მარკო როისი: იტალიის აღარ გვეშინია!

AutoSharing Option
ამ დღეებში საფეხბურთო გერმანიამ კიდევ ერთხელ გაიხსენა 1995 წლის 21 ივნისი. ამ თარიღზე გერმანიაში ხვალ და ზეგაც ისაუბრებენ. რა მოხდა 1995 წლის 21 ივნისს ასეთი განსაკუთრებული?

ეს ის დღეა, როცა გერმანიის ნაკრებმა უკანასკნელად მოუგო იტალიის ნაკრებს. მას მერე გერმანელებს ასეთი ბედნიერება აღარ ღირსებიათ. 15 ნოემბერს ბუნდესგუნდი ამ არასახარბიელო სერიის შეწყვეტას კიდევ ერთხელ შეეცდება, თუმცა გერმანიის ნაკრების ვარსკვლავ მარკო როისს ეს სერია ოდნავადაც არ აღელვებს.

მსოფლიოს 2006 წლისა და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატების ნახევარფინალებში დაფიქსირებულმა შედეგებმა "სკუადრა აძურა" ბუნდესგუნდისთვის კიდევ უფრო
საშიშ მეტოქედ აქცია. გერმანელებს იტალიელებთან თითქოს კომპლექსი გამოუმუშავდათ:

ბუნდესგუნდი "აძურას" განსაკუთრებით ევრო 2012-ზე სჯობდა, მაგრამ მაინც წააგო (1:2), თან ისე, რომ იმ მატჩს კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია.

გერმანიაში ვერ ივიწყებენ ფაბიო გროსოსა და ალესანდრო დელ პიეროს გოლებს 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალში, რითაც იტალიამ სრულიად გერმანიის ოცნება, გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი საკუთარ კედლებში, 119-ე და 120-ე წუთებზე დაასამარა. ვერ ივიწყებენ მარიო ბალოტელისაც, რომელმაც გერმანია ევრო 2012-ის ნახევარფინალში ატირა.

საერთო ჯამში, გერმანია და იტალია ერთმანეთს 31-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან, გერმანელებმა მხოლოდ 7 დუელი მოიგეს, იტალიელებმა კი - 15. ამაზე უარესი შედეგი მოგებული მატჩების რაოდენობის მხრივ გერმანიას მხოლოდ ბრაზილიასთან (19 პროცენტი) აქვს. მიუხედავად ამისა, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები იტალიას საშიშ მეტოქედ მაინც არ მოიხსენიებენ.

"ასეთი ტერმინები არ მიყვარს და არ ვეთანხმები, - ამბობს როისი. - მართალია, გერმანიის ნაკრებს იტალია დიდი ხანია, არ დაუმარცხებია, მაგრამ შიშზე საუბარი, რა თქმა უნდა, სასაცილოა. მაგალითად, პარასკევის მატჩს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალთან არანაირი კავშირი არ აქვს."

ის ფაქტი, რომ გერმანიას შანსი ეძლევა, იტალია 1995 წლის 21 ივნისის შემდეგ პირველად დაამარცხოს, როისის აზრით, მხოლოდ და მხოლოდ გვერდითი მოვლენაა.

"ვარშავაში განცდილი მტკივნეული მარცხი და მარიო ბალოტელის ლეგენდარული სიხარული უკვე თავიდან ამოვიგდე. ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა, არ დამავიწყდება, მაგრამ წარსულია," - აცხადებს როისი, რომელსაც გერმანიის ნაკრებში 17 მატჩი აქვს ჩატარებული (7 გოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედს" მარკო როისის გადაბირება სურს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული