იტალიასთან ამხანაგურს სამი ხედირა შეეწირა

AutoSharing Option
იტალიასთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, რომელიც იოახიმ ლიოვისთვის ბუნდესმწვრთნელის რანგში მეასე იყო და რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა (შაბათის ნომერში ვწერდით), გერმანიის ნაკრებმა მცირე ბანკეტი მოიწყო - ლიოვმა და მისმა გუნდმა ვახშამზე იტალიური წითელი ღვინით ისიამოვნა, მაგრამ გერმანელებს ხასიათი ამ ვახშამმაც ვერ გამოუკეთა.

სამი ხედირას ძალიან სერიოზულმა ტრავმამ არა მარტო გერმანიის ნაკრები, არამედ მთელი საფეხბურთო გერმანია და ცხადია, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელები და გულშემატკივრებიც დაამწუხრა. ხედირას ოპერაცია შაბათსვე გაუკეთეს, მაგრამ ცხადია, რომ მისთვის ეს სეზონი უკვე დამთავრებულია და ძალიან საეჭვოა, რომ სამიმ მსოფლიოს
ჩემპიონატზე იასპარეზოს, რაც ბუნდესგუნდისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.

26 წლის ხედირა ვეტერან ანდრეა პირლოსთან ორთაბრძოლისას დაშავდა, თუმცა პირლოს ამაში ბრალი არ მიუძღვის. პარასკევს, საღამოს ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ხედირას მარჯვენა მუხლის წინა და შიდა მყესები გაუწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის გამოჯანმრთელებას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება, მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტამდე კი ექვს თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი.

გერმანიის ნაკრების მთავარი ექიმის, ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტის თქმით, არსებობს მცირეოდენი შანსი და იმედი, რომ ხედირა მუნდიალამდე გამოჯანმრთელებას და ფორმაში შესვლას მოასწრებს, მაგრამ ამისათვის პატარა სამედიცინო სასწაულია საჭირო.

"ეს სამისთვის, ჩვენთვის და მადრიდის "რეალისთვის" უდიდესი დარტყმაა. ხედირა არა მარტო მოედანზე, არამედ მოედნის მიღმაც ძალიან საჭირო კაცია. სამი ბუნებით ოპტიმისტია, რაც, შესაძლოა, მას გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარებაშიც დაეხმაროს. იმედს ვიტოვებ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი წაყვანა მოხერხდება," - განაცხადა ლიოვმა.

ლიოვი ლამს, პირველ რიგში, მარჯვენა მცველად ხედავს
აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრებს ახლა საკადრო პრობლემები სწორედ ნახევარდაცვის ცენტრში აქვს, რადგან ბასტიან შვაინშტაიგერი და ილქაი გიუნდოგანიც ტრავმირებულები არიან. მილანში, იტალიასთან, ლიოვმა "ბაიერნის" მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას მიბაძა და ხედირასთან ერთად, საყრდენ ნახევარმცველად ფილიპ ლამი ათამაშა, თუმცა მატჩის წინ განმარტა და მატჩის შემდეგაც გაიმეორა, რომ ლამის ადგილს, პირველ რიგში, მარჯვენა მცველის პოზიციაზე ხედავს, ამ შემთხვევაში კი ფილიპი საყრდენად უბრალოდ გამოვცადე, რადგან მინდოდა გამეგო, როგორ იმუშავებდა "ბაიერნის" ტაქტიკური ვარიანტი გერმანიის ნაკრებშიო.

ამრიგად, მუნდიალზე ლამი საყრდენად შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიხილოთ, თუ ლიოვს სხვა გამოსავალი არ ექნება. იტალიასთან მატჩის შემდეგ კი გაიზარდა იმის შანსი, რომ იოგის სხვა გამოსავალი არ ჰქონდეს.

ჰიოვედესი მარჯვნივ კარგი იყო
იტალიასთან მარჯვენა მცველის პოზიციაზე საკმაოდ კარგად ითამაშა ბენედიქტ ჰიოვედესმა, რომელიც "შალკეში" ცენტრალური მცველია. და საერთოდ, "სკუადრა აძურასთან" გერმანიის ნაკრების ბოლო დროს არაერთგზის გაკრიტიკებულმა დაცვამ საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა.

განსაკუთრებით, ცენტრალური მცველები, მატს ჰუმელსი და ჟერომ ბოატენგი გამოირჩეოდნენ, ეს უკანასკნელი იტალიელთა მთავარ დამრტყმელ ძალას, მარიო ბალოტელის შესანიშნავად მეურვეობდა და ფაქტობრივად, არაფერი გააბედინა. ბოატენგი, ზოგადად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ.

სამაგიეროდ, გერმანიის ნაკრებს წინა ხაზი არ უვარგოდა: აშკარაა, რომ მიროსლავ კლოზეს და მარიო გომესის არყოფნაში, ცენტრფორვარდის პოზიციაზე მარიო გიოტცეს გამწესებამ არ გაამართლა. ეს უკანასკნელი ცენტრალური თავდამსხმელი არცაა, მაგრამ ყველაზე წინ არაერთხელ მდგარა და ლიოვმაც ეს ვარიანტი კიდევ ერთხელ სცადა, მაგრამ საბოლოოდ დარწმუნდებოდა, რომ ამ ვარიანტს მომავალი არ აქვს.

ინგლისთან ნოიერის, ლამის და იოზილის გარეშე
რაკი კლოზე და გომესი ტრავმირებულები არიან, 19 ნოემბერს, ინგლისთან ამხანაგურ შეხვედრაში ცენტრფორვარდის პოზიციაზე თავისი შესაძლებლობების დამტკიცების შანსი "გლადბახის" "ათიანს", მაქს კრუზეს მიეცემა. უკვე ცნობილია, რომ "უემბლიზე" ბუნდესგუნდის ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ მარკო როისს და მარსელ შმელცერსაც. ბრუნდება გამოჯანმრთელებული პერ მერტეზაკერიც.

სამაგიეროდ, ლიოვმა ნაკრებიდან მესუთ იოზილი, ფილიპ ლამი და მანუელ ნოიერი გაათავისუფლა. იოზილს ისედაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და იტალიასთან თამაშში მხოლოდ მეორე ტაიმში ჩაერთო. ლამს მომავალ უქმეებზე "ბაიერნთან" ერთად დორტმუნდის "ბორუსიასთან" უმნიშვნელოვანესი თამაში ელის, ნოიერის გათავისუფლება კი იმაზე მიუთითებს, რომ ლიოვს ინგლისთან რომან ვაიდენფელერისთვის შანსის მიცემა უნდა.

"ინგლისთან მატჩში ჩვენ, ფაქტობრივად, ექსპერიმენტირების ბოლო შანსი მოგვეცემა, რადგან ახალი წლიდან ამის დრო აღარ იქნება. ლამი, ნოიერი და იოზილი ძირითადი შემადგენლობის მყარი წევრები არიან, ინგლისთან კი სხვა ფეხბურთელების გამოცდა მინდა,"
- აღნიშნა ლიოვმა, რითაც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ვაიდენფელერის დებიუტი ბუნდესგუნდში სწორედ ინგლისთან შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამი ხედირას სასწაული სჭირდება, რომ მუნდიალზე ითამაშოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული