მიუნხენის "ბაიერნი": ხოსეპ გვარდიოლას ეს ბიჭი მოსწონს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" მოსკოვისკენ გეზი 26 ნოემბერს, დილის 9 საათზე აიღო და 27 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ცსკა-ს სტუმარი იქნება.

ბავარიელებმა რუსეთში 27 წლის ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი ვერ წაიყვანეს - ამ უკანასკნელს "დორტმუნდთან" დუელის შემდეგ მცირე ტრავმა აწუხებს და ექიმებმა მიუნხენში დარჩენა ურჩიეს.

მის ნაცვლად, რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მოსკოვში 18 წლის იულიან გრინი იახლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიჭიერი თავდამსხმელი პეპის "ბაიერნის" ძირითად განაცხადში პირველად მოხვდა.

ვინ არის იულიან გრინი? გერმანელ-ამერიკელი აშშ-ში, კერძოდ, ფლორიდაში დაიბადა და "ბაიერნის"
მეორე გუნდში, რეიონალლიგაში თამაშობს, სადაც 18 შეხვედრაში უკვე 15 გოლის გატანა მოასწრო. 18 წლის გრინს ბავარიელებმა ახალი კონტრაქტი ცოტა ხნის წინ, ნოემბრის დასაწყისში გაუფორმეს - ხელშეკრულებას ვადა 2017 წლამდე აქვს.

გრინმა გვარდიოლას თავი ჯერ კიდევ ზაფხულში, ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში მოაწონა, ტესტ-მატჩებში გოლები გაჰქონდა და ლოგიკურია, რომ ახლა ძირითადი გუნდის განაცხადშია. დიდი შანსია, რომ პეპმა ცსკა-სთან გრინი ათამაშოს კიდეც. შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაში არ გაამწესოს, მაგრამ, სავარაუდოდ, შეცვლაზე მაინც შეიყვანს.

პეპს ამის უფლება ნამდვილად აქვს, რადგან "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასულია და ექსპერიმენტირება ნამდვილად გამართლებული იქნება.

თუმცა "ბაიერნს" პირველი ადგილი ჯერაც არ გაუნაღდებია, პრეზიდენტი ული ჰიონესი კი გვარდიოლას და მის გუნდს სწორედ ამას მოუწოდებს.

"კარგია, რომ მერვედფინალის საგზური უკვე გავინაღდეთ, მაგრამ ახლა პირველი ადგილის განაღდებაა საჭირო. ჯგუფიდან აუცილებლად პირველადგილოსნის რანგში უნდა გავიდეთ, რადგან მერვედფინალში პირველადგილოსნები მეორეადგილოსნებს ხვდებიან," - აცხადებს ჰიონესი.

გრინთან ერთად, გვარდიოლამ მოსკოვში 18 წლის პიერ-ემილ ჰოიბერგი და 19 წლის მიტჩელ ვაიზერიც წაიყვანა - ფეხბურთელები, რომლებიც ასევე კარგად ახსოვს ზაფხულის მოსამზადებელი პერიოდიდან. შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩთან ერთად, რეკორდმაისტერს ტრავმების გამო ფრანკ რიბერი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ჯერდან შაჩირი, კლაუდიო პისარო, დიეგო კონტენტო და ჰოლგერ ბადშტუბერი აკლია.

იოლი გასეირნებები წლის ბოლომდე
ზოგადად, "ბაიერნს" წლის ბოლომდე მხოლოდ იოლი მატჩები დარჩა ჩასატარებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ გვარდიოლას შეუძლია, თამამად მიმართოს როტაციას, გამოსცადოს სათადარიგო ფეხბურთელები, ახალი ტაქტიკური სქემები და დაკავდეს ექსპერიმენტებით.

თუ არ ჩავთვლით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს, რომელიც 17-დან 21 დეკემბრამდე გაიმართება, რეკორდმაისტერს მძაფრი დუელები აღარ უწევს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში განაღდებული რომ აქვს, ამაზე უკვე ვთქვით. ბუნდესლიგაში რეკორდმაისტერის მომდევნო მეტოქეები "ბრაუნშვაიგი" (მე-18 ადგილი), "ვერდერი" (12) და "ჰამბურგი" (11) არიან, გერმანიის თასზე კი მიუნხენურ გრანდს "აუგსბურგთან" თამაში ელის.

"მიუხედავად ამისა, წლის ბოლომდე მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, რადგან მარტივ მატჩებში ასეთ დროს შეცდომების დაშვების ალბათობა იზრდება. შეცდომების დაშვების უფლება კი ჯერ ნამდვილად არ გვაქვს,"
- ამბობს "ბაიერნის" მცველი დანტე.

რიბერი: რონალდოზე უკეთესი ვარ!
ამასობაში, რეკორდმაისტერის ფრანგი ლიდერი ფრანკ რიბერი თითქმის დარწმუნებულია, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი "ოქროს ბურთი" სწორედ მას შეხვდება.

"ყველაფერი გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. შეცდომები არ დამიშვია, ტიტულებიც მოვიგე. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ "ოქროს ბურთს" ვიმსახურებ,"
- აცხადებს 30 წლის რიბერი ფრანგული "ლე მონდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს რიბერიმ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი.

საყოველთაო აზრით, რიბერის მთავარი კონკურენტი კრიშტიანო რონალდოა, რომელსაც ფრანგი ფეხბურთელი ძალიანაც აქებს, მაგრამ მიაჩნია, რომ წელს პორტუგალიელ სუპერვარსკვლავზე უკეთესი იყო:

"გასაგებია, რომ რონალდოს ძალიან ბევრი გოლი გააქვს, მაგრამ გოლები ჩემს ანგარიშზეც საკმარისია. მესმის, რომ მას ჩემზე მეტი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ჩვენ თამაშის სტილით ერთმანეთისგან საკმაოდ განვსხვავდებით,"
- ამბობს რიბერი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ოთხი წელია, "ოქროს ბურთს" ლიონელ მესი იგებს. 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი კი 2014 წლის 13 იანვარს გამოვლინდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. XIII ტურის შეჯამება და სიმბოლური: "ბაიერნში" ერთი ჩამშვებია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული