გერმანია. ბუნდესლიგა. XI ტურის შეჯამება და სიმბოლური: ვინ გააჩერებს "ბაიერნს"?

AutoSharing Option
23 ნოემბრამდე ორ კვირაზე მეტია დარჩენილი, მაგრამ საფეხბურთო გერმანია უკვე ამ დღეს ელოდება. ალბათ, მიხვდით, 23 ნოემბერს "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" ხვდება და ეს გერმანიაში უდავოდ სეზონის მატჩი იქნება. 23 ნოემბრამდე ამ თემას კიდევ ბევრჯერ შევეხებით, მანამდე კი ბუნდესლიგის მე-11 ტური შევაჯამოთ.

პოზიტივები
- სებასტიან პოლტერი "მაინცში" აქამდე ნაკლებად ჩანდა ხოლმე, ამჯერად კი, "აუგსბურგთან" 1:2-ით წაგებულ შეხვედრაში იმაზე მეტად და უკეთ წარმოჩინდა, ვიდრე შეუძლია. ჯერ იყო და, ცენტრფორვარდმა გარემარბის პოზიციაზე სოლიდურად ითამაშა და პენალტიც მოიპოვა, რომლის წყალობითაც მაინცელებმა სხვაობა შეამცირეს; მერე
კი, როცა მსაჯმა "მაინცის" მეკარე ვეტკლო მოედნიდან გააძევა, ხოლო მწვრთნელ თომას ტუხელს შეცვლის უფლება აღარ ჰქონდა, პოლტერი კარში ჩადგა და ბოლო წუთზე ჯარიმა ისეთი ნახტომით მოიგერია, ბარე ორ კარგ მეკარეს რომ შეშურდებოდა.

მართალია, "მაინცმა" წააგო, მაგრამ პოლტერის თამაში ბუნდესლიგის მე-11 ტურის ერთ-ერთი მთავარი "ჰაილაითი" გახლდათ.

- ხოსეპ გვარდიოლას ფორმაციის "ბაიერნი" რეკორდების დამყარებას განაგრძობს. მიუნხენელებს ბუნდესლიგაში უკვე 36-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, რითაც "ჰამბურგის" ისტორიული, 31 წლის წინანდელი რეკორდი გაიმეორეს და ამასთან, რეკორდმაისტერს 48 თამაშია, ბუნდესლიგაში მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია, რაც ასევე ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია.

- თუმცა ტოპ-ფორმაშია დორტმუნდის "ბორუსიაც". ეს განსაკუთრებით რობერტ ლევანდოვსკიზე ითქმის, რომელიც მიუხედავად უდიდესი მითქმა-მოთქმისა, "ბორუსიასთვის" ყველა შეხვედრაში ასი პროცენტით იხარჯება. პოლონელმა თავდამსხმელმა "შტუტგარტთან" (6:1) "სუფთა" ჰეთ თრიქი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. ცნობისათვის, ეს იყო "დორტმუნდის" ფეხბურთელის პირველი ჰეთ თრიქი 1994 წლის 10 დეკემბრის შემდეგ - მაშინ ეს "ჰამბურგთან" 4:0-ით მოგებულ მატჩში მიხაელ ცორკმა მოახერხა. ამასობაში ლევანდოვსკი გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა.

- "გლადბახმა" ჰამბურგში ეფექტურად ითამაშა, ჩრდილოგერმანული კლუბის მცველის, ლასე ზობიეხის ორი უპატიებელი შეცდომით ისარგებლა და 2:0 მოიგო. ეს იყო მიონხენგლადბახელთა მიერ სტუმრად მოპოვებული პირველი გამარჯვება ამ სეზონში, რითაც "გლადბახი" საუკეთესო ოთხეულში, ანუ ჩემპიონთა ლიგის ზონაში დამკვიდრდა.

- "ვოლფსბურგს" ფრანკფურტში 19 წლის მაქსიმილიან არნოლდმა 2:1 მოაგებინა. ამ ბიჭს ბრწყინვალედ ნაღდად არ უთამაშია, მაგრამ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა და "მგლებს" კიდევ ერთხელ მოაპოვებინა სამი ქულა. ამბობენ, არნოლდს დიდი მომავალი აქვსო...

- მის თანაგუნდელ პატრიკ ოხსს კი ფრანკფურტში ბურთის ყოველი მიღებისას უსტვენდნენ, რადგან ყოფილი "აინტრახტელია". თუმცა, ამ ფაქტმა ოხსს მხოლოდ მოტივაცია შემატა - "აინტრახტის" კარში გატანილი ორივე გოლი პირადად მისი მომზადებულია.

- "ვერდერის" მარცხენა მცველმა სანტიაგო გარსიამ "ჰანოვერთან" 3:2-ით მოგებულ მატჩში მაგრად იბრძოლა და ეს იმით დაუფასდა, რომ გამარჯვების გოლის ავტორობა ხვდა წილად. ეს არგენტინელის პირველი გოლია ბუნდესლიგაში, "ვერდერმა" კი 4-მატჩიან მოუგებელ სერიას ბოლო მოუღო და ბრემენშიც დროებით ამოისუნთქეს.

- მცირე ჩავარდნა აღმოფხვრა "შალკეს" ნიჭიერმა შემტევმა ნახევარმცველმა იულიან დრაქსლერმაც, რომელმაც "ჰერტასთან" (2:1 გელზენკირხენელთა სასარგებლოდ) შესანიშნავი პასები და დრიბლინგები აკეთა, ბოლოს კი გოლიც შეაგდო.

- დაიწყეს თუ არა "შალკეს" ხელმძღვანელებმა ხმამაღლა საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, ახალი მეკარის შეძენაზე იფიქრონ, 34 წლის ტიმო ჰილდებრანდი სანიმუშოდ ათამაშდა. "ჰერტასთან" მატჩი მისთვის ბუნდესლიგაში მე-100 იყო, რითაც ტიმო მე-17 მეკარეა, რომელმაც ბუნდესლიგის ასიანთა კლუბში შეაღწია. ფაქტია, რომ თუ ჰილდებრანდი ასე გააგრძელებს, მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი ახალ გოლკიპერზე აღარ იფიქრებს.

- წინა ტურში "ჰამბურგთან" (0:3) დაშვებული სამი უპატიებელი და პარადოქსული შეცდომის შემდეგ "ფრაიბურგის" მეკარე ოლივერ ბაუმანი აზრზე მოვიდა და "ნიურნბერგთან" 3:0-ით მოგებულ შეხვედრაში სამაგალითო მეკარე იყო.

- "მაინცთან" 2:1-ით მოგებულ მატჩში "აუგსბურგის" თითქმის ყველა შეტევის სულისჩამდგმელი ანდრე ჰანი გახლდათ, რომელმაც დუბლი და, შესაბამისად, ამ გამარჯვებაში მთავარი როლი შეასრულა. აუგსბურგელებმა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს, თავად ჰანს კი ამ სეზონში 4 გოლი აქვს გატანილი და "აუგსბურგის" საუკეთესო ბომბარდირია.

- "ლევერკუზენიდან" "ბრაუნშვაიგში" განათხოვრებულმა ქარიმ ბელარაბიმ ყოფილი და მომავალი გუნდის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. ბელარაბი მოედანზე საუკეთესო იყო და "ლევერკუზენის" მცველ სებასტიან ბიონიშს ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა.

ნეგატივები
- ბუნდესლიგის მე-11 ტურის მთავარი ნეგატივი უდავოდ "ლევერკუზენის" მოულოდნელი მარცხია (0:1 აუტსაიდერ "ბრაუნშვაიგთან"). ეს წაგება კი "ფარმაცევტების" მთავარმა მწვრთნელმა სამი ჰიიპიამ თავის თავზე უნდა აიღოს, რადგან სწორედ მან მიმართა ისეთ როტაციას, რომელმაც "ლევერკუზენს" ეს მარცხი განაცდევინა.

ჰიიპიამ ძირითად შემადგენლობაში არც სიდნი სემი გაამწესა, არც ჰეონ-მინ სონი და, რაც მთავარია, შტეფან კისლინგიც სკამზე დატოვა - აქაოდა, ჩემპიონთა ლიგისთვის დავასვენებო. შესაბამისად, "ფარმაცევტები" წინა ხაზზე ზედმეტად უიდეონი იყვნენ, რითაც "ბრაუნშვაიგმა" ისარგებლა, მოიგო და "ლევერკუზენი" "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" ჩამოაშორა.

- "ბაიერნს" "ჰოფენჰაიმთან" რომ ვერ მოეგო, მიუნხენელთა მეკარე მანუელ ნოიერს რისხვა დაატყდებოდა და რომ გადარჩა, ამისათვის თანაგუნდელებს უნდა უმადლოდეს. ნოიერმა ზინსჰაიმში უპატიებელი შეცდომა დაუშვა, როცა კუთხურისას ბურთი ვერ შეიმაგრა, რითაც ჰოფენჰაიმელებმა ისარგებლეს და ანგარიში გახსნეს, თუმცა ნოიერი კრიტიკისგან მანჯუკიჩმა და მიულერმა იხსნეს.

- მეკარეების შეცდომების თემა განვაგრძოთ: მიუნხენში დაშვებული ორი შეცდომის შემდეგ "ჰერტას" კარის დარაჯი თომას კრაფტი "შალკესთანაც" შეცდა, რაც ბერლინელებს კიდევ ერთხელ დაუჯდათ ძვირად.

- "ჰანოვერი" ბრემენში 2:3 დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მირკო სლომკას შეგირდებს ამ სეზონში გასვლაზე ერთი ქულაც კი არ აქვთ აღებული. ცოტაც და, "ჰანოვერის" შეფები სერიოზულად დაფიქრდებიან გზის ხარჯების დაზოგვაზე...

- "შტუტგარტის" მარცხენა მცველმა გოტოკუ საკაიმ "დორტმუნდთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელება კი მოასწრო, მაგრამ მატჩის შემდეგ გულახდილად აღიარა, ნეტავ, ვერ მომესწროო. მისი თამაში მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლება შეფასდეს: ფიასკო.

- ფიასკო იყო კრისტიან ვეტკლოს თამაშიც. "მაინცის" სათადარიგო მეკარეს ჰაინც მიულერის ტრავმის გამო თავის გამოჩენის შანსი მიეცა - შეცვლაზე შევიდა, მაგრამ მატჩის მიწურულს ჯერ კატასტროფულად შეცდა, მერე კი არკადიუშ მილიკი აკრძალული ილეთით გააჩერა და მოედნიდან მიაბრძანეს.

- თავის გამოჩენის ბრწყინვალე შანსი ჰქონდა "ჰამბურგის" მცველ ლასე ზობიეხსაც, რადგან ჩრდილოგერმანელებს იოჰან ჯურუ დაუშავდათ, მაგრამ ზობიეხი "გლადბახთან" ორჯერ საბედისწეროდ შეცდა და ორივე გოლი მის სინდისზეა. ფაქტია, რომ "ჰამბურგის" თავკაცი ბერტ ვან მარვეიკი მას დიდხანს აღარ ენდობა.

- "ფრაიბურგთან" წაგების (0:3) შემდეგ "ნიურნბერგი" ბუნდესლიგაში უკვე ერთადერთი გუნდია, რომელსაც მოგება ჯერაც არ აქვს.

XI ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით
(4-1-3-2)
Sportall.Ge

XI ტურის გმირი
რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი)

სეზონის წინ რობერტ ლევანდოვსკიმ პირობა დადო, "ბაიერნში" გადასვლა კი მინდა, მაგრამ თუ არ გამიშვებენ, "ბორუსიასთვის" მაინც ასი პროცენტით დავიხარჯებიო. პოლონელი მართლაც არ გაუშვეს და პირობასაც ასრულებს - ყველა მატჩში თავდადებულია, "შტუტგარტთან" კი ჰეთ თრიქიც შეასრულა. ლევანდოვსკის მე-4 გოლის გატანაც ძალიან უნდოდა, მაგრამ ობამეიანგის დარტყმულ ბურთს მხოლოდ კარის ხაზის გადაკვეთის შემდეგღა მიასწრო...

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები
"კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. მარკო როისი დორტმუნდი 11 2.23
2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 10 2.28
3. სიდნი სემი ლევერკუზენი 11 2.40
4. ტონი კროოსი ბაიერნი 11 2.43
5. მაქს კრუზე გლადბახი 11 2.45
6. არიენ რობენი ბაიერნი 9 2.50
7. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 8 2.50
8. ფილიპ ლამი ბაიერნი 11 2.55
9. კევინ ფოლანდი ჰოფენჰაიმი 10 2.55
10. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 11 2.59

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 11 9 5 14
2. მაქს კრუზე გლადბახი 11 7 6 13
3. ალექსანდრუ მაქსიმი შტუტგარტი 9 4 8 12
4. მარკო როისი დორტმუნდი 11 6 5 11
5. სიდნი სემი ლევერკუზენი 11 7 4 11
6. რაფაელ ვან დერ ვაარტი ჰამბურგი 11 6 5 11
7. ფრანკ რიბერი ბაიერნი 10 3 7 10
8. რობერტო ფირმინო ჰოფენჰაიმი 10 7 3 10
9. პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდი 11 7 2 9
10. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 11 6 3 9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. XI ტური: "ლევერკუზენი" აიჭრა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული