მანუელ ნოიერი: არ ვიცოდი, თუ პეპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელობა უნდოდა

AutoSharing Option
ირლანდიასთან მატჩის წინ გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერს დუელი გაზეთ "ბილდის" ჟურნალისტმა გაუმართა. ბუნდესგუნდისა და "ბაიერნის" 27 წლის გოლკიპერს 7 მძაფრ კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა. ნოიერს 11 წუთი ჰქონდა იმისათვის, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგის "დარტყმები მოეგერიებინა".

- ჰერ ნოიერ, გერმანიის ნაკრების დაცვის ხაზი არ გაშინებთ?
- არანაირად! ვინც ფიქრობს, რომ ბუნდესგუნდის დაცვა შესუსტდა, ძალიან ცდება. ბოლო დროს სწორედ დაცვაში ვთამაშობთ ძალიან კარგად და იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ასე იქნება.

- ამბობენ, ნოიერი "შალკეში" უკეთესი მეკარე იყოო. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- არა! უბრალოდ, "შალკეში" ასპარეზობისას უფრო მეტი საქმე მქონდა და მუდმივად წნეხის ქვეშ ვიყავი. შესაბამისად, გაცილებით მეტი დარტყმის მოგერიება მიწევდა და ამიტომაც გახლდით ყურადღების ცენტრში. "ბაიერნში" ასე აღარაა, რადგან აქ ნაკლებად გვიტევენ, თორემ ისე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიუნხენურ კლუბში უდიდესი პროგრესი განვიცადე.

- გვარდიოლამ თქვა, გერმანიის ნაკრების მწვრთნელობა მინდოდაო. როგორ ფიქრობთ, აჯობებდა პეპი იოახიმ ლიოვს?
- ჰმ... არა მგონია. გვარდიოლა ახლა "ბაიერნის" მწვრთნელია და რეკორდმაისტერს მთელი გულით ემსახურება. არც ვიცოდი, თუ მას გერმანიის ნაკრების გაწვრთნა სურდა. სხვათა შორის, პეპს ყოველდღიური შრომა ძალიან უყვარს. იოახიმ ლიოვი იდეალური ბუნდესმწვრთნელია - ამას ის ფაქტი ადასტურებს, რომ გერმანიის ნაკრები უმაღლეს დონეზე თამაშობს. იოგიმ ჩვენი ნაკრები მსოფლიო დონის გუნდად აქცია, თანამედროვე მწვრთნელია და ცდილობს, ყველას ინტერესი გაითვალისწინოს.

- "ბაიერნი" თქვენთვის ზედმეტად კარგი გუნდი ხომ არ არის? საქმე ხომ ფაქტობრივად არ გაქვთ...
- სხვათა შორის, ამ სეზონში ბევრი რამ შეიცვალა. მაგალითად, შარშანდელისგან განსხვავებით, ახლა ისეთი სტილით ვთამაშობთ, რომ მატჩში ჩართვა ხშირად მინდვრის მოთამაშის, ბოლო მცველის რანგში მიწევს. ხშირად სწორედ მე ვიწყებ შეტევებს და 20 ან 30-წუთიანი პაუზები აღარ მაქვს.

- "ბაიერნთან" ერთად ჰეთ თრიქი შეასრულეთ. გერმანიის ნაკრებთან ერთად ბრაზილიაში მხოლოდ ტურისტის რანგში მიდიხართ?
- ბრაზილიაში იმისთვის მივდივართ, რომ იქ რამეს მივაღწიოთ. ბოლო წლებში გერმანიის ნაკრები დიდ ტურნირებზე ყოველთვის შორს გადიოდა, ფინალის მოგება კი ვერა და ვერ შევძელით. ვიცით, რომ ჩვენგან მთელი საფეხბურთო გერმანია ტიტულს ელოდება. მსოფლიოს ჩემპიონობაზე ჩვენც ვოცნებობთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ტიტულის მოგება ძალიან ძნელი იქნება.

მთავარ ფავორიტად ბრაზილიის ნაკრები მიმაჩნია, რადგან "სელესაო" საკუთარ კედლებში ითამაშებს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონობა ისეთი ტიტულია, რომელიც გარანტირებული ვერასდროს ვერავის ექნება.

- ფილიპ ლამი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ბასტიან შვაინშტაიგერს ჯობია?
- არა, უბრალოდ, ლამი სხვანაირად თამაშობს. შვაინშტაიგერი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე 10 წელია თამაშობს და ნახევარდაცვის ცენტრში ყოველთვის შესანიშნავად ასპარეზობდა. მოკლედ, ორივე ბრწყინვალე ფეხბურთელია და ექვს ნომერზე თამაში ორივეს ძალიან კარგად გამოსდის. გვარდიოლამაც და ლიოვმაც კარგად იციან, რა შეუძლია ლამს როგორც საყრდენის, ისე ფლანგის მცველის პოზიციაზე.

- დორტმუნდის "ბორუსიას" მეკარე რომან ვაიდენფელერს მხარდამჭერები მოუმრავლდა. ამბობენ, ნოიერზე უკეთესიაო...
- რომანი მართლა ძალიან მაგარი მეკარეა, რომელსაც "დორტმუნდისთვის" უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად, ყველას თავისი სტილი აქვს და მე მირჩევნია, საკუთარ თავზე ვისაუბრო. სხვების და მით უმეტეს, კონკურენტების შეფასება კი არ მინდა. მარტო იმიტომ, რომ ჩემი შესაძლებლობები უკეთ გამოჩნდეს, ნამდვილად არ მომინდება ის, რომ ჩვენს კართან ბევრი სახიფათო მომენტი შეიქმნას. მირჩევნია ვიგებდეთ, მე კი საერთოდ არ ვჩანდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მანუელ ნოიერი მიუნხენის "ბაიერნს" უბრუნდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული