კრისტოფ დაუმი: დაცემის შემდეგ წამოდგომა უნდა შეგეძლოს

AutoSharing Option
კრისტოფ დაუმი ლეგენდარული მწვრთნელი არ არის, მაგრამ მას ყველგან იცნობენ - იმიტომ, რომ ლეგენდარულ სკანდალში გაეხვია:

როცა კარიერის პიკში იყო და გადაწყდა, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი უნდა გამხდარიყო, სწორედ მაშინ გამომზეურდა, რომ კოკაინის მომხმარებელი იყო. დაუმს კარიერა მაინც არ დაენგრა, თუმცა ლეგენდარული მწვრთნელი კი ვერ გახდა, რადგან გერმანიის ნაკრებისკენ მიმავალი გზა სამუდამოდ ჩაეკეტა და ეს "ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესის დამსახურებაა.

ამიტომაც ვერ იტანს დაუმი ჰიონესს. კრისტოფ დაუმი 24 ოქტომბერს 60 წლის გახდა - ის ახლა თურქული "ბურსას" მწვრთნელია. "ბილდში"
გამოქვეყნებული ინტერვიუ უდავოდ დაგაინტერესებთ.

- ჰერ დაუმ, ყველაზე მეტად რომელ შეცდომას ნანობთ?
- ძლიერ მხარეებთან და სწორ გადაწყვეტილებებთან ერთად, შეცდომებმაც გამხადეს ისეთი, როგორიც ვარ და მიმაღწევინეს იმისთვის, რასაც მივაღწიე. მე რომ ის შეცდომები არ დამეშვა, კრისტოფ დაუმი არ ვიქნებოდი. თუმცა, ცხადია, იყო ისეთი რაღაცებიც, რაც ჯობდა, არ გამეკეთებინა.

- მაგალითად, ცისფერი კოსტიუმის ჩაცმა "ლევერკუზენში" მუშაობისას?
- არა, ამას ნამდვილად არ ვნანობ, რადგან RWE-ს შესანიშნავი რეკლამა გამოვიდა. ის კადრები, სადაც ცისფერი კოსტიუმი მაცვია, თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა. რომ არა ის ცისფერი კოსტიუმი, გაჭირვებულები 40 000 მარკას ვერ მიიღებდნენ.

- დაუვიწყარია ის კადრებიც, როცა შუშის ნამსხვრევებზე შიშველი ფეხებით გადაირბინეთ...
- ცეცხლზე ან ნამსხვრევებზე გადარბენას 2 000-წლიანი ისტორია მაინც აქვს - ეს მე არ მომიგონია. ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩარჩოებს გასცდე და დაამტკიცო: ხანდახან შეუძლებელიც შესაძლებელია.

- რაც შეეხება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სკანდალს?
- ამ თემაზე საუბარი, ალბათ, უკვე მემილიარდედ მიწევს. დროს უკან ვერ დავაბრუნებ და ვეღარაფერს შევცვლი. მთავარი ისაა, რომ ადამიანმა შეცდომებზე ისწავლოს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ამ შეცდომიდან სწორი დასკვნები გავაკეთე.

- ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ნარკოსკანდალის შემდეგ თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდით...
- ჰო, მაშინ თავში ათასი აზრი მიტრიალებდა. ცხოვრება მოგზაურობასავითაა. პრობლემების დროს საკუთარ თავს ყოველთვის ერთსა და იმავე კითხვას ვუსვამდი: კრისტოფ, რატომ დაგემართა ეს? დროთა განმავლობაში ადამიანს გამოცდილება ემატება, რითაც უფრო ჭკვიანი, გაწონასწორებული და გაცილებით პასუხისმგებლიანი ხდება. მთავარი ისაა, რომ ადამიანს დაცემის შემდეგ წამოდგომა უნდა შეეძლოს.

- რომელმა მარცხმა გატკინათ გული ყველაზე მეტად?
- ბევრი ფინალი და გადამწყვეტი მატჩი გამოვიარე, მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი მაინც "ლევერკუზენის" "უნტერჰახინგთან" წაგება იყო. ზუსტად ისე, როგორც მაშინ, "ფენერბაჰჩეთი" 2010 წელსაც ბოლო ტურში დავკარგე ჩემპიონობა. თუმცა გული პირადი საკითხების გამო უფრო მტკიოდა ხოლმე - მაგალითად, რამდენიმე ახლობლის გარდაცვალების გამო. სიკვდილის გარდა, ყველაფრის მიღება და გათავისება შეიძლება. აი, სიკვდილს კი ადამიანები ვერაფერს ვუხერხებთ.

- მოდით, თქვენი ცხოვრების ლამაზი მომენტებიც გავიხსენოთ.
- კიდევ კარგი, რომ ამ 60 წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში კარგი უფრო მეტი მოხდა, ვიდრე ცუდი. ყველაზე კარგი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ 4 შესანიშნავი შვილი მყავს - შვილები ჩემი უდიდესი სიმდიდრეა. ვერასდროს გადმოვცემ ზუსტი ინტონაციით, რამდენად დიდი ბედნიერებაა ის, რომ ცხოვრებამ ეს ოთხი შვილი მაჩუქა.

- აქვს თუ არა 60 წლის დაუმს რაიმე ისეთი საიდუმლო, რაც არავინ იცის?
- 1986 წლის შემდეგ ჩემი ცხოვრება საჯარო გახდა და შესაბამისად, საიდუმლოდ, ფაქტობრივად, აღარაფერი დარჩენილა. ერთი რამ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს: მიხარია, რომ ოთხივე შვილის დაბადებას დავესწარი. შვილის დაბადება ადამიანის ცხოვრებაში განუმეორებელი მოვლენაა, რომელიც არავინ უნდა გამოტოვოს. რისთვის ვარსებობთ? ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს ადამიანი მხოლოდ იმ დროს იგებს, როცა შვილის დაბადებას უყურებს.

- უკვე 60 წლის ხართ და ალბათ, პენსიაზეც ფიქრობთ...
- სანამ შემიძლია, ფეხბურთიდან არ წავალ. ახლა "ბურსაში" ვმუშაობ და ჯერ არ მაქვს ისეთი განცდა, რომ პენსიაზე გასვლის დრო მოვიდა. სანამ საფეხბურთო კლუბში მუშაობა ყოველდღე მსიამოვნებს და ყოველდღე მოტივირებული ვარ, ამ სიამოვნებას არ მოვიკლებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კრისტოფ დაუმი: მე დავბრუნდები!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული