კაცი, რომელიც დაიჩაგრა, ოღონდ არავინ იცის რატომ...

AutoSharing Option
გერმანელი ექსპერტები, მწვრთნელები, ფეხბურთელები, ფანები და ჟურნალისტები დორტმუნდის "ბორუსიას" მეკარე რომან ვაიდენფელერის გერმანიის ნაკრებში გამოძახებას რვა წლის განმავლობაში ითხოვდნენ და როგორც იქნა, რომანი ბუნდესგუნდშია. თუმცა ამით ისტორია არ მთავრდება. მეტიც: შესაძლოა, სწორედ ახლა იწყებოდეს.

რომან ვაიდენფელერისა და გერმანიის ნაკრების დაუმთავრებელი ისტორია 2005 წლის გაზაფხულზე დაიწყო. იმ დროს რომანი დორტმუნდის "ბორუსიას" ძირითადი მეკარე გახდა და რა თქმა უნდა, იმედი მიეცა, რომ გერმანიის ნაკრებშიც გამოიძახებდნენ და ცხადია, დაიწყო იმაზე ოცნება, რომ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე ბუნდესგუნდის განაცხადში მოხვდებოდა.

იოახიმ ლიოვი იმხანად გერმანიის
ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლინსმანის ასისტენტი იყო და ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ვაიდენეფელერი "ვაიდენფელდერად" მოიხსენია, მაგრამ რომანს ამის გამო პანიკა არ აუწევია: "რა პრობლემაა? თუ 2006 წლის მუნდიალზე ვერ მოვხვდი, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მაინც მომეცემა შანსი, რადგან ბუნდესგუდის მეკარეებში თაობათა ცვლის დრო მოდის," - აღნიშნა მაშინ ვაიდენფელერმა "ველტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

კონკურენტი: შტეფან ვესელსი
ამ ისტორიის მომდევნო თავს ე.წ. "2006 წლის გუნდი" გვიამბობს, რომელიც სწორედ 2006-ში, გერმანელებმა დროებით შექმნეს და მას პერსპექტიული ფეხბურთელების გუნდი დაარქვეს. ეს გერმანიის ნაკრების მეორე გუნდი, A ნაკრები გახლდათ, რომელშიც მეორეხარისხოვანი მოთამაშეების გამოცდა გადაწყდა, მაგრამ ვაიდენფელერი ამ გუნდშიც კი არ გამოიძახეს. თურქეთის მეორე ნაკრებთან ამხანაგური მატჩის წინ, 2005 წლის სექტემბერში, ვაიდენფელერმა უკვე ხმა აიმაღლა: "უაღრესად იმედგაცრუებული ვარ, რომ ამ გუნდშიც კი არ გამომიძახეს!" - აყვირდა რომანი.

იმ გუნდის მწვრთნელი ერიხ რიუტემიოლერი გახლდათ, რომელმაც მეკარის პოზიციებისთვის სიმონ იენტცშსა და შტეფან ვესელსს უხმო და თავისი არჩევანი დაიცვა კიდეც: "ვესელსმა ბუნდესლიგის საწყის ტურებში ძალიან კარგად ითამაშა!" - თქვა მან. ამ დროს ვაიდენფელერის მხარე მხოლოდ დორტმუნდელებს ეჭირათ - სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი ამბობდა, დღეისათვის სხვა არც ერთი გერმანელი მეკარე არ ვითარდება ისე, როგორც ვაიდენფელერი და მიმაჩნია, რომ რომანი მაქსიმუმ 2008 წელს მაინც უნდა გახდეს ბუნდესგუნდის პირველი ნომერიო. ცნობისათვის, შტეფან ვესელსი 2008 წელს "ოსნაბრიუკში" თამაშობდა...

რომანი საქართველოსთანაც კი არ გამოიძახეს
გერმანიის ნაკრების ხელმძღვანელების მიმართ კრიტიკამ იმატა, რაც იმხანად უკვე მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა იოახიმ ლიოვმა გულთან ახლოს მიიტანა და 2006 წლის სექტემბერში, საქართველოსა და სლოვაკეთის ნაკრებ გუნდებთან ტესტ-მატჩების წინ განაცხადა, დიდი შანსია, რომ ამ შეხვედრებისთვის ვაიდენფელერიც გამოვიძახოო. ლიოვმა იქვე დასძინა, რომ აუცილებლად უნდა ეკითხა აზრი გერმანიის ნაკრების მეკარეების მწვრთნელ ანდრეას კიოპკესთვისაც - ყველა მეკარეს კიოპკე აკვირდება და მათ თამაშს სწორედ ანდრეასი აანალიზებსო. როგორც ჩანს, კიოპკემ ლიოვს რომანზე კარგი არაფერი უთხრა - ვაიდენფელერი არც საქართველოსთან და სლოვაკეთთან ტესტ-მატჩებისთვის გამოიძახეს.

მომდევნო წლებში ვაიდენფელერის გერმანიის ნაკრებში გამოძახების თემა შედარებით მიწყნარდა. იმახანად, ბუნდესგუნდის პირველი მეკარე ჯერ კიდევ იენს ლემანი გახლდათ, მეორე ნომრად კი კიოპკემ და ლიოვმა რობერტ ენკე დაასახელეს. მერე ლემანი ნაკრებიდან წავიდა, ბუნდესგუნდის პირველი ნომრობის კანდიდატი ენკესთან ერთად, ტიმ ვიზეც გახლდათ, მაგრამ სულ მალე გერმანულ ფეხბურთში უნიჭიერესი გოლკიპერები, მანუელ ნოიერი და რენე ადლერი გამოჩნდნენ.

კიდევ ერთი შანსი ვაიდენფელერს 2009 წლის ზაფხულში უნდა მისცემოდა, როცა ვიზეს და ადლერს გერმანიის თასის ფინალში უნდა ეთამაშათ, ნოიერი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე უნდა წასულიყო, ხოლო ენკეს კი "ჰანოვერთან" ერთად, სავარაუდოდმ რელეგაციაზე თამაში უწევდა. ვინ უნდა გაჰყოლოდა გერმანიის ნაკრებს აზიურ ტურნეში, თუ არა ვაიდენფელერი? მაინც არ გამოიძახეს.

კიოპკე ნიკოლოვს აკვირდებოდა
სიტუაცია არც მომდევნო სეზონში შეიცვალა. რაც მთავარია, რომანი ისე იქცეოდა, როგორც უნდა მოქცეულიყო: ჩუმად იყო, ნაკრების თავკაცს არ აკრიტიკებდა და "დორტმუნდში" სტაბილურად კარგად თამაშობდა. ადრე თუ გვიან, სადღაც 2009/2010 წლების სეზონში ვაიდენფელერი მიხვდა, რომ ეროვნულ გუნდში ლობისტი უნდა ჰყოლოდა - წინააღმდეგ შემთხვევაში შანსი არ მიეცემოდა. ძალიან ბევრი რამ იყო დამოკიდებული მეკარეების მწვრთნელ კიოპკეზე, რომელსაც, როგორც ჩანს, რომანი გულზე არ ეხატებოდა.

როცა რომანი მიხვდა, რომ ის და კიოპკე ვერასდროს დამეგობრდებოდნენ, უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა და მასაც შეუტია: "თუკი სასწავლო წლის დასაწყისშივე ვიცი, რომელი მოსწავლე იქნება წლის ბოლოს საუკეთესო, გამოცდების ჩატარებას რა აზრი აქვს? ალბათ ამიტომაც დადის კიოპკე ოლა ნიკოლოვისა და იორგ ბუტის თამაშებზე!" - კბილებში გამოსცრა ვაიდენფელერმა. კიოპკე მართლაც ვეტერანების, ნიკოლოვისა და ბუტის თამაშზე იყო იმ დროს, როცა პარალელურად ვაიდენფელერის "დორტმუნდი" და ადლერის "ლევერკუზენი" ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ.

"დორტმუნდის" აღმავლობამ ლიოვს სხვა შანსი არ დაუტოვა
დაუსრულებელი ისტორიის მომდევნო თავი უკვე "დორტმუნდის" სენსაციურ აღმავლობას უკავშირდება. საქმე იქამდე მივიდა, რომ ვაიდენფელერის ნაკრებში გამოძახების თემაზე კომენტარი 2012 წელს თვით "ბაიერნის" მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმაც გააკეთა, რომელმაც თქვა: "არც კი ვიცი, კიდევ რა უნდა გააკეთეს მაგ ბიჭმა ისეთი, რომ ნაკრებში გამოიძახონ. ნუთუ საკმარისი არ არის ის, რომ წლების მანძილზე სტაბილურად, მაღალ დონეზე თამაშობს და ზედიზედ ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი?"

ჰაინკესის კომენტარს ლიოვი უპასუხოდ ვერ დატოვებდა, თუმცა მისი პასუხი ზედმეტად სწრაფი და ნაკლებად სენსაციური იყო: "ვაიდენფელერი ჩემი სიიდან არასდროს ამომიშლია. ყველაფერი თავად რომანზეა დამოკიდებული," - აღნიშნა იოგიმ, ოღონდ არ დაუკონკრეტებია, მაინც რა იყო "ბორუსიას" მეკარეზე დამოკიდებული.

ვაიდენფელერის გარშემო დისკუსიამ ხელახლა ცოტა ხნის წინ, ამ სეზონის დაწყების შემდეგ იფეთქა და როგორც ჩანს, ლიოვი მიხვდა, რომ სხვა შანსი აღარ ჰქონდა - იოგიმ თქვა, იტალიასთან და ინგლისთან თამაშებისთვის ვაიდენფელერს გამოვიძახებო.

ჰეფი ენდი?
ახლა რომანი გერმანიის ნაკრებში გამოძახებულია - გუშინ, იტალიასთან არ ათამაშეს და იმედი აქვს, რომ მისი დებიუტი ბუნდესგუნდში ინგლისთან მაინც შედგება. ლიოვი მთელ ამ ისტორიაზე დღეს ასეთ კომენტარს აკეთებს:

"ჩვენ დავინახეთ, რომ რომანი დორტმუნდის "ბორუსიაში" კარგად თამაშობს და ჩემპიონთა ლიგაშიც დიდი გამოცდილება შეიძინა და გვიხარია, რომ ბუნდესგუნდშია," - ასეთ სიტყვებს ხშირად ვერ გაიგებთ ისეთ ფეხბურთელზე, რომლის ნაკრებში გამოძახებას საფეხბურთო გერმანია 2005 წლიდან ითხოვდა.

რომან ვაიდენფელერი ჯერ კიდევ 2005 წელს ამბობდა, ჩემი დრო აუცილებლად მოვაო. ერთი ეგაა, რომ ბევრი დრო აღარ დარჩა - ვაიდენფელერი უკვე 33 წლისაა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რომან ვაიდენფელერის ახდენილი ოცნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული