მყესი გაწყვეტილია: კლაას-იან ჰუნტელაარისთვის პირველი წრე დამთავრდა

AutoSharing Option
"შალკეს" გულშემატკივრებმა 17 ოქტომბერს ძალიან სამწუხარო ამბავი შეიტყვეს: გელზენკირხენული კლუბის მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ "შალკეს" 30 წლის გოლეადორ კლაას-იან ჰუნტელაარისთვის მიმდინარე სეზონის პირველი წრე დამთავრებულია - ჰოლანდიელი ფეხბურთს ახალ წლამდე ვეღარ ითამაშებს!

"ჰუნტელაარის საბოლოო დიაგნოზი ძალიან მძიმეა. მას მარჯვენა მუხლის შიდა მყესი აქვს გაწყვეტილი და მნიშვნელობა არა აქვს, ოპერაციას გაუკეთებენ თუ ისე უმკურნალებენ, ფაქტია, რომ ახალ წლამდე ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს," - უთხრა ჰელდტმა "შპორტ აინსს".

"ბილდის" ცნობით, ჰუნტელაარი მკურნალობის შესახებ აზრს ჰოლანდიელ ექიმებსაც დაეკითხება და მერე გადაწყვეტს, გაიკეთოს
თუ არა ოპერაცია. შეგახსენებთ, რომ "შალკეს" მთავარმა გოლეადორმა ამ სეზონში მხოლოდ 3 ოფიციალურ მატჩში იასპარეზა - გერმანიის თასის პირველ რაუნდში, "ნიოტინგენთან" (2:0) გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ბუნდესლიგის პირველ ტურში "ჰამბურგთან" (3:3) დუბლი შეასრულა, მერე კი ვოლფსბურგში 0:4-ზე წაგებულ შეხვედრაში დაშავდა.

ჰოლანდიელმა ოპერაციის გაკეთებაზე უარი თქვა და ვარჯიში ორშაბათს განაახლა, მაგრამ ორმხრივი თამაშის დროს მარჯვენა ფეხში ტკივილი იგრძნო და მყესი ისევ გაუწყდა. ეს ჰუნტელაარისთვის წელს უკვე მესამე სერიოზული ტრავმაა.

სამაგიეროდ, "შალკეს" უნგრელი ცენტრფორვარდი ადამ სალაი გამოუჯანმრთელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გელზენკირხენელებს ბუნდესლიგის მომდევნო ტურში, შაბათს, "ბრაუნშვაიგთან" ვეტერანი ჯერალდ ასამოას იმედად ყოფნა არ მოუწევთ (ჩინედუ ობასი და ჯეფერსონ ფარფანიც დაშავებულები არიან).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"შალკეს" თავდასხმა აღარ ჰყავს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული