გერმანია. ბუნდესლიგა. IX ტური: იყო და არა იყო რა... [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგაში შაბათ-კვირასაც დიდი ამბები იყო, მაგრამ გასულ უქმეებზე მთელი საფეხბურთო გერმანია პარასკევის მატჩზე ლაპარაკობდა.

სადისკუსიო სწორედ "ჰოფენჰაიმისა" და "ლევერკუზენის" მატჩი იყო, თუ იყო. "ფარმაცევტებმა" ზინსჰაიმში 2:1 მოიგეს, გამარჯვების გოლი კი შტეფან კისლინგმა "გარედან გაიტანა". ეს გოლი, ალბათ, ყველამ ნახა, მაგრამ მაინც გავიმეორებთ: კისლინგის თავური დარტყმის შემდეგ ბურთმა კარის ძელს ახლოს ჩაუარა, ბადეს გარედან მოხვდა, მაგრამ მაინც კარში შევარდა - იმიტომ, რომ ბადე გარღვეული იყო!

იმ დროს, როცა კისლინგმა თავში ხელები წაიშინა, ეს რა მომენტი ვერ გამოვიყენეო, თანაგუნდელები მისალოცად მისცვივდნენ. მერე
თავად შტეფანმაც გახედა კარს და რაკი ბურთი კარში იყო, გაოცებისგან პირი დააღო, მაგრამ არ შეიმჩნია - ყოველ შემთხვევაში, შეეცადა, რომ არ შეემჩნია.

ჰოფენჰაიმელებს თავიდან არ გაუპროტესტებიათ, თვით "ჰოფეს" მეკარეც კი ვერ მიხვდა, რომ ბურთი მის კარში ბადიდან შევარდა, მსაჯმა კი გოლი ჩათვალა! თამაში გაგრძელდა, 1:2 დასრულდა, შედეგი დაფიქსირდა.

მთავარი კითხვა, რომელიც მატჩის შემდეგ დაისვა, ასეთი იყო: დაინიშნება თუ არა გადათამაშება? თავიდანვე გეტყვით, რომ ეს კითხვა ახლაც პასუხგაუცემელია, თუმცა მსჯელობა მიმდინარეობს.

"ჰოფენჰაიმმა" საფეხბურთო კავშირში ოფიციალური პროტესტი შეიტანა, განაჩენი კი ორი კვირის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა იმის შანსი, რომ მატჩი თავიდან გაიმართოს, ძალიან მცირეა.

კითხვას, უნდა დაინიშნოს თუ არა გადათამაშება, ამომწურავად თვით გერმანიის საფეხბურთო კავშირიც ვერ პასუხობს:

"ყველას გვესმის, რომ ასეთი გოლი უსამართლობაა. ლოგიკურია ისიც, რომ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად თითქმის ყველას გადათამაშება მიაჩნია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მსაჯის გადაწყვეტილებას ფიფა მკაცრად იცავს. არბიტრს გოლი თამაშის განახლებამდე უნდა გაეუქმებინა და რაკი ეს არ გააკეთა, გოლი ითვლება. ფაქტია, რომ ამ დღეებში ამ საკითხზე ინტენსიურად ვიმსჯელებთ," - ეს გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტ რაინერ კოხის სიტყვებია.

ასეთი ფაქტი ბუნდესლიგაში 1994 წელსაც მოხდა, როცა თომას ჰელმერის არჩასათვლელი გოლის გამო "ბაიერნისა" და "ნიურნბერგის" მატჩი გაიმეორეს და მაშინ ფიფამ გერმანიის საფეხბურთო ლიგას სანქციები დააკისრა. ჰოფენჰაიმელები გადათამაშებას კატეგორიულად მოითხოვენ - "სოფლელების" მწვრთნელი ამბობს, ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება ყველა დროის ყველაზე სასაცილო საფეხბურთო ანეკდოტი იქნებაო და მას ამაში ბევრი ეთანხმება.

ლევერკუზენელები თანახმანი არიან, რომ შეხვედრის ბოლო 22 წუთი თავიდან ჩატარდეს.

"ასეთი გამარჯვება ჩვენც არ გვინდა და თუ გვსურს, რომ სამართალმა იზეიმოს, ბოლო 22 წუთი უნდა ვითამაშოთ. ეს საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ ვოლფგანგ ნირსბახსაც ვუთხარი. ჩვენ საჩუქრად არაფერი გვინდა და არც სხვას ვაჩუქებთ რამეს. იმ დროისთვის 1:0-ს ვიგებდით და ეს გოლი ძალაში უნდა დარჩეს. ეს ყველაზე სუფთა და იმედი მაქვს, ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება იქნება," - აცხადებს "ლევერკუზენის" სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი.

პრობლემა ისაა, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირის კანონები ასეთ გადაწყვეტილებას კრძალავს. ფიოლერი ამბობს, ასეთ შემთხვევაში კანონები უნდა შევცვალოთ, რადგან მთელი მატჩის გადათამაშება უფრო დიდი უსამართლობა იქნებაო.

საინტერესოა ისიც, რომ წესების მიხედვით, გარღვეული ბადის გამო პასუხისმგებლობა მასპინძელ გუნდს, ანუ ამ შემთხვევაში "ჰოფენჰაიმს" ეკისრება. სწორედ "ჰოფეს" ევალებოდა მოედანზე ყველანაირი წესის დაცვის უზრუნველყოფა.

ჩნდება კითხვა: ნუთუ კარის ბადე არავინ შეამოწმა? რა თქმა უნდა, შეამოწმეს! ეს მსაჯის ასისტენტმა შტეფან ლუპმა გააკეთა და როგორც ჩანს, ვერაფერი შენიშნა. გამეორებებზე კარგად ჩანს, რომ ბადე იმ მომენტში არ გარღვეულა - ის თავიდანვე გარღვეული იყო.

გიოტცეს პირველი ბავარიული შოუ
"ბაიერნის" ფეხბურთელებს დიდხანს ეგონათ, რომ "მაინცთან" იოლად გაისეირნებდნენ და ამისათვის დაისაჯნენ კიდეც - შონ პარკერმა 44-ე წუთზე ანგარიში გახსნა და "მაინცმა" მიუნხენში პირველი ტაიმი მოიგო.

თუმცა, ალბათ, უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ბავარიელებმა თავი დაისაჯეს, რადგან პარკერის გოლი ნაჩუქარი იყო - ჟერომ ბოატენგი შეცდა. თუმცა მეორე ტაიმში მიუნხენელები გამოფხიზლდნენ და "მაინცს" 4 გოლი გაუტანეს. ამრიგად, რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგაში წაუგებელი მატჩების სერია 34-მდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ჰამბურგის" ლეგენდარულ რეკორდს (ზედიზედ 36 თამაში წაგების გარეშე, 1982 და 83 წლებში) უკვე სერიოზული საფრთხე ემუქრება.

"ბაიერნის" გამარჯვება მარიო გიოტცეს დამსახურებაა, რომელმაც "ალიანს არენაზე" თავისი პირველი შოუ დადგა.

მარიო პირველ ტაიმში სკამზე იჯდა, მეორე ნახევარში კი გვარდიოლამ რაფინიას ნაცვლად შეუშვა და მარიომ სამ გოლში მიიღო მონაწილეობა! აღსანიშნავია, რომ "ბაიერნმა" ბოლო გოლი პენალტით გაიტანა, რომლის შესრულება არიენ რობენს უნდოდა, მაგრამ გვარდიოლამ არ დაარტყმევინა! პეპის მითითებით, თერთმეტმეტრიანი თომას მიულერმა შეასრულა და ამით რობენი გაანაწყენა, რაც არიენს აშკარად ეტყობოდა...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დორტმუნდელებს დაღლა ეტყობათ?
წინა ტურში დორტმუნდის "ბორუსიამ" "გლადბახთან" ბრწყინვალე, თითით საჩვენებელი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ 0:2 დამარცხდა. ამჯერად კი იურგენ კლოპის შეგირდებს აღარ უფრენიათ, მაგრამ "ჰანოვერი" 1:0 დაამარცხეს.

მარკო როისმა მატჩის ბედი მეოთხე წუთზე, ზუსტად შესრულებული პენალტით გადაწყვიტა, მერე კი დორტმუნდელებს თავი დიდად აღარ შეუწუხებიათ. ორი ვარიანტია: ან დაღლილები არიან, ანაც ლონდონის "არსენალთან" მატჩისთვის ძალები დაზოგეს. ფაქტია, რომ "ბორუსიამ" მეხუთე საშინაო მატჩიც მოიგო და "ბაიერნს" ისევ ერთი ქულით ჩამორჩება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"შალკეს" "ჩელსისთან" რა ეშველება?
მოიგო "შალკემაც", ოღონდ გელზენკირხენელებს ძალიან გაუმართლათ. იენს კელერის გუნდი "ბრაუნშვაიგს" სტუმრობდა და ორჯერ აგებდა.

მართალია, "შალკემ" ბოლოს 3:2 მოიგო, მაგრამ გაჭირვებით და ბოლო წუთზე გატანილი, საკმაოდ იღბლიანი გოლით, რომელიც ნოიშტედტერის ანგარიშზეა. მანამდე კი გელზენკირხენული კლუბი სირცხვილისგან 18 წლის ფეხბურთელებმა, მაქს მაიერმა და ლეონ გორეტცკამ იხსნეს.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ "შალკეს" ბევრი წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს დაშავებული (კევინ ბოატენგი, ჰუნტელაარი, ჯონსი, ფარფანი, ჰილდებრანდი) და "ბრაუნშვაიგთან" მარკო ჰიოგერიც დაშავდა, გელზენკირხენელებს 22 ოქტომბერს, "ჩელსისთან" ძალიან გაუჭირდებათ.

"ჰერტამ", რომლის შემადგენლობაში ლევან კობიაშვილმა თავიდანვე ითამაშა, "გლადბახს" მინიმალური ანგარიშით მოუგო და ბერლინელები მეოთხე ადგილზე აღზევდნენ, რაც კობის გუნდისთვის ძალიან კარგი შედეგია.

ბუნდესლიგა. IX ტური
ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 1:2
გოლები: 0:1 სემი (26), 0:2 კისლინგი (70), 1:2 შიპლოკი (88)
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტეელსი - ბეკი (81. ჰერდლინგი), აბრაამი, ზიულე, ტოლიანი - შტრობლი, პოლანსკი (70. შიპლოკი) - ფოლანდი, რობერტო ფირმინო, სალიჰოვიჩი (63. ელიუნუსი) - მოდესტე.
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - ჰილბერტი (86. დონატი), ვოლშაიდი (46. სპაჰიჩი), თოფრაქი, ბიონიში - რაინარტცი - კასტრო, როლფესი - სემი (80. კრუსი), ჰეგელერი - კისლინგი
83-ე წუთზე რობერტო ფირმინომ (ჰოფენჰაიმი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: თოფრაქი, ვოლშაიდი, ჰეგელერი, კასტრო
კუთხური: 8-10; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 20(8)-12(4); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 25 000

დორტმუნდი-ჰანოვერი 1:0
გოლი: 1:0 როისი (4-პენ)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, სოკრატისი, დურმი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ობამეიანგი (91. შიბერი), მხითარიანი (80. ი. ჰოფმანი), როისი (66. ბლაშჩიკოვსკი) - ლევანდოვსკი.
ჰანოვერი (4-2-2-1-1): ცილერი - ჰ. საკაი (77. შლაუდრაფი), მარსელო, კ. შულცი, პოკონიოლი (46. ბიტენკური) - სანე, ანდრეასენი - შტინდლი, პრიბი - ჰუშტი - ა. ზობიეხი (68. კადაჰი).
გაფრთხილება: ვაიდენფელერი - ჰ. საკაი, ა. ზობიეხი, სანე
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18(8)-10(5); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 80 645

ბაიერნი-მაინცი 4:1
გოლები: 0:1 შ. პარკერი (44), 1:1 რობენი (50), 2:1 თ. მიულერი (52), 3:1 მანჯუკიჩი (69), 4:1 თ. მიულერი (82-პენ)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია (46. გიოტცე), ჟ. ბოატენგი, დანტე (42. ალაბა), კონტენტო - ლამი - რობენი, ტ. კროოსი, შვაინშტაიგერი, თ. მიულერი - მანჯუკიჩი (75. კირხჰოფი).
მაინცი (5-2-2-1): ვეტკლო - პოსპეხი, ბელი, სვენსონი (57. პარკი), ნოვესკი, ჟუნიორ დიასი - ბაუმგარტლინგერი (67. მორიტცი), გაისი - ნ. მიულერი, ჩუპო-მოტინგი - შ. პარკერი (79. ზალერი).
გაფრთხილება: კირხჰოფი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 18(6)-13(4); ბურთის ფლობა: 79%-21%.
მაყურებელი: 71 000

ვერდერი-ფრაიბურგი 0:0
ვერდერი (4-2-3-1): მილიტცი - ფრიტცი, პრიოდლი, კალდიროლა, გარსია - მაკიადი, ფ. კროოსი - ელია, ჰანტი, იუნუზოვიჩი (80. იოზ. ილდირიმი) - პეტერსენი (92. ლორენცენი).
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - შმიდი, გინტერი, დიანიე, კ. გიუნტერი - შუსტერი - კლაუსი (74. ცუკი), მეჰმედი, ჰიოფლერი (83. ფერნანდესი), პილარი (69. კოკელინი) - ფრაისი.
გაფრთხილება: გარსია - ჰიოფლერი, დიანიე
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 21-12; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 18(4)-11(2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 40 423

ბრაუნშვაიგი-შალკე 2:3
გოლები: 1:0 ადემი (20), 1:1 მ. მაიერი (29), 2:1 ბელარაბი (59), 2:2 გორეტცკა (65), 2:3 ნოიშტედტერი (91)
ბრაუნშვაიგი (4-3-2-1): დავარი - ელაბდელაუი, ჰენი, დოგანი, რაიხელი - მ. კალიჯური, ვაშაუზენი (80. კრატცი), პერთელი - ბელარაბი (76. კრუპკე), ბოლანდი - ადემი (89. კუმბელა).
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - უჩიდა, ჰიოვედესი, ფელიპე სანტანა, აოგო - ჰიოგერი (36. გორეტცკა), ნოიშტედტერი - კლემენსი (88. კოლასინაცი), მ. მაიერი (83. ფუხსი), დრაქსლერი - სალაი.
გაფრთხილება: უჩიდა
კუთხური: 1-9; ჯარიმა: 13-21; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 14(4)-14(6); ბურთის ფლობა: 32%-68%.
მაყურებელი: 23 251

აინტრახტი-ნიურნბერგი 1:1
გოლები: 1:0 კადლეცი (50), 1:1 დრმიჩი (86)
აინტრახტი (4-2-2-1-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდრესონი, ოჩიპკა - რუსი, როდე (87. ლაკიჩი) - აიგნერი (64. ჩელოცი), ბარნეტა - ა. მაიერი (84. ლანიგი) - კადლეცი.
ნიურნბერგი (4-2-2-1-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, ნილსონი, პოგატეცი, პინოლა - ჰასებე, შტარკი - ჰლუშეკი, პლატენჰარდტი (60. მაკი) - კიოტაკე (69. დრმიჩი) - პეკჰარტი (78. ჩოლაქი).
გაფრთხილება: ანდერსონი, სამბრანო - პეკჰარტი, ნილსონი, ჩოლაქი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 22-14; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 15(3)-10(4); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 50 200

ჰერტა-გლადბახი 1:0
გოლი: 1:0 რამოსი (36)
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - პეკარიკი, ლუსტენბერგერი, ს. ლანგკამპი, ვან დერ ბერგი - ჰოსოგაი, კობიაშვილი (60. ნიმაიერი) - ალაგუი (87. ჩიგერჩი), სკიელბრედი, ბენ-ჰატირა (63. ნ. შულცი) - რამოსი.
გლადბახი (4-2-3-1): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ბრუვერსი, ვენდტი - კრამერი (72. ლ. დე იონგი), ჯაკა - ჰერმანი (68. ჰრგოტა), რაფაელი, არანგო (72. იუნესი) - მ. კრუზე.
გაფრთხილება: კობიაშვილი, რამოსი - რაფაელი
გაძევება: შტრანცლი (92. გლადბახი)
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 5(2)-13(4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 61 539

ჰამბურგი-შტუტგარტი 3:3
გოლები: 0:1 მაქსიმი (3), 1:1 ლასოგა (22), 1:2 გენტნერი (37), 2:2 ბაისტერი (55), 2:3 ჯურუ (64-საკ. კარში), 3:3 ვან დერ ვაარტი (67)
ჰამბურგი (4-4-1-1): ადლერი - ვესტერმანი, თაა, ჯურუ, იანსენი - ზუა (46. ბაისტერი), არსლანი, ბადელი, ჩალჰანოღლუ - ვან დერ ვაარტი - ლასოგა.
შტუტგარტი (4-2-3-1): კირშბაუმი - გ. საკაი, შვააბი, რიუდიგერი, ბოკა - კვისტი, გენტნერი - ჰარნიკი (65. ტი. ვერნერი), მაქსიმი (86. ჰაგი), ტრაორე (92. სარარერი) - იბიშევიჩი.
გაფრთხილება: ბადელი - კვისტი, იბიშევიჩი
გაძევება: რიუდიგერი (84. შტუტგარტი)
კუთხური: 10-0; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 20(6)-9(3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 53 167

აუგსბურგი-ვოლფსბურგი 1:2
გოლები: 1:0 ტო. ვერნერი (10), 1:1 არნოლდი (35), 1:2 ლუის გუსტავო (42)
აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, ჰონგი, ოსტრცოლეკი (69. მ. დე იონგი) - ბაიერი - ჰანი, მორავეკი (78. ჰოლცჰოიზერი), ჰალილ ალთინთოფი (64. მილიკი), ტო. ვერნერი - მიოლდერსი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ოხსი, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - ლუის გუსტავო, მედოიევიჩი - დიეგო, არნოლდი (68. პერიშიჩი), მ. შეფერი (91. კლოზე) - ოლიჩი (75. კუჩკე).
გაფრთხილება: ოსტრცოლეკი, ვერჰეგი - დიეგო, არნოლდი, ოხსი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 21-18; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 11(8)-13(6); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 27 554

მომდევნო ტური
25 ოქტომბერი.
შტუტგარტი-ნიურნბერგი.

26 ოქტომბერი.
ბაიერნი-ჰერტა, შალკე-დორტმუნდი, ლევერკუზენი-აუგსბურგი, ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი, მაინცი-ბრაუნშვაიგი, ვოლფსბურგი-ვერდერი.

27 ოქტომბერი.
ფრაიბურგი-ჰამბურგი, გლადბახი-აინტრახტი.

ბომბარდირები: 7 - სემი (ლევერკუზენი); 6 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), კისლინგი (ლევერკუზენი), ლევანდოვსკი (დორტმუნდი), მოდესტე (ჰოფენჰაიმი), ნ. მიულერი (მაინცი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული