იშვიათი ექსკლუზიური ინტერვიუ ხოსეპ გვარდიოლასთან

AutoSharing Option
რუსულმა ვებგვერდმა championat.com-მა მკითხველს სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა. აქამდე პეპ გვარდიოლას ურთიერთობა პრესასთან პრესკონფერენციებით თუ შემოიფარგლებოდა.

მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ძნელად გასახსენებელია, თანაც, ასეთი მოცულობის. ვფიქრობთ, 42 წლის ესპანელთან შეხვედრა მარტო "ბაიერნის" გულშემატკივრებისთვის არ უნდა იყოს საინტერესო.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ პეპის ცხოვრების ახალ ფურცელს, რომელიც მიუნხენში იწერება.

- გულშემატკივარი და ზოგადად, საფეხბურთო საზოგადოება "ბაიერნის" თამაშის ხარისხით აღფრთოვანებულია. "გვარდიოლას ფეხბურთის" რამდენი პროცენტით თამაშობს გუნდი ამ ეტაპზე?
- "მანჩესტერ სიტსა" და "ლევერკუზენთან" იყო მონაკვეთები, რომლის ხილვას რეგულარულად ვისურვებდი. იმისთვის, რომ ეს დონე შევინარჩუნოთ, ძალიან
დიდი შრომა გვმართებს. ვერ წარმოვიდგენდი, რომ გუნდი ოქტომბერში ასე ითამაშებდა.

- გიოტცეს, მარტინესისა და ტიაგოს პოტენციალს ჯერჯერობით ბოლომდე ვერ იყენებთ. მათთან ერთად "ბაიერნი" კიდევ უფრო ძლიერი იქნება?
- როცა ისინი ოპტიმალურ ფორმაში შევლენ, დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესად ავთამაშდებით. იმისთვის, რომ ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ, თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა შეასრულოს ჩემი მითითებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეგვექმნება.

- ამბობენ, რომ 24 საათის განმავლობაში ფეხბურთზე ფიქრობთ. რა დრო გჭირდებათ იმისთვის, რომ ძირითადისთვის 11 კაცი შეარჩიოთ?
- დარწმუნებული ვარ, სხვებიც ასე იქცევიან. საფეხბურთო მწვრთნელს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ 8 საათი იმუშავებს და საღამოს 5-ზე სახლში წავა დასასვენებლად. გადაწყვეტილების მისაღებად ხან 2 საათი მყოფნის, ხან 20 საათი მჭირდება. რაც შეეხება სასტარტოს, ამას, როგორც წესი, სწრაფად ვწყვეტ. ძირითადის განსაზღვრას ტვინის დაძაბვა ნაკლებად სჭირდება, ეს უფრო ინტუიციისა და შეგრძნებების თანხვედრაა.

- 2012 წლის ზაფხულში ნიუ იორკში წახვედით დასასვენებლად. ინტუიციამ რატომ მოგიყვანათ გერმანიაში და არა ინგლისში, იტალიაში ან საფრანგეთში?
- როცა მიუნხენიდან პირველად დამირეკეს, ორი წამის შემდეგ უკვე მივხვდი, რომ უნდა დავთანხმებულიყავი. ასეთ კლუბში და ასეთ გუნდთან მუშაობის შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. მეორედ ისინი, ალბათ, აღარც შემეხმიანებოდნენ.

- მიგაჩნიათ, რომ ამჟამად "ბაიერნი" ყველაზე პერსპექტიული კლუბია მსოფლიო ფეხბურთში?
- დიახ, თუმცა მწვრთნელისთვის ამაზე მსჯელობა რთულია. კლუბს მუზეუმში უთვალავი ტიტული აქვს გამოფენილი, მარტო შარშან სამი ტურნირი მოიგო. ამაზე მეტს ის ვერაფერს იზამდა. ამიტომაც ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ არა მხოლოდ შედეგზე, არამედ ლამაზ ფეხბურთზეც.

- წარმატებულად სეზონს რა შემთხვევაში მიიჩნევთ?
- თუკი ჩემპიონატს მოვიგებთ, რადგან ეს ყველას უნდა. ამასთან, გულშემატკივრები უნდა გრძნობდნენ, რომ მოედანზე ჩვენს გულებს ვტოვებთ. ჩემპიონთა ლიგაში ტიტულის დაცვა უფრო რთული იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ 1976 წლის შემდეგ "ბაიერნმა" ეს ტურნირი მხოლოდ ორჯერ მოიგო.

- 2014 წლის ლიგის ფინალში "ბარსელონასთან" შეხვედრას თუ ისურვებდით?
- ადრე თუ გვიან მოგვიწევს დაპირისპირება, თუმცა ამ გზაზე სხვებსაც შეიძლება გადავეყაროთ, თუნდაც "რეალს" ან "დორტმუნდს". "ბარსასთან" შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებული იქნება, თუმცა ამ წუთას მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ 1/8-ფინალში უნდა გავიდეთ.

- წარმოვიდგინოთ, რომ 2011 წლის "ბარსელონა" ამჟამინდელ "ბაიერნს" ხვდება. ბურთს ვინ ჩაიგდებდა ხელში?
- კარგი შეკითხვაა. "ბარსელონა" მარტო ლამაზ ფეხბურთს კი არ თამაშობდა, ხასიათითაც ძალიან ძლიერი იყო. სწორედ ამის გამო ვცემ განსაკუთრებულ პატივს ჩემს ამჟამინდელ გუნდსაც. ცხადი მხოლოდ ერთი რამ არის: სადაც ვმუშაობდი, იმ გუნდებს ყოველთვის უყვარდათ ბურთის კონტროლი.

- რითი განსხვავდება ფეხბურთი ესპანურ პრიმერასა და ბუნდესლიგაში?
- გერმანიაში ფეხბურთელები ფიზიკურად განსაკუთრებით ძლიერები არიან, რაც მათთან პირისპირ თამაშს ართულებს. ის, რომ ბუნდესლიგაში უფრო უკეთ თამაშობენ კონტრშეტევებზე და ხანდახან გადამწყვეტი ფაქტორი სტანდარტულები ხდება, სწორედ ათლეტიზმის დამსახურებაა. მთლიანობაში, ამ ქვეყანაში გუნდების მაღალი დონე და სანახაობრივი მხარე ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

განსაკუთრებით მომეწონა სტადიონებზე არსებული ატმოსფერო. ხალხი აქ ოჯახებთან ერთად დადის. ასევე, მეჩვენება, რომ ნაკლებად არიან ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილნი გულშემატკივართა ჯგუფები.

- თუ არის გარემოება, რამაც მოედანს მიღმა განსაკუთრებით გაგაოცათ?
- მაგალითად, უზარმაზარი სხვაობაა ჟურნალისტებში. ისინი აქ ბევრად უფრო მშვიდად იქცევიან, მათ შორის - პრესკონფერენციებზეც. სიახლე იყო ასევე ღია ვარჯიშები, რაც, მითხრეს, რომ "ბაიერნის" ტრადიციაა. სწორედ ამიტომ ვცდილობ მასთან შეგუებას. ძალიან მომეწონა ოქტობერფესტზე შექმნილი ატმოსფეროც.

- განაპირა მცველი ფილიპ ლამი საყრდენ ნახევარმცველად გადაიყვანეთ. ხომ არ ნიშნავს, რომ ის ამ პოზიციაზე დარჩება?
- ამ პოზიციაზე ერთბაშად სამი ფეხბურთელი გვყავდა ტრავმირებული: მარტინესი, შვაინშტაიგერი და ტიაგო. დაცვის სტაბილურობისთვის რაღაც უნდა გაგვეკეთებინა, ხარისხიანი შუა ხაზის გარეშე კი ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. ლამის გარეშე არ იქნებოდა შესანიშნავი თამაშები "სიტისთან" და "ლევერკუზენთან". ტრავმირებულების მწყობრში ჩადგომასთან ერთად, ლამი თავის ადგილას დაბრუნდება.

- ნიუ იორკში ცხოვრების შემდეგ მიუნხენი როგორია?
- აბსოლუტურად განსხვავებული. სამწუხაროდ, აქ არ არის ზღვა და პლაჟი, თუმცა მაინც ძალიან ლამაზია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ოჯახი აქ თავს კომფორტულად გრძნობს. იმედია, ამ ქალაქში დიდხანს დავრჩები, რათა უკეთ შევისწავლო ის.

- საყვარელი ადგილი რომელია?
- ძირითად დროს ზებენერშტრასეზე ვატარებ. განსაკუთრებული არაფერი აღმომიჩენია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ აქაური რესტორნები ძალიან მაგარია. წარმოუდგენლად გემრიელ სოსისებს აკეთებს ული ჰიონესის ფირმა.

- ქუჩაში განსაკუთრებულ ყურადღებას თუ გრძნობთ?
- არა, რადგან ხალხი ძალიან თავშეკავებულია. ავტოგრაფს და საერთო ფოტოს თუ მთხოვენ, მაშინაც მოწიწებით. "ბაიერნის" გულშემატკივრები კი არიან, მაგრამ პირად სივრცეს ნაკლებად ეხებიან და პატივს გცემენ, რაც მათში ძალიან მომწონს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლა: სად "ბარსელონა" და სად მიუნხენის "ბაიერნი"?!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული