ბასტიან შვაინშტაიგერი ასიანთა კლუბშია

AutoSharing Option
შვედეთთან მატჩი განსაკუთრებული იყო ბასტიან შვაინშტაიგერისთვისაც: 29 წლის ბაიერნელმა გერმანიის ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარა და ბუნდესგუნდის მე-12 ფეხბურთელია, რომელიც ასიანთა კლუბში შევიდა.

ეროვნულ გუნდში შვაინის დებიუტი 2004 წლის 6 ივნისს, უნგრეთთან მატჩში ჰქონდა და სხვათა შორის, სწორედ იმ მატჩში შედგა ლუკას პოდოლსკის დებიუტიც, რომელიც დღეს 28 წლისაა. გერმანიის ნაკრების თავკაცი მაშინ რუდი ფიოლერი გახლდათ.

შვაინშტაიგერმა ნაკრების ფორმით პირველი გოლი 2005 წლის 8 ივნისს, რუსეთთან (2:2) გაიტანა. ბუნდესგუნდში მოღვაწეობის 9-წლიან ხანაში შვაინიმ ევროპის სამ ჩემპიონატზე (2004, 2008, 2012) და ორ მუნდიალზე
(2006, 2010) ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით, ბუნდესგუნდის რეკორდსმენი ლოთარ მათეუსია, რომელსაც გერმანიის ნაკრების ფორმა 150 შეხვედრაში ემოსა. მიროსლავ კლოზეს ბუნდესგუნდში 130 მატჩი აქვს, პოდოლსკის კი - 111.

ამ სამეულისა და შვაინშტაიგერის გარდა, გერმანიის ნაკრების ასიანთა კლუბის წევრები შემდეგი ფეხბურთელები არიან: იურგენ კლინსმანი (108), იურგენ კოლერი (105), ფრანც ბეკენბაუერი (103), ფილიპ ლამი (103), იოახიმ შტრაიხი (102, გდრ-ის ნაკრებში), თომას ჰესლერი (101), ჰანს-იურგენ დიორნერი (100, გდრ-ის ნაკრებში), ულფ კირსტენი (100).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბაიერნმა" ფრაიბურგში ორ ქულასთან ერთად შვაინშტაიგერიც დაკარგა?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული