლუკას პოდოლსკიც.

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რენე ადლერი (ჰამბურგი), რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი).
მცველები: ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), მარსელ იანსენი (ჰამბურგი), ფილიპ ლამი (ბაიერნი), პერ მერტეზაკერი (არსენალი).
ნახევარმცველები: ლარს ბენდერი (ლევერკუზენი), სვენ ბენდერი (დორტმუნდი), იულიან დრაქსლერი (შალკე), მარიო გიოტცე (ბაიერნი), სამი ხედირა (რეალი), ტონი კროოსი (ბაიერნი), მესუთ იოზილი (არსენალი), თომას მიულერი (ბაიერნი), მარკო როისი (დორტმუნდი), სიდნი სემი (ლევერკუზენი), ანდრე შიურლე (ჩელსი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი).
თავდამსხმელი: მაქს კრუზე (გლადბახი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იოახიმ ლიოვმა ამოღერღა - შეიძლება შტეფან კისლინგი ნაკრებში მივიწვიო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული